Thursday, August 26, 2010

....

ისევ წვიმს და წერა მომინდა... ხომ არის სულიერი აშლილობის ფორმები, სავსე მთვარის დროს რომ იჩენს ხოლმე თავს? მე წვიმაში მემართება, სულ წერა მინდება :)
როგორც იქნა, ისევ ხეები ჩანს ჩემი ფანჯრების წინ, გაფოთლილი, გალუმპული ხეები, წვიმით დამძიმებული ფოთლები, წვიმის სუნი ტრიალებს ოთახში.
იმდენი რამ მოხდა ამ ხნის მანძილზე, ვერასოდეს მოვუყრი თავს, ერთად რომ გადმოვცე. ძალიან ბევრი და ძალიან საინტერესო ამბები მახვევია თავს, ახალი და საინტერესო :))
კიდევ უფრო საინტერესო, გული მიგრძნობს, მალე იქნება.
ისევ მრავალწერტილებით ვწერ და ისევ გაურკვევლად ვლაპარაკობ, ისევ არ ვიცი რა მინდა და არც ის ვიცი რას გავაკეთებ, არც ის, რეალურად რა ხდება... ერთადერთი, ჩემი დამოკიდებულება შეიცვალა და გახდა „დაე“.
გარეთ კი ისევ წვიმს და სულ იწვიმებს...

Monday, July 12, 2010

ისე დავისიცხე, ისევ წერა მომინდა დღეს...
რა თქმა უნდა, ჩამოვედი და რა თქმა უნდა, შესაბამისად მოვწყდი ინტერნეტ-სამყაროს. ახლა არათემატურია ეს ჩემი ბლოგი, უაზრობა გამოდის, დამთავრდა ბუდაპეშტური ცხოვრება, სადღაც, სხვა განზომილებაში დარჩა და ამ ბლოგზე თბილისური 'სთორი'-ს დაწერას რა აზრი აქვს? ბლოგს თუ სახელი გადავარქვი, ასეც არ გამოვა, მაინც ბუდაპეშტურია მთელი ეს ამბავი და ისტორია და მაინც ბუდაპეშტის სახელი უნდა ერქვას. ახალი ბლოგის გახსნა კიდევ უფრო დიდი სისულელე, ალბათ, ისევ წერას შევეშვები და მხოლოდ ნოსტალგიის მოძალების ჟამს მოვჯღაბნი ხოლმე რამეს.
ახლაც ამიტომ ვწერ, საზიზღარ ხასიათზე ვარ სიცხისა და ღამისთევისა და საშინელი ტრანსპორტისა და კიდევ რამდენიმე მიზეზის გამო, მეძინა მთელი დღე. ახლა ერთადერთი იმაზე ფიქრიღა შემიძლია, რომ ერთ კვირაში ზღვაზე წავალ. ერთი სული მაქვს, იმედია წელს მაინც არაფერი შემიშლის ხელს.
ხოდა ასე, მოვიფიქრებ რამეს, თუ არც მოვიფიქრებ და ეს ერთი წელი ხომ იყო კარგი თავშესაქცევი ეს ბლოგი :))

Tuesday, June 22, 2010

უშუქნიშნებო ქალაქი ანუ როგორ უყვარდებათ პრაღა


ვერავინ დამარწმუნებს, რომ ეს ქალაქი რომელიმე ობიექტურ განოზმილებაში არსებობს და არა ზღაპარში, ჩვენს წარმოსახვაში, სხვა განზომილებაში. ჩავჯექი ღამით ავტობუსში, დავხუჭე თვალები და მერე რამდენიმე დღე ამ კოშკებისა და ხიდების ქალაქში ვცხოვრობდი, ყველაფრისგან შორს, სხვა ჟანგბადით გაჟღენთილ გარემოში. რაღაცნაირი მომნუსხველია, გაჯადოებს. მეორე მსოფლიო ომის დროს პრაღა დაბობმბვას გადარჩა, არ განადგურებულა ქალაქი. ძალიან ლამაზი იყო და იმიტომო, მე მგონია, ომის მხარეებიც მოაჯადოვა პრაღამ და იმიტომ, თორემ სილამაზის და ესთეტიკის აღქმა რომ არ ქონია არცერთ მხარეს, განადგურებული ევროპა მოწმობს.

Wednesday, June 16, 2010

უფ

დღეს ყველაფერი მაღიზიანებს, აგერ ჩემი მეზობლის ანგელოზივით ბავშვი რო ჭყიპინებს აივანზე დილიდან ეგეც, ფეისბუქზე ვიღაცა 32 ადამიანს ერთად რომ იმატებს ეგეც, გარეთ რომ წვიმს, რაღაცეებს რომ ველოდები, გეგმებს რომ ვერ ვაწყობ და კიდევ ათასი რაღაც. ყველაფერი რა, საბოლოო ჯამში, ყველაფერი. ის ფილმი რომაა „თქვენთვის წერილია“, მეგ რაიანის გმირი რომ ავადმყოფობს და მოულოდნელი სტუმრის მიღებისათვის ცხვირსახოცებს რომ ლაბადის ჯიბეებში ტენის, სწორედ ასე გამოიყურება ჩემი ოთახი, სურდო თუ ჯანდაბა მჭირს და ვარ ასე :) მერე ტანსაცმელების ჯიბეებიდან უნდა ამოვალაგო ეს ცხვირსახოცები, თორე ზედმეტი ბარგი გამომივა აეროპორტში :)))დღეს უამრავი გეგმა მქონდა და ამ წვიმამ შემიშალა ხელი, ახლა, რადგან სადღაც გადასაკარგავში და სამ ქალაქში ერთად ვერ მივდივარ, აგერ, ქუჩის კუთხეში, ბანკში ჩასვლაც მეზარება. ასეა რა, დავგეგმავ ხოლმე ევერესტის დაპყრობას და...
სხვა რა, მაგისტრი რო ვარ კი გაიგებდით მაგ ამბავს. უაზროდ ვარ რა, ხინკლის ჭამის პონტია, ისევ ისეთი ბითური და უაზრობით გადაქანცული ვარ :))

Tuesday, June 1, 2010

ისევ წვიმს, აი, გაწყალდა გულიო - გამოთქმა რომაა, ისეა ზუსტად, გავწყალდით, გულიც გაგვიწყალდა და ფილტვებიც. ეს გაზაფხულიც გავიდა და ეს წელიც მიილია, მერე, ოდესმე შემაჯამებელი პოსტი უნდა დავწერო ერთი, რა ვთქვი და რა ვერ ვთქვი, რა გავაკეთე და რა ვერ გავაკეთე, რა მოხდა და რა არ მოხდა ამ ხნის მანძილზე.
ახლა კი წვიმს, თანაც, აგრილდა ისევ..
უაზრობისგან ვკვდები. მრუმე და მდორეა ყველაფერი. გაწელილი კადრივით მიდის ცხოვრება.
მეძინება და არც მეძინება, არც დაძნებას აქვს აზრი და არც გამღვიძებას, არც ლოდინს და არც ქმედებას, ბოლო მაინც ერთია, უაზრო, უემოციო ბოლო...

Friday, May 28, 2010

ფუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუ

Monday, May 24, 2010

ქუჩაშიო..

ალავერდზე უარს ხომ არ ვეტყოდი ბატონ დავითს, ხოდა მომიწია მეფიქრა როგორ შეიძლება ამომიცნოთ ქუჩაში. ნუ, პოსტი იმთავითვე უიმედოა, რადგანაც აგერ, ამ ბლოგის მარჯვენა ზედა კუთხეში განალგებულ სურათს თუ ხედავთ და ამით ვერ მიცანით, ეჭვი მეპარება აღწერილობა დაგეხმაროთ რამეში.
მაშ ასე:
1. ივნისის ბოლომდე საქართველოს ქალაქებში ტყუილად ნუ მიმამსგავსებთ ვინმეს
1.1 იმავე ივნისის ბოლომდე ბუდაპეშტსა და მიმდებარე სახელმწიფოებში მოვიძებნები, მაგრამ არავის ხილვა არ მსურს დიდად :)))
2. კარგად რომ ჩავუფიქრდე, ფრიად იშვიათად მნახავთ თბილისში ქუჩაში, მაგრამ მაინც, პირველი და ყველაზე სტაბილური შემთხვევაა ყოველ დილით, დარსა და ავდარში, ზამთარსა და ზაფხულში,წვიმასა და თოვლში 6:30-დან 7:30-მდე პეკინი-პავლოვის კუთხეში გაჩერებაზე ჩემი ხილვა (აქ საეჭვო ასოციაციები ვისაც გაგიჩნდებათ, სირცხვილი თქვენ!!!) დიიიდი სპორტული ჩანთით. ისე, ეს პუნქტი ალბათ უადგილოა, მეეჭვება მეეზოვეები კითხულობდნენ ჩემს ბლოგს.
3. 'ლაგუნა ვერე'-ზე. ვცურავ უქუდოდ, კილომეტრს ნახევარ საათში, ძირითადად ბრასს, ხანდახან ზურგზე, ბოლო დროს ვვარჯიშობ და ვცდილობ ვისწავლო თავისუფალი კოლხური, თუ ცოტა დრო მრჩება შეიძლება ფიცრითაც ვიცურო, თუ მაინცდამაინც აქ მიცანით ვინმემ ტყუილად არც იფიქროთ ახლოს მოსვლა, ყურებში დამცავი საცობი და სათვალე მიკეთია, თან, როგორც უკვე აღვნიშნე, ნორმატივებს ვასრულებ ქალი და არ მცალია სალაპარაკოდ :)))
4. აი, გამახსენდა სად დავდივარ ფეხით, ელბაქიძის აღმართზე ანუ 'ლაგუნა-ვერე'-დან იუსტიციამდე, დილის 09:30- 10:00 შუალედში (იმედია სამსახურის დაწყების საათი კიდევ არ შეუცვლიათ), აქ შეგიძლიათ ამომიცნოთ სველი თმით და სახეზე კმაყოფილი გამომეტყველებით, უჩვეულოდ ფხიზელი და ენერგიული დღე-ღამის ამ მონაკვეთთან შედარებით. ამ შემთხვევაშიც ყურთსასმენები მიკეთია და რამეს ვუსმენ, მაგრამ ისეთ კარგ ხასიათზე ვარ ცურვის შემდეგ, რომ თამამად შეგიძლიათ მელაპარაკოთ.
5. გრიბოედოვის 19 ნომერთან თუ დამიდარაჯდებით ერთხელ მაინც გამოვალ მოპირდაპირე სარდაფ-მაღაზიაში რამის საყიდლად.
6. 15 ნომერ მარშუტკაში (ყოფ. 215) :)))) ვაჩერებ პეკინზე (წესით პეკინის ბოლოს, მაგრამ ისეთი სიხშირით დადის, რომ სეირნობა-სეირნობით შეიძლება 'აჭარა'-მდე ჩამოვიდე) და მივყვები წრეზე :)))
ხო არ გაუუქმებიათ ეს, ე???
7. სამუშაო დღის ბოლოს ნებისმიერ კაფეში, ოღონდ არ ვიცი რას ვუკვეთავ და არ ვიცი როგორ ვიქცევი.
8. ამინდისა და თავისუფალი დროის შესაბამისად, ნებისმიერ ადგილას შემიძლია წავიდე ფეხით, ასე რომ არც სადმე გზატკეცილზე ჩემი პოვნაა გამორიცხული.
რაღაცა მეუინტერესოვა ახლა ეს ყველაფერი, აი, რომ ჩამოვალ თბილისში, კარგად დავაკვირდები ერთი სად დავდივარ და რას ვაკეთებ!
ვიქცევი უზნეოდ და არ ვთაგავ არავის. არავისაც არ ვიცნობ ბლოგ სივრცეში და იმიტომ :)))

Friday, May 21, 2010

მაქვს ორი ახალი წიგნი, უდიდესი ცდუნება და თეზისის დაწერის ვალდებულება, ყავაც მაქვს. დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი ორივე წიგნს ახლა, ამ წამსვე, თან დავიძინებდი, აი, ისე დავიძნებდი, შიგადაშიგ რომ იღვიძებ, კითხულობ, მერე ჩაგთვლემს და კარგად რომ ვერც არჩევ რაც წაიკითხე ის გესიზმრა, თუ რაც გესიზმრება იმას კითხულობ, აქ ცხოვრობ თუ იქ, სადღაც იქ. რამდენი ხანია ასეთი დღეები აღარ მქონია. მგონი, რაც სკოლა დავამთავრე, ანუ მას მერე რაც ავად ყოფნა ლოგინში წოლას მხოლოდ მაშინ ნიშნავს, თუ სიცხისგან გათიშული ხარ და თვალებს პირდაპირი მნიშვნელობით ვერ ახელ. სკოლის დროს კარგი იყო ავად გახდომა, იწექი შენთვის, კითხულობდი და ქვეყანა არ იქცეოდა ამით, გაკვეთილების მერე კლასელები მოდიოდნენ სანახავად (სავალდებულო მერვე გაკვეთილია ეგა, კლასელი რო ავადაა, უნდა ნახო!), რასაც ვითხოვდი - მისრულებდნენ, მაგრამ არა, მაინც ის შეგრძნება მენატრება უფრო, რომ წევხარ და კითხულობ და სიამოვნებას იღებ კითხვისგან და არა ინფორმაციას. მელანქოლიაა ეს, ბავშვობის ტკბილად მოგონება რომ დავიწყე? თუ რა ჯანდაბა მჭირს?

Thursday, May 20, 2010

Barn Burning..


ქარიშხალი და წყალდიდობა გადავიარეთ, უკვე ცრის მხოლოდ. სალომე გავაცილე დღეს. არ მიყვარს ეს გაცილება, ასეთ ამინდში გაცილება საერთოდ ბოლოს მიღებს :(( რა მნიშვნელობა აქვს თითქოს და სალომეც რა, ერთ თვეში მეც იქ ვიქნები და ვნახავ, მაგრამ რაღაცა თვითონ პროცესი...
გუშინ როგორც იქნა წერას შევუდექი, 26-ში ყველაფერი დამთავრდება 'ვითა სიზმარი ღამისა' და თითქოს არც ყოფილა შენი ბუდაპეშტი. რა დარჩება ამ ქალაქში და რა წავა თბილისში??? არ ვიცი, არ მიფიქრია დიდი ხანია. ახლა მივიხედე უკან და გაოგნებული დავრჩი, თითქმის მთელი წელი გავიდა, სად წავიდა? რა მოხდა? რა არ მოხდა?
ასეთ ამინდში სულ ეს მოთხრობა მახსენდება 'ალმოდებული ფარდულები გამთენიისას' - ასე ითარგმნა ქართულად. ისედაც ხშირად მახსენდება, მაგრამ ასეთ ამინდში, ცასა და მიწას შორის ზღვარს რომ ვერ გაარჩევ, დღე და ღამე რომ მიჯნას კარგავს, ამომიტივტივდება ხოლმე ფარდულების ალი, ვგიჟდები, ყველა განცდაა ამ მოთხრობაში, ყველაფერი ერთად და ცალ-ცალკე, ყველა ფიქრი, რაც კი ოდესმე გამიფიქრია, თვალწინ მიცოცხლდება, ყველა გრძნობას ახლიდან განვიცდი უწინდელი სიმძაფრით, ყველა სევდა ერთად მახსენებს თავს და მგონია წვიმასავით გამჭირვალე ვხდები, ჩუმი, უჩინარი, გამჭირვალე..

Tuesday, May 11, 2010

ღამით ყოველთვის უნდა წვიმდეს...

ისევ წვიმს... სულ კი არ წვიმს, უბრალოდ მე ამოვიჩემე ამ ბოლო დროს და მხოლოდ მაშინ ვწერ, როცა წვიმს. ბნელა ჩემს ოთახში, ჩემმა ყვავილებმა ყურები ჩამოყარეს, ერთი მგონი უიმედოდ ჭკნება, ფანჯრის რაფაზე კი წვიმს. ზაფხულის წვიმა მიყვარს და ამ წვიმის ხმაში ძილი, ამოჩემებული მაქვს ესეც ბავშვობიდან. სოფელში მიყვარდა ხოლმე, ისე რომ გაწვიმდებოდა, არაფერი რომ არ ჩანს ირგვლივ, თბილ პლედში გახვეული ვჯდებოდი ხოლმე აივანზე, სარწეველა სკამში და არასოდეს არ მბეზრდებოდა წვიმის ყურება. კიდევ, ძველი სათავგადასავლო წიგნების სუნი აქვს ამ წვიმას, დაულეველი უსაქმო დღეები, უტელეფონო, უკომპიუტერო, უკალენდარო ცხოვრებისა და ძველი წიგნების ფურცლების სუნი...რომ გაწვიმდება საწოლში მივძვრები, თავზე საბანს ვიფარებ და ბავშვობა მახსენდება, ტკბილად მეძინება, ლამაზ სიზმრებს ვხედავ...

Thursday, May 6, 2010

ისე გადაიღო და მოიწმინდა, გეგონება მე ვასხამდი ფანჯრიდან წყალს, გადავირიე, ასეთი არაფერი მინახავს. მიყვარს გაზაფხულის წვიმა და განსაკუთრებით ამ ხმაში ძილი მიყვარს, სახურავზე რომ წვეთების ხმას გრძნობ, დიიიდი საბანი რომ გახურავს და თან გაზაფხული რომაა გარეთ, ყვავილების და ბალახების სუნი რომ მოაქვს წვიმას. მაგიდაზე გვირილები მიწყვი ლარნაკში, ვზივარ ფინჯანი მწარე ყავით და ვუსმენ წვიმის ხმას, თითქმის სრული ბედნიერებაა :)

Monday, April 26, 2010

უდროობაში...

შუაღამეს გადაცდა, კარგა ხანია.. კომპიუტერთან ვზივარ ახლაც. დილიდან ასე ვარ, მგონი. თავს ვაჩვენებ, თითქოს თემას ვწერ. სინამდვილეში აზრის ნატამალი არ მიჭაჭანებს თავში, უფრო სწორად, შესაფერისი აზრის ნატამალი. ყველას ძინავს. ასე მგონია, მთელ სამყაროს ძინავს და სუუუულ მარტო ვარ ქვეყნიერებაზე. სკაიპს შევხედე იმედის თვალით, სამიოდე კონტაქტი ციმციმებს მწვანედ. საოცარია, ორ მათგანთან ჯერ კიდევ გუშინაა, ერთთან უკვე ხვალ გათენებულა. მე კი აქ, დროისა და სივრცის მიჯნაზე ვარ მარტო, არაფრის შაუგულში, უდროოდ, დაძნებულ სამყაროში და 'ქრიან ფარდები უსიტყვობაში'....

Friday, April 23, 2010

ისე მეძინება, ისე, ისე, რომ ვერ ვიძინებ :)) მაგარი შეგრძნებაა. რაღაცა სამყაროდან ამოვარდნილი მგონია საკუთარი თავი, ორი დღეა, თუ სულაც ერთი კომპიუტერთან არ მიკონტაქტია! მეზიზღება! მძულს! დამოკიდებული ვარ და ვერ ვცვლი ამას :( აი, ასე, რა საშინელებაააა. დღეს რომ ჩავრთე შუადღისას, რაღაცა მგონია რომ ნახვარი ცხოვრება გამოვტოვე. რა უბედურებაა, რა არის. არადა, ხომ არ ვიყავი ასე :( ხოდა ვწუწუნებ და სასწრაფო თერაპია უნდა ჩავტარო მოგზაურობის სახით!
ყველაფერი დაგეგმილია, წინ დიიიდი ამბები მელის ;)

Monday, April 19, 2010

ესეც გაივლის...

ყველა ადამიანი იმსახურებს სიმართლეს? არ ვიცი, უფრო სწორედ ის არ ვიცი, ჩემგან თუ სიმართლე ვერ დაიმსახურა, ის ადამიანი რას ნიშნავს უკვე ჩემთვის. რთულია, არადა სულ მგონია, რომ სხვისი დამსახურებების მიხედვით არ უნდა ცვლიდე ადამიანი შენი გულწრფელობის ხარისხს..ჩემთვის უნდა ვიყო გულწრფელი და არა ვიღცისთვის და არა იმიტომ რომ ვიღაც გაიგებს ან ვერ გაიგებს რამეს. აი ამაზე ვფიქრობ უკვე რამდენიმე ხანია. ხანდახან მგონია რომ არ ღირს, მერე ვხვდები რომ ეს „არ ღირს“ ანგრევს ურთიერთობებს, მერე ვფიქრობ რომ სიმართლეც ზუსტად ანალოგიურად დაანგრევდა, დაანგრევდა კი არა, დაანგრია და ახლა, ვიტყვით თუ არა რამეს, რა მნიშვნელობა აქვს? ხოდა ვარ საკუთარ თავთან კამათში! :))) მაგარია :)))
ბევრი თუ ვიფიქრე ამ თემაზე, მერე ცუდ ხასიათზე ვდგები, ისე, ძირითადად უკვე „ჩვეულებრივი“ გახდა ის, რომ არ ვლაპარაკობ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით ჩემს დამოკიდებულებაზე. აი, რამდენიმე დღეა ვხლართავ უკვე ჩემს ფიქრებს და გავიხლართე საბოლოოდ, მაგრამ ეგ არაფერი...

Saturday, April 17, 2010

carry on..

უცნაური ამბები ხდება სამყაროში, უცნაურად დაუჯერებელი ან დაუჯერებლად უცნაური. გაზაფხული თითქოსდა მოვიდა, ისეთი არა, თბილისური და გიჟური, მშვიდი და ნელი გაზაფხული მოვიდა. მორჩა სწავლა-განათლება, თემაღა დამრჩა დასაწერი,ადვილად კი ვამბობ, მაგრამ ამაზეც მომიწევს კარგად წუწუნი. დანარჩენი მზიანია თითქოს, დავალაგე გეგმები, თითქოს ყველაფერი რიგზეა. ბოლომდე ასე იქნება, იმედია.

Thursday, April 15, 2010

წვიმს..


ადრეც წვიმდა ასე, გადაუღებლად, გუბეებიანად წვიმდა, მერე, ნაწვიმარზე გადავწყვიტე, რომ ცხოვრება ჩვეულებრივი კომპიუტერული თამაშია სადაც სხვადასხვა დავალებები უნდა შეასრულო, სხვადასხვა დონეზე რომ გადახვიდე. მეც ვასრულებდი. ლოგიკურ თამაშს ვთამაშობდი, უკვე რომ ყველა დავალების შესრულების პაწაწკინტელა საიდუმლო იცი, 'კომპიუტერს' რომ უგებ, ჭკუაში რომ ატყუებ. მარტივი ლოგიკაა და ერთხელ თუ აუღე ალღო მთელი თამში უინტერესოზე უინტერესო ხდება..
ახლა ისევ წვიმს და მგონი თამაში გამომიცვალეს, აღარ მიყვება სტანდარტულ ლოგიკას, აღარ მხვდება პატარა გასაღებები საიდუმლო სამალავებში, ხალიჩის ქვეშ..
ეს თამაშიც ვითამაშო?

Monday, April 12, 2010

გარეთ ისევ წვიმს და ჯერ ადრეა..

მთელი ღამე წვიმდა, ახლაც წვიმს, თითქოს არც გათენებულა ისე წვიმს, ორი დღეა ასეთ ამინდია, სინათლე და წვიმა, გუშინ ვფიქრობდი, ჩემნაირი და ჩემი ამინდიათქო, რას არ მოვიფიქრებ...
ოთახში ორნი ვართ, მე და პოლიტეკონომიის საგამოცდო საკითხები :( დაჟნებულ მზერას ვგრძნობ ზურგსუკან, ვცდილობ არ შევიმჩნიო, ორი დღეა გავურბივარ, მაგრამ ხვალ უკვე უნდა ჩავაბარო და მომიწევს მისთვის თვალის გასწორება. იმედია ეს იქნება ჩემო პოლიტეკონომიასთან ურთიერთობის უაპელაციოდ უკანასკნელი გამოცდილება. ისე არ მიყვარს და ისე მამწარებს, ხანდახან ვფიქრობ, ეკონომიკურზეც ხომ არ ჩამებარებინა ერთი ბარემ და ხო არ მეძია მასზე შურითქო. რას არ მოვიფიქრებ...
ძაააალიან ცოტა დრო რჩება უკვე, იმდენად ცოტა, რომ სული მეხუთება, არადა ნეტა იქაც რა მინდა? რა მეჩქარება?
მთელი დღეა წვიმს, ჩემი ხასიათივით ამინდია...

Friday, April 9, 2010


ერთ-ერთ ჰოლივუდურ მელოდრამაში ვითარდება ასეთი სიუჟეტი, მთავარი გმირების სასიყვარულო ისტორიის ცრემლიან-ტკივილიან-ვნებიანი პერიპეტიების ფონზე, მთავარი გმირი ქალის მეგობარი და მასთან ერთად მობინადრე, ოდნავ უცნაური გოგონა ჩნდება მუდმივად. არ ვიცი ეს მეორეხარისხოვანი, თითქოს უფერული გმირი ისედაც უცნაურია, თუ, როგორც იტყვიან, „ცხოვრებამ მოიტანა“, მაგრამ მისი გაჭირვება, უბედურება და უცნაურობა იმაში გამოიხატება, რომ დანევროზებულია და ამ ნევროზის წყაროცა და გამოვლინებაც ერთი უწყინარი ჩიტია. ეს ჩიტუნია ამ გოგოს ფანჯარასთან ჭიკჭიკ-ჟჭურტულებს მუდამ, რაც ამ საწყალი პერსონაჟის უძილობას და უკიდურეს სულიერ აშლილობას იწვევს, გოგო ყველაფრისთვის მზადაა, ოღნდ ეს არამზადა და არდამაძნებელი ფრინველი მოიშოროს თავიდან. ესაა ძირითადი არსი, მერე კი იყიდის სანადირო თოფს და კაცს და ჩიტს ერთად მოინადირებს და ბაც, ჯადოსნურ კოცნასთან ერთად ჩიტიც შეუყვარდება, მაგრამ ეს მერე ხდება და ამ ეტაპზე მე არ მაინტერესებს, მე ჩიტებით უფრო დავინტერესდი ამ ბოლო დროს. გავიგე ბატონო, რომ გაზაფხული მოვიდა და აჟღურტულდნენ ეს პატარა სიხარულები, აგერ, ჩემი ფანჯრის წინ და ოდნავ ზევით. ზუსტ ადგილსამყოფელს ვერ ვადგენ, სავარაუდოდ სახლის სახურავზე სხედამ მუდმივად. არიან მრავლობითში და ჟღურტულებენ ხმაშეწყობით და მონოტონურად, ოღონდაც რაც თავიდან ცოტა უცნაური და ახლა ცოტა გამაღიზიანებელია ის არის, რომ ჟღურტულ-ჭიკჭიკებენ მუდმივად, ოღონდ ეს მუდმივად მართლა მუდმივადაა, 24 საათის განმავლობაში. წესით ჩიტები ხო იძნებენ? მე ვიცი რომ იძინებენ და ძილში ვერ ჭიკჭიკებენ, ესენი ან არ იძნებენ ან მე რომ ორი მგონია, ოთხნი არიან და მორიგეობით სძინავთ, არ ვიცი. თავიდან გაზაფხულივით შევხაროდი ამათ, პირველად შებინდებულზე მომესმა მათი ხმა და ცოტა კი გამიკვირდა, მაგრამ მესიამოვნა, დილის 6 საათზეც მსიამოვნებს რომ მესმის, მერე რა, რომ მეღვიძება, მაინც მსიამოვნებს, მაგრამ ახლა უკვე მაფიქრებს მათი ამბავი. ასე მუდმივად და ასე ერთნაირად რა ნახეს??? თუ ჩიები არიან, როგორ არ მობეზრდათ და თუ რადიოა, ხო უნდა დაუჯდეს ელემენტები, არა?
ხოდა ასე, ის, ზემოთხსენებული გოგო მახსენდება სულ და ის ფილმიც ვერ გავიხსენე, რომ ვუყურო და ჩიტებზე ნადირობის რამდენიმე ხერხი გავიხსენო, მარტო სანადირო თოფის ეპიზოდი მახსოვს და ასეთი გულქვაც ვერ ვარ (თან, იმას ფანჯრის წინ ყავდა და მე სად ვისროლო ჭერში თოფი).
ხოდა ასეა.
ერთი დაზუსტება, ნამვილად ვიცი რომ ობიექტურად ჭიკჭიკებენ ეს ჩიტები და არა ისე, ზოგიერთმა რომ შემომაპარა, იქნება ტვინშიო.. :)))))))))))

Thursday, April 8, 2010

მე დავიღალე!

ოღნდაც ახლა ღმერთი არ გაგიწყრეთ და რითიო არ იკითხოთ, საერთოდ დავიღალე, უბრალოდ დავიღალე, ასეც ხდება!
ახლა სიამოვნებით დავიძნებდი, დავიძნებ კიდეც, მაგრამ ხვალ ისევ ამ დაღლილობაში გამეღვიძება, ვიცი. გაფრინდნენ ძილში გამოყოლილი თუ სიზმრიდან აკვიატებული ღიმილები, ყველა ერთად გაფრინდა და გარეთ მზედ აჩახცახდა, გაზაფხულად იფეთქა. მე კიდე აი, ასე, ერთსა და იმავე პოზაში ვიზვარ და გამუდმებით დაღლილი ვარ.
ვიქნები დაღლილი, შენ დაიძინე, კარგი?

Wednesday, April 7, 2010

მწვანე ორბიტი


რა უცნაურია, მაგიდაზე მწვანე ორბიტის ნახევრად სავსე შეკვრა დევს, აი, შიგნიდან ფოლგის ქაღალდში რომაა გახვეული და ზემოდან მწვანეა, ისეთი. რამდენიმე დღის წინ „ბარემ“ ვიყიდე მარკეტში. რომელიც ხელში მომხვდა ის ავიღე. ორბიტს არ ვღეჭავ, და ასეთი შეკვრის საღეჭ რეზინებს არ ვყიდულობ არასოდეს. ამიტომაცაა, ჩემი საწერი მაგიდის ქაოსში ჩაკარგული ეს სიმწვანე მაფიქრებს მთელი დღეა. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს რაღაც მირღვევს 13 კვ. მეტრის მყუდროებას. ხან მგონია, რომ ვიღაც კიდევაა ჩემს გარდა ოთახში, ხანაც მგონია სახლში კი არა, სტუმრად ვარ. მიუხედავად ამ სრული ქაოსისა, ყველა ნივთი ნაცნობი და ჩემია და ზუსტადაც იქ და ისე უადგილოდ უნდა იდოს, როგორც დევს, აი, ეს მწვანე ორბიტი კი...ასეა, ყველაფერში ასეა, ყველაფერს ან ვეჩვევი, ან ვერ ვეჩვევი და ნაჭუჭში ვემალები ეკლებით ვიგერიებ. ამიტომაა ყველაფერი... არა, ერთფეროვანიათქო ვერ ვიტყვი, მაგრამ სულ ჩემია, სულ შიგნითაა, სულ შეჩვეულია, შინაგანი „მე“-სთვის არაა ახალი იმიტომ რო ყველაფერი ახალი და ყველაფერი განსხვავებული ამ მწვანე ორბიტივითაა...

Tuesday, April 6, 2010

პიროვნებები ჩემს ცხოვრებაში


ზოგიერთი ხომ მთელ თავის ცხოვრებას პიროვნებების ძიებაში ატარებს, აი, მე მიმართლებს!!! ჩემს ცხოვრებაში ყველა პიროვნებაა, თან ისეთი, მძიმე და კოჭსაგორებელი პიროვნება, შეშინებულმა რომ უნდა უყურო, გადაბრუნებული რომ ვერ უნდა უთხრა, სუნთქვაშეკრულმა რომ უნდა ისუნთქო. ყველა, უახლოესი მეგობრები, პირადი, წრე და აი, მე ისეთი ბედი მაქვს, ტექნიკაც პიროვნებად ჩამოყალიბებული მხვდება :(( გადავირიე, აღარ შემიძლია! ჩემს მობილურს აქვს რამდენიმე კონტაქტზე პროტესტის დაუძლეველი გრძნობა და მათ მესიჯებს და ზარებს კი ღებულობს, მაგრამ აბა, სცადე და მესიჯის გაგზავნა მოინდომე. არაო! თავს იგიჟებს არაო, ან მე ან ისო, თვალით ვეღარ მნახავო და აეეე, იძულებული ვარ ვუღიმო და ტკბილი სიტყვით. ელექტრო ჩაიდანი! თვითონ წყვეტს რომ ადუღდება უნდა გამოირთოს ავტომატურად თუ იანგლოს და იმდენხან იდუღოს სანამ არ დაშრება. ლიფტი (ძველი ლიფტებია აქ, შიგნიდან ორი კარი რომ უნდა დახურო, ისეთი) ხოდა ხომ შევალ, დავხურავ ამ კარს, დავაჭერ ღილაკს თითს, დაიძვრება და სადღაც მეორე და მესამე სართულებს შორის ჩერდება, უნდა უჩხიკინო მერე შვიდი საათი, თან, ვიკითხე, ამ ჩემს მეზობელს არ ემართება თურმე ასე :(( ახლა კომპიუტერი! აქ ლოგიკაც არ მოქმედებს, აი, მობილური თუ კონკრეტულ ადამიანებს უცხადებს პროტესტს, ამას რა უნდა არ ვიცი, თვითონ წყვეტს როდის უნდა გამოირთოს, როდის უნდა შევიდეს ინტერნეტში, როდის უნდა გახსნას დოკუმენტი, როდის არ უნდა დაბეჭდოს. აბსოლუტურად ჩამოყალიბებული და ამოუხსნელი პიროვნებაა. დღეს სკაიპი მიემატა ამ ჩემს ძვირფას პიროვნებათა მოჭრბებულ რიცხვს. ნებისმიერ ადამიანთან ვრეკავ, ვლაპარაკობ, ნუ გრკვეული შეფერხებებით, მაგრამ მაინც, დედაჩემიც ასე, ვიღაცეებს ელაპარაკება თავისუფლად და აი, საკმარისია დამირეკოს, რომ ეს მწვანე და უსაყვარლესი სკაიპი ჯერ ყვითლდება, მერე წითლდება და ზუსტად ათ წამში თიშავს ზარს. როგორ ხართქო რომ ვკითხავ, მეორე ზარს ველოდები რომ მეც კარგათთქო ვუპასუხო :((( არა, ყველაზე ცუდი რაცაა, ამ სულიერ პიროვნებებთან ურთიერთობას შეჩვეული ვარ კიდე, ბოლო-ბოლო ადგები და დაელაპარაკები და ამათ ლაპარაკიც რომ არ ესმით?
ერთადერთი კარგი სიახლე ტექნიკური თვალსაზრისით ის არის, რომ ჩემს მეზობლეს ბიოდენები კი არ აწუხებს, ორიენტაცია აქვს დაკარგული უბრალოდ და გავლა-გამოვლაზე კაბელს თიშავს თურმე, იმიტომაა ეს ჩემი ინტერნეტ-მომარაგება მისი მოძრაობის პირდაპირპროპორციული :)
ახლა ბოლოსიტყვა: ჩემო ძვირფასო პიროვნებებო (მოძრავნო თუ უძრავნო)იქნებ, თუ თქვენს სიმძიმეს ვერ შეელევით, სტაბილურად მძიმე მაინც გახდეთ და გამოვთვლი მერე, კენტ დღეებში რომლებს გეკონტაქტოთ.

Thursday, April 1, 2010


საჩუქრები პატარა ბავშვივით მიყვარს. არა, ვის არ უყვარს, ალბათ ყველას, მაგრამ მე მგონია, რომ მაინც რაღაცა უაზროდ ძალიან მიყვარს. აი, რაღაცას რომ მაჩუქებენ ხომ იქვე უნდა გავხსნა და ვნახო რა არის, სახლამდე და მჩუქებელის წასვლამდე რა მომათმენინებს, თანაც თუ მართლაც კარგი საჩუქარია, ხომ უნდა დაინახოს იმ ადამიანმა, რომ გამეხარდა. აი, ემოციას კიდე ისე გამოვხატავ, რომ შეიძლება შეწუხდეს ადამიანი.
საჩუქარში, რა თქმა უნდა, პირველ ყოვლისა ყურადღებას ვანიჭებ მნიშვნელობას, იმას რომ ვიღაცას გავახსენდი, იფიქრა, იზრუნა. მერე ვგიჟდები თუ არასტანდარტული საჩუქარია, რაღაც, რაც გამოხატავს, რომ ადამიანმა ვალი კი არ მოიხადა, თავისი განწყობა გამოხატა. კიდვ მიყვარს, ასე ვთქვათ, არასტანდარტული საჩუქრები ანუ მაინცდამაინც დაბადების დღის სტუმარი რომ არ მოიტანს, ისეთი.
ასეთი საჩუქრები და ამ საჩუქრებით მიღებული ემოციები არასოდეს მავიწყდება, მართლა არასოდეს.
ამდენი იმიტმ ვილაპარაკე, რომ საოცარი საჩუქარი მივიღე დღეს. მართლა გადავირიე, ძალიან ლამაზია, ორიგინალურია, აი რაღაცა ისეთია, მე რომ მიყვარს, სხვას რომ არ აქვა, დატვირთვა რომ აქვს, არ ვიცი, კიდევ რა სიტყვა ვიხმარო.
აი, მართლა ძალიან დიდი მადლობა :)))))))))))))))))))))))))))))

Wednesday, March 31, 2010

არ ვაპირებდი დაწერას. რამდენი ხანია უკვე, თითქოს აღარ მომწონს აქ წერა. ან ისტორიები გამომელია (უფ, ვის ჯერა!), არ ვიცი.
ახლა შუაღამეა, ვზივარ და კოდალასავით ვუკაკუნებ ამ კლავიატურას, ყველა სიტყვა დავწერე უკვე რაც ვიცოდი, აღარ ვიცი რაზე ვწერო დავალებები, რა პოზიციბეი დავაფიქსირო ფორუმებზე, რა ფორმა მივცე ათას იდეას.
უბრალოდ, წვიმის სურნელი ტრიალებს ჰაერში, ჯერ არ წვიმს, მხოლოდ სუნი დგას წვიმის და ისეთი სასიამოვნო გაზაფხულის ღამეა, რომ რაღაცის დაწერა მომინდა.
უხ, მენატრება თბილისი.. აი, უკვე ძალიან მენატრება

Sunday, March 28, 2010


ამ ჩემს მეზობელს ბიოდენები აქვს :(
აღარ შემიძლია, ჩემი ინტერნეტ-კავშირი დამოკიდებულია ამის სიარულსა და გაზმორებაზე :( რა დავაშავე, ყველა მისი ნაბიჯი ვიცი უკვე, აი, ადგა - ამიტომ არ მივიდა ეს მინაწერი სკაიპში, ახლა დაჯდა - ამიტომ გაიგზავნა შეტყობინება, ახლა კარი გააღო და შესაბამისად, საერთოდ გადაიხაზა ცისფრად მოციმციმე ეკრანები, ახლა სახლიდან წავიდა და ვაშააა, საღამომდე ინტერნეტი შეუერხებლად მექნებააა!!! ხოდა დავიტანჯე.
სხვამხრივ, რა უშავს, მშვენიერი შეშინებული ახალგაზრდაა.
ორი დღის წინ მოვდივარ სახლში და შუქი არაა ჩემს სადარბაზოში. ეს ცალკე ღადაობა რომ შუაგულ ევროპაში მაინცდამაინც ამ ერთ შენობაში ჩაქრა შუქი, მაგრამ ეგ არაფერი. ამოვედი მოკლედ სახლში და სიბნელეში ორი ცალი თვალი ხამხამებს. ზის ასე, ბუსავით და შუქი არ გვაქვსო, მომახარა. შევატყვე-მეთქი! რა გვეშველება, მთელს ევროპასო. მეთქი, აბა, ახლა დამშვიდდი, რა ევროპა, გარშემო ყველგან შუქია, მოვა აქაც! რა ვქნათო. შენი ჭირიმე, ორი ცალი სანთელი რომ გაქვს ოთახში გამოიტანე, ავანთოთ და ეგაამეთქი. სანთელი რად გვინდაო. ვაიმეეე, მოვატანინე, როგორც იქნა, ავუნთე ეს სანთლები და უჭირავს ხელში ჩირაღდანივით და დამყვება სადაც წავალ. რას დამყვები-მეთქი, რა ვქნაო, რა ქნა და დადგი ერთი გასასვლელში, ერთიც აბაზანაში და განათდება ცოტა. აღფრთოვანდა ეგრევე, ეგ რა კარგი მოიფიქრეო! ვფიქრობ ჩემთვის, გულში, მოვიფიქრე რა, გამოცდილება მაქვს და პრაქტიკაში ვარ ნავარჯიშებითქო, მაგრამ არ ვუთხარი არაფერი. კაი, დაჯდა თავის ოთახში და შიგადაშიგ მეხმიანება, რა ვიცი, ეშინოდა შეიძლება, რას გაიგებ. ხოდა ცოტა ხანში მომადგა, ინტერნეტით მესიჯებს ვერ ვაგზავნიო. რას გააგზავნი, დენის წყარო სჭირდება იმ ინტერნეტსაც. ავუხსენი და დამშვიდდა, მანამდე დივერსია ეგონა! კი მოვიდა ჩემს ბედზე ეს შუქი ძალიან მალე, მაგრამ ისე გულით შემეცოდა მტელი ევროპა სანთლის დანიშნულება მარტო რომანტიკის შექმნა რომ ჰგონიათ და სახლის განათების სტრატეგიული წერტილების მოძებნა რომ არ იციან, რომ აი, რა გითხრათ!
მე რომ მეცოდება ესენი ერთია, მაგრამ ამათ როგორ ვეცოდები არ ვიცი. ჩემს დაბადების დღეზე თონის პურები ხომ მომიტანეს და სანტლებიც ხომ ჩავარჭეთ და ასე რატომ ხდებაო და საქართველოში სად გვაქვს ტორტის საშუალებათქო, ვიხუმრე. ის კი დამავიწყდა ჩემს ხუმრობას კანონმორჩილი გერმანელები კი არა, ჭკუამხიარული ქართველები რომ ვერ იგებენ ზოგჯერ ჯეროვნად და ასე რომ, გამაგრდით ქართველებო, მგონი არ მოგვაკლებენ ჰუმანიტარულ დახმარებას...
ახლა იმედია ამის დაპოსტვამდე არ გაინძრევა იგი საკუთარი სკამიდან და წარმატებით გაგაცნობთ ამ ერთ პოსტსაც! :))

Friday, March 26, 2010

მათემატიკა???


წინ მიდევს განტოლება. განტოლება თუ უტოლობა??? არ ვიცი რამდენუცნობიანია, უბრალოდ განტოლებაა და ვერ ვარჩევ ფიგურებს. ვერცერთ უცნობს ვერ ვოულობ, ყველა ხელიდან მისხლტება, ან ყველა ნაპოვნი და თვის ადგილას დალაგებულია და ეს განტოლება-უტოლობაც ასე გამოიყურეა სწორედ, შეიძლება.ხანდახან სპორტული ინტერესი მიჩნდება რომ აუცილებლად ამოვხსნა, თუნდაც ჯიბრზე და ჯინაზე ამოვხსნა, მეორე წამს კი უკანმოუხედავად მინდა გადახაზვა, წაშლა, დახევა, არ მინდა ბატონო განტოლებები, ძალაა?
დღეს მეჩვენება რომ ტაბულასა და ცხრილებს მვოარგე ჩემი განტოლება, ხვალ შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ისევ დამეკარგა რომელიმე ამოხსნილი და სხვათა ამოსაცნობი მოცემულობა :(
ლალალალალალა
მაგარ ხასიათზე ვარ :)
გადასარევი ამინდი, სემესტრის ბოლო, მშვენიერი გეგმები და მალე სახლში ვიქნები (12 კვირასა და ცოტა მეტში ).
ხოდა ასე :)
კიდევ ბევრი სასაცილო ისტორია, ბევრზე ბევრი, გავიხსენებ და მოგიყვებით ერთ წყნარ საღამოს, ისტორიების გახსენების საღამო რომ დადგება..

Wednesday, March 24, 2010

ქონებრივი დეკლარაცია


პირველივე დღიდან არ აგვეწყო ურთიერთობა, თავიდანვე ვერ გავუგეთ ერთმანეთს :((
ვისაც ჯერ არ გწვევიათ საგადასახადოსთან ურთიერთობის ბედნიერება, ჩემი რჩევა იქნება, ნუ იჩქარებთ :)
მაგრამ ვინ გაცლის! საჯარო მოხელე ვარ და ვალდებული ვარ ჩემო შემოსავლის დეკლარირება გავაკეთო ყოველ წელს. აგერ უკვე მესამე წელია ვცდილობ დავირწმუნო თავი, რომ ძალიან კეთილშობილური საქმიანობაა და საჯარო მოხელის პირნათელი დამოკიდებულება და ბლა, ბლა, ბლა. აი, ამ ფურცლების კრებულს ხელში როგორც კი ვიღებ, მაშინვე მზად ვარ უარი ვთქვა ყველაფერზე, კარიერიდან დაწყებული, პატიოსნებით დამთავრებული, მაგრამ ნუ...
ჯერ ერთი რომ რა წერია ვერ ვიგებ, მერე ვერ ვიგებ მე რა უნდა დავწერო და ამ ყველაფერს თუ გავიგებ, ვერ ვიგებ რა აზრი აქვს ამ ყველაფერს :(((
აი, მაგალითად, გრაფა სადაც ოჯახის წევრების საკუთრებაშ არსებული მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება უნდა მიუთითო. არ ვიცი, არც არასოდეს მცოდნია, არც მეცოდინება, იმიტომ რომ იმ მიწის ნაკვეთზე ცხოვრობდა ყველა ჩემი წინაპარი და მაშინ მოიპოვეს, ჯერ საბაზრო ღირებულება კი არა, ყოდვა-გაყიდვაც რომ არ არსებობდა, გადმოინადირეს ალბათ რამე და დასახლდნენ იქ. მას მერე ასე, გვაქ ახლა ის სოფელი და რა ვქნა, არც არავის მოსვლია აზრად მისი გაყიდვა და შეფასება, ძალიანაც რომ მოვინდომოთ, ვინ იყიდის, რომელი კურორტი ზესტაფონის რაიონის რიგითი სოფელია. ჩემს რომელიმე დაქალს თუ შევაბამ და ტკბილი ყრმობის მოსაგონრად თუ იყიდის ამ მიწას, მაგრამ მანამდე მილიონერი უნდა გახდეს და იმდენი ფული იშოვნოს, ვერ დათვალოს. ხოდა ადრეა ჯერ, ბატონო, ამ მიწის ნაკვეთის შეფასება და არადა, არ ითმენს საგადასახადო. არ ჩაწერ და კაცმა არ იცის რამდენიმე წლის შემდეგ რა თანამდებობაზე იქნები და სულ დასტა-დასტა მოიტანენ ამ დეკლარაციებს და ათას ამბავს მოყვებიან, რატომ არ მაქვს მითითებული თანხა, ან არასწორად რატომ მივუთითე :((
ხოდა ასე ვიტანჯები, მერე შემოსავალი (ოჯახის წევრებისაც). არ უნდა იქნება კაცო ამ ჩემს ოჯახის წევრს თავისი შემოსავალი გამიმხილოს, ძალაა? არის! თავზე გადგას ეს საგადასახადო!
არა, ყველაზე ძალიან რითაც ვიტანჯები, ბებიაჩემის პენსიის თვლა და საოჯახო ტექნიკის ფასის დადგენაა, აი, მოწამეობრივი საქმიანობა რა არის :(
არადა, ახლა მეც კარგი გიჟი თუ არ ვარ, ხომ შეიძლება პასუხისმგებლობის გარეშე მოვეკიდო ამ საკითხს???
ახლა ახალი პრობლემა ამოვჩიჩქნე: როგორ შევავსო აქედან ეს ჯანდაბა დეკლარაცია! არსებობს რამდენიმე არალეგალური გზა და კიდევ გამოსავალი, რომ თუ მაინცდამაინც ვინმეს გაახსენდა, გადავიხადო ის 200 ლარი ჯარიმა, მაგრამ მე მინდა ვიცოდე სამართლებრივი გზა!!! აი, ასე!
ვარ ახლა გახლართული ამ კანონებ-ონლაინ ბაზა-მეგობრების რჩევებს შორის და კიდევ ერთხელ მეშლება ნერვები ამ მოუწესრიგებელ სისტემაზე!!!!
დედა, რამდენი ვილაპარაკეეეე!
არადა, რო შეავსებ, მერე რა უსუსური და უნიათო ფურცლებია, გაგიჟება შეიძლება :)
გადასარევად მეძინა, აი ასე!
ავდექი, მივაფურთხე ყველაფერს და დავიძნე. გაზაფხულის საღამოს ძილი მესიამოვნა :)
ასეა, გაზაფხულია და შეგაწყეთ ახლა თავს, გაზაფხულის დილას გაღვიძება კარგია, საღამოს ძილი - სასიამოვნო, სუნთქვა - სასარგებლო და რა ვიცი, ათას რამეს მოვიგონებ კიდე :)
კვირა და რამდენიმე დღეღა დარჩა ამ ოხერი სემესტრის დამთავრებამდე და მერე ამოვისუნთქავ ცოტა. დილაობით უკვე მაგ შთაგონებით თუ სატყუარათი ვდგები „ერთი კვირაც, ან, ერთიც და “ :)
არ ვიცი რაზე მინდოდა დამეწერა, ისაო, ესაო, ეკონომიკის თეორიებიო, სამოქალაქო საზოგადოების აქტივობაო, კონსტიტუციაო, რა ვიცი კიდე რა. მეუაზროება ყველაფერი.
რაღაც ამოვიჩემე ახლა, აღარ მინდა აქთქო, მენატრებათქო, ესათქო, ისათქო. არა, მენატრება, აი, ძალიან, მაგრამ რაღცა გაზაფხული აქაც მომწონს, ახლა ცოტა თავისუფალი დროც რომ გამომიჩნდება შეიძლება საერთოდაც შეიცვალოს ყველაფერი :)
ხოდა ველოდები ცვლილებებს და კიდევ რაღაცეებს :)))
გავიხსენებ ამ დღეებში რამე სასაცილო ამბავს და მოგიყვებით თორე, მივიღე უკვე ულევი რაოდენობის საყვედური წერის მანერასთან დაკავშირებით :)

Sunday, March 21, 2010

„სიზმრებისათვის მიყვარდა ძილი“

ჭილაძის სამყაროში მომენატრა დაბრუნება, დიიიდ ზეწარზე ამოქარგული ჭრელა-ჭრულა ცხოვრება მინდა. იმდენი რამ მენატრება, ვეღარც ავუდივარ სიზმრებს. ამ დილით სიზმრის დაუჯერებლობამ გამომაღვიძა და რარიგ დამწყდა გული... მაგრად დავხუჭე თვალები, ვცადე კიდევ ერთი წამი, ერთი სიტყვა გამომეწოვა სიზმრიდან. არ გამოვიდა..
ასეა მუდამ, სიზმრების დევნა უშედეგოდ მთავრდება მხოლოდ...
ადრე ვიცოდი ასეთ სიზმრებს რომ არ უნდა გამოვედევნო, უბრალოდ რომ უნდა მესიზმროს, ახლა ისევ სიზმრებს დავსდევ..
ადრე დავიძნებ ამაღამ, მაგრად დავხუჭავ თვალებს და დაუჯერებელ სიზმარს დაველოდები :)

Saturday, March 20, 2010

ძალიან სასაცილოა, როგორ უეცრად იმსხვრევა ქვიშის კოშკები, როგორ ელვის სისწრაფით ვიცვლი ხოლმე ერთი შეხედვით მყარ და წყლაგაუვალ გადაწყვეტილებას, როგორ ყვლეაფერი სულერთია ხანდახან, როგორ, როგორ, როგორ...
ასე სულერთია ხანდახან ყველაფერი, მერე, მეორე დღეს ან კიდევ ღმერთმა უწყის რამდენი ხნის მერე ისევ მინდა კეთილგონიერი ვიყო, ისევ თავიდან იწყება მერე ყველაფერი.
როგორ მინდა ის ხანდახან არ ხდებოდეს ან ასე სულერთი მაინც არ იყოს...
ოოო, დავიღალე...
მეძინება...
ისევ მეძნება..

Friday, March 19, 2010

„რა მოხდა, თუკი ვეღარ შევხვდებით“..

დღესაც გაზაფხული იყო, დათბა საოცრად და სიცოცხლის ხალისი მომემატა.
საღამოს ისევ მელანქოლია, იცის ხოლმე, გაზაფხულის თბილ საღამოებს მელანქოლიური სიო მოაქვთ თან, მოგონებების მელანქოლიური სიო..
მეც ვზივარ და ვიგონებ.
ხანდახან თავი უკაცრიელ კუნძულზე მგონია გარიყული, ყველაფრის გახსენების და შემდეგ მრავალმნიშვნელოვნად გაღიმების გარდა რომ აღარაფერი დაგრჩენია, მეც ვზივარ, ვიხსენებ და ვიღიმი.
ეს დღეს ვარ ასეთ ხასიათზე, დარწმუნებული ვარ ხვალ ისევ მზე ამავსებს თავისი ენერგიებით, ისევ უაზროდ კარგ ხასაითზე ვიქნები, ისევ ყველაფერი ბირწყინებს და ილაღებს გარშემო.
ზუსტადაც ასეა, რა მოხდა მერე თუკი ვეღარ შევხვდებით...
:)

Thursday, March 18, 2010

გაზაფხულის დარია...

მაგარი ამინდი იყო, თბილოდა, გაზაფხული მოდიოდა, ჩიტები ჭიკჭიკებდნენ, უძილობისგან გაბრუებული და ბედნიერი ვიყავი :))) უხ, რა დღე იყოო :)
რაღაცა მიხარია, უაზროდ და აცეტებულად :)
„საუკუნეა უკვე არ მძინავს“, დავიძნებ ახლა.
გაზაფხულის დარია და იქნებ, კარგი სიზმრებიც ვნახო...

Tuesday, March 16, 2010

მეშინია..

ამ ბოლო დროს თავს ვამჩნევ რომ ცოტა შურიანი გავხდი...
მშურს იმ ადამიანების, ვისაც მოვლენების მშვიდად და აუღელვებლად ყურება და შემდეგ შეფასება შეუძლიათ, ვისაც შეუძლია ერთი საათით აღშფოთდეს და მერე ისევ მხიარული გახდეს, ვისაც შეუძლია არ იფიქროს იმ თემებზე, რომელზე ფიქრიც არ უნდა ან ვნებს ან არ ეხება ან არ ვიცი..მოკლედ, მშურს ნეტარი ადამიანების :(((
ემოციურიც და ზე-ემოციურიც რომ ვარ, დიდი ხანია ვიცი, უბრალოდ ამ ბოლო დროს ვხედავ როგორი 'უკეთესი' პოზაა ის, მეორე და ალბათ მინდა ის და არ გამომდის და ვარ ასე, დისჰარმონიაში :(
კოდევ ეს ბევრი ფიქრი არ მომწონს, რაც მჩვევია. რა სჯობს ცოტა ფიქრს, მოკლე ფიქრს, არც არაფერი...არა, მაინც ასე მუდმივად ჩახვეული ფიქრები მჭამენ...
კიდევ ის არ მომწონს, რომ რაღაცის დანაკლისს ვგრძნობ მუდმივად, აი, სულ მუდამ და ვერ ვავსებ :((
კიდევ ის არ მომწონს, რომ ხანდახან თავი არანორმალური მგონია (ხანდახან - ეს თქვენ მოგატყუეთ, მე სულ ასე მგონია ;)
ხანდახან როგორ მძულხართ ყველანიიიი... ესეც არ მომწონს...
დაღლილი ვარ, შინაგანად დავცარიელდი, მოვეშვი, დავიღალე.
მეძინება

Sunday, March 14, 2010

იმედ-გაცრუება


რამდენი ხანია ვცდილობ აქ, ამ სივრცეშ მაინც ავიცილო თავიდან პოლიტიკა, გარკვეულწილად რეალობაც, რაღაც გამოგონილი, ლამაზი სამყარო შევქმენი თითქოს და ათას სისულელეს ვყვები, ხანდახან სევდიანიც კი ვარ, მაგრამ მაინც რეალობას მოწყვეტილი.
დღეს ვერ ვჩერდები, იმიტომ რომ დავიღალე სოციალურ ქსელში ფეთიანივით კომენტარების თვალის დევნებით, ვეღარ აუვედი ყველა აზრზე პასუხის გაცემას. გადავწყვიტე დავწერო.
უკვე ბევრმა ჩემმა მეგობარმა დაწერა ამის შესახებ, მეც ვეცდები ვიყო კორექტული და მთელი ბოღმა და ბრაზი არ გადმოვანთხიო.
აღვშფოთდი ტელეკომპანია 'იმედის' საქციელსა და ამ საქციელის ქვეტექსტზე. მაგრამ ახლა ქვეტექსტებს მოვეშვები და საქციელზე გავამახვილებ ყურადღებას. სადღაც მივაწერე და ვიმეორებ, რომ ყველა ნორმა, რომელზეც კი ფიქრი შემიძლია, დარღვეულია. გამიჩნდა დაუძლეველი პროტესტის გრძნობა, ძალიან მომინდა დამეწერა სარჩელი და რაღაცით მაინც დამეცვა ჩემი უფლება, უფლება იმისა, რომ არ ვიყო დეზინფორმირებული, არ მომაყენონ ფსიქოლოგიური ტრავმა, არ ვიცხოვრო მუდმივი შიშის ქვეშ.
თავიდან მხოლოდ 'იმედზე' გავბრაზდი, საზოგადოებაზე აღშფოთება 'მეორე სერია'-მ გამოიწვია:
სამწუხარდო, ჩვენ ვერ ვაცნობიერებთ, რომ ტრავმირებული საზოგადოება ვართ, ყველა გაგებით, ყველა ასპექტით, თუნდაც მხოლოდ თითოეული იმ მოვლენით ცალ-ცალკე, რისმა განცდამაც მოგვიწია. ასეთ საზოგადოებას სხვა თამაშის წესები აქვს, ასეთი საზოგადოება სხვანაირად ცხოვრობს. ჩვენი ტკივილის გარდა, ჩვენ იმ ხალხის ტკივილს ვერ თუ არ ვხედავთ, ვინც ომის საშინელება საკუთარ თავზე გადაიტანა, ვინც ყველა ჭიაკოკონობაზე საკუთარი სახლის ფერფლს ხედავს აბრდღვიალებულ ალში, შუშხუნების ხმაზე ჭურვები უფეთქდება თვალწინ...სანამ ამ ტკივილებს არ დავინახავთ, მანამდე დავრჩებით შეუმდგარ ერად, შეუმდგარ საზოგადოებად, შეუმდგარ ხალხად...სამწუხაროდ...ასე ვერ ვხედავთ ერთმანეთის სულს, ადამიანობაზე თუ ვისაუბრებთ, ხოლო არ ვიცავთ ერთმანეთის უფლებებს, თუ მაინცდამაინც ახლადდამკვიდრებულ რელიგიაზე და 'სამოქალაქო საზოგადოებაზე' გნებავთ სჯა-ბაასი. თავმოყვარე ადამიანი ამ საღამოს განვითარებულ მოვლენებს არ მოითმენდა, შეურაცხყოფილად იგრძნობდა თავს, პროტესტის გამოხატვის სურვილი გაუჩნდებოდა, მაგრამ ეს ის საზოგადოებაა, სადაც სრულიად უდანაშაულო ახალგაზრდა ბიჭის სიკვდილი სანამ აღგვაშფოთებს, პოლიტიკურ ელიტას ვუსმენთ გულმოდგინედ, სადაც რუსეთის აგენტების თემა ამოუწურავია, სადაც რელიგია და პატრიარქის გაღმერთება მოდური, ხოლო მისი გმობა - ულტრათანამედროვე ტენდენციაა, სადაც პრეტენზია აქვთ ცხოვრების პოლიტიზირებულობაზე და თავად მოსაუბრის ჯერ პოლიტიკური პლატფორმით ინტერესდებიან და შემდეგ აზრებით, სადაც შეიძლება გაიგონო, რომ ეს სიუჟეტი კარგი ან ცუდი ხუმრობა იყო ან საკნებში მყოფი ადამიანები 'სუნიანები' არიან, სადაც შრომისგან დაკოჟრილი ხელები გოიმობაა და ფეისბუქზე საოცარი იდეების ფრქვევა - პროგრესულობა.
დინების საწინააღმდეგოდ ცურვა აპრიორი გმირობა, თანამედროვე და პროგრესული აზროვნება არ არის, ძვირფასებო, გონება იმიტომ მოგვანიჭა ღმერთმა და განგებამ ან იმ ძალამ რომელსაც თქვენ აღიარებთ, რომ კეთილი ბოროტისაგან განვასხვავოთ და დინებასაც კარგად დავაკვირდეთ,იქნებ მისი მიმართულებით იმიტომ ცურავს უმრავლესობა, რომ ეს მარტივი ჭეშმარიტებაა...
ამას თუ ვინმე კითხულობთ, მაპატიეთ აღელვებისთვის (ეს რა არის, კიდევ კარგი მაშინვე არ დავწერე რასაც ვფიქრობდი), ცოტა არ იყოს და დიდაქტიკური ტონისთვის და საერთოდ, კრიტიკისთვის, იქნებ მართლებიც ხართ და თქვენ თუ სიუჟეტი არ გინახავთ ან იცოდით რომ ინსცენირებული იყო, მაშინ არც უნდა შეიწუხოთ თავი...

Friday, March 12, 2010

მახინჯი მჭადები :)


ნუ, რა მონდომებული გოგო ვარ, პირდაპირ, გადაირევი :)))
ავდექი და მჭადები დავაცხვე და მართალია კარგი მახინჯი შესახედავები იყვნენ (უკვე აღარ არიან), მაგრამ მშვენივრად გემრიელი გამოვიდა. ძალიან ადვილი ყოფილა :))))) ხოდა ასე, დღეიდან მჭადის გამოცხობაც ვიცი. ახლა ორ საკითხზე მაქვს სამუშაო: დავხვეწო მჭადის ფორმა და მჭადის გაოცხობის დროს ვიხსნა სახლი გაბუღვისაგან :გავწითლდისმაილიკი: რაიც, დარწმუნებული ვარ წარმატებით გამომივა შემდეგ ცდაზე.
რომ დავაცხე ეს მჭადები, ჩავდე შიგნით სულგუნი (რომელიც უფრო მარილიანი რომ ყოფილიყო კიდევ უკეთესი იქნებოდა) და დავუძახე ამ ჩემს მეზობელს, ისეთი რამე უნდა გაჭამო, პირველად რომ გავაკეთე, მაგრამ შენ რომ ნაჭამი არ გექნება და ვერც გაიგებ ვერასდროსთქო. უნდა აღინიშნოს, რომ ყველა თავისი თვისტომისაგან განსხვავებით კარგად მოიქცა და მთელი ერთი მჭადი აიღო ადამიანურად და შეჭამა. რა იციან ამ დანარჩენებმა, თავაზობ რაღაცას, ჯერ შეგეკითხებიან დეტალურად რა არის და როგორ კეთდება (აი, საქართველოში ყველს რომ ყიდულობს კარგი დიასახლისი და ამომყვანის რძალთან ურთიერთობის დეტალებიც რომ აინტერესებს, დაახლოებით ისე), მერე ასჯერ გკითხავენ მართლა გინდა თუ არა რომ უწილადო, მერე რომელი შეიძლება აიღოს, მერე რამხელა შეიძლება აიღოს, მერე იმ რამხელასაც გაჭრის ოთხ ნაწილად და ყველაზე პატარა ნაწილს იღებს და უიმეეეეეეე, გადაირევი. ხოდა ამან აიღო მთელი მჭადი და გადასარევად მიირთვა, ოღონდ ბოლოს მაინც იყივლა გენებმა და ფქვილი მანახე როგორიაო. რას იზამ, ასატანი ვარიანტია.
ხოდა ასე, ძალიან ამაყი და კმაყოფილი ვარ ანუ ამაყად კმაყოფილი ვარ :))))
კიდე სახლიც დავალაგე დღეს, თან ისე საფუძვლიანად და როლებში შეჭრით, რომ ბოლოს აივანზე გავედი და იმის დასუფთავებაც დავიწყე. ასეთია 'დიასახლისის' ხვედრი. სანამ დავბრუნდები, ხაჭაპურის გამოცხობაც კი უნდა ვცადო - ეს 'დიასახლისის' ოცნებაა :))))))))))))

Thursday, March 11, 2010

ანა-ბანა, ანა-ბანა....

ლალალალალალალალააააააააააააააააააააააააააააა
ვიმღერე ახლა :გავწითლდისმაილიკი: იმედია არავინ დაყრუებულხართ :)) რაღაცა ენერგიები, ენერგიები, ენერგიები :)) მართალია დღეს მოთოვა ბუდაპეშტში, მაგრამ მაინც მოდის გაზაფხული და მეც არ ვიცი რა მიხარია. რაღაც მომავლის გეგმებზე ვილაპარაკე დღეს ცოტა და თითქოს ყველაფერი დალაგდა, რაღაცეები გამოიკვეთა, რაღაცეები გადაფასდა. მიხარიაა :)
ხოდა ვარ ასე, უაზროდ გახარებული.
წასვლამდე დარჩა 15 კვირა, არც კი, თითქმის უკვე 14 :)))))))))))))))))))))
აუუუ, ადამიანებოოო, რა ლამაზ ქალაქში ვცხოვრობ იცით???? აი, რაღაცა საოცარი ქალაქია, მუდმივი ქალაქია, სხვა განზომილების ქალაქია, სამუდამოდ რომ დაგიტოვებს ისეთი ქალაქია :)

როცა დღეები წუთისოფელზე გრძელია...

როცა ყველა წამი სავსეა და თან ცარიელი, როცა დრო გარბის და თან ერთ წერტილშია გაყინული, როცა ყველაფერი მახსოვს, იმიტომ რომ ყველაფერი მავიწყდება ან უკვე დიდი ხანია დამავიწყდა, როცა შემიძლია წამების სიზუსტით ვთქვა უკვე რამდნეი ხანია არ მიფიქრია ან არ გამხსენებია, როცა ვიცი და არ ვიმჩნევ, როცა არ ვიცი და ვიგონებ...
ასე იყო ყოველთვის...
და დღე იყო უფრო გრძელი წუთისოფელზე..

Sunday, March 7, 2010

25 წლის ანუკა


გუშნ 25 წლის გავხდი. ყველა მეკითხება, რა განცდაა, თავს როგორ გრძნობ, ამიტომ იძულებული ვხდები რაღაც განცდა მოვძებნო. არადა არაფერი, განასკუთრებული არაფერი, მხოლოდ ჩემი დღესასწაული, მეგობრები, სიხარული, ასაკთან დაკავშირებით... არც ჭკუა მემატება, არც გამოცდილება, არც არაფერი, ისევ არ მგონია თუ გავიზარდე, აი ასე :)))
ძააააააააალიან მაგარი დაბადების დღე მქონდა გუშინ. ყველაზე მაგარი, რაც კი მქონია. თბილისში გოგოებმა ფეხის ფორმის ტორტი გამომიცხვეს, ეეე, რა მაგარიააააააა, კინაღამ გავგიჟდი. აქ, ბეეეეევრი საჩუქრები მივიღე, თონის პურში ჩარჭობილი სანთლები ჩავაქრე, სურვილის ჩაფიქრება, რა თქმა უნდა, დამავიწყდა და ასე :))
ლალალალააააა, მაგარიაააა, ახლა თოვს, მაგრამ მაინც მაგარიაააააა

Thursday, March 4, 2010

იუსტიციის მარგალიტები


რაზე გამახსენდა არ ვიცი და ჩემი მოქალაქეებთან ურთიერთობის ერთწლიანი გამოცდილება მინდა გაგიზიაროთ. ე.ი. ყველაფერი წიყება იმით, რომ საჯარო სამსახურში მუშაობის დაწყების შემდეგ ადამიანები იყოფიან მოქალაქეებად და დანარჩენებად. მოქალაქეები არიან ადამიანები, რომლებიც გამუდმებით გწერენ ან რეკავენ ტელეფონზე (მნიშვნელობა არ აქვს სად და რა საკითხზე)და გამუდმებით უკმაყოფილონი არიან. ამ მოქალაქეების საკითხს თავიდანვე სერიოზულად მოვეკიდე, რაღაც წილად მეცოდებოდნენ, რაღაც წილად ვიცოდი, რომ მათ წინაშე ანგარიშვალდებული ვიყავი, რაღაც წილად უფროსი პირდაპირ მავალდებულებდა, მოკლედ მრავალი მიზეზი იყო რატომაც ვპასუხობდი ტელეფონს მუდმივად, ვუსმენდი ბოლომდე და ყურადღებით და ყველანაირად ვცდილობდი გადამეჭრა ან შემემსუბუქებინა მათი პრობლემა. საჯარო სამსახურში აღმოვაჩინე, რომ ჩვენს ქალაქში კიდევ არიან კოლორიტები, მოქალაქეები, რომლებსაც ყველა საჯარო დაწესებულების ყველა თანამშრომელი იცნობს, ზოგი მათგანის ხსენებაზე შეხვდები რეაქციას „ააა, ხო“, ზოგისაზე - „უიიი“, ზოგისაზე - „ვუი“ და ზოგისაზე - არა, ეს ცალკე უნდა აღვწერო, ესაა კატეგორია „მარიამ ჭანტურია“. ესაა კატეგორია, რომელიც ტელეფონზე რეკავს, იწყებს ტირილით, გადადის კივილზე, გდებს კუბოში (ყველა შესაძლო და შეუძლო, წარმოსადგენი და წარმოუდგენი წყევლა-ლანძღვა-გინების კრებითი სახელი), მერე ისევ ტირის, მერე ისევ კივის და მერე ტელეფონს გიკიდებს. მთელს ამ 15 წუთიან ინტერვალში საინტერესოა ნაწილი, სადაც ცდილობ გაარკვიო რა საკითხზე რეკავს მოქალაქე, მაგრამ ამაოდ, ყოველ ამოთქმულ ბგერაზე იღებ პასუხს: „შენ შეგჭამა შავმა მიწამ და არ გაიხარე ამ ქვეყანაზე!“. ეს კატეგორია წევრთა ნაკლებობას არ უჩივის, მაგრამ ასეც რომ არ იყოს, თუ ვინმეს შეხება ჰქონია დამეთანხმება, რომ თუნდაც მხოლოდ მარიამ ჭანტურია საკმარისია, რადგან რეკავს ყოველდღე და მთელი დღე (თურმე ყველა საჯარო სამსახურში), ითხოვს გადაურეკო, თუ დასთანხმდი გწყევლის, იმ მოტივით რომ მისი ტელეფონი არ იცი, თუ ნომერი უთხარი, გეჩხუბება, რომ ტელეფონი გათიშული აქვს, თუ სხვა ნომერი სთხოვე, გიკივის, რომ ასე აწამებ მოქალაქეებს, თუ უთხარი, რომ მან დაგირეკოს ისევ გწყევლის, იმიტომ რომ ახალ ქსელებზე დარეკვა ფასიანია, თუ მინისტრის მოადგილე არ შეხვდება ორივეს გწყევლით, თუ შეხვედრაზე დაიბარე - „თქვენ ჩაცვივდით ჩემს დღეში და თქვენ დაგეყარათ შავი მიწა, არ შემიძლია მე სიარული და ნუ მაწვალებთ!". მოკლედ, უიმედო კატეგორიაა!
ახლა რომელი კატეგორიაც უნდა აღვწერო, ასეთ კატეგორიასთან ერთხელ ურთიერთობის მერე სასტიკად ამიკრძალეს და საკუთარ თავსაც ავუკრძალე მოქალაქის მოთხოვნით გარეთ გასვლა (მე კიდევ გადავრჩი, ათას ინტრიგნობას აქვს ხოლმე ადგილი). მოკლედ, ახალი დაწყებული მაქვს მუშაობა და ზეეეეე-ენთუზიასტურად ვეკიდები ყველაფერს და მირეკავს მოქალაქე. ბევრი ტირილის შემდეგ მთხოვა, მოადგილე თუ ვერ შემხვდება, შენ მაინც გამოდი, უნდა გნახოო. ნუ, გავედი და მისაღებში დგას ქალი, ნორმალური, ადამიანი! რომ დამინახა და მიხვდა ვინც ვიყავი და მოიცაო შეჰყვირა და დაიწყო გახდა, ვაიმე გამისკდა გული, ვუყურებ საშვთა ბიუროს თანამშრომელს და უემოციო სახე აქვს, მესამედ იხდის უკვეო. წელსზევით ყველაფერი რომ გაიხადა მანახა ნაოპერაციები ხერხემალი და დაიწყო ახლა ბინტის შემოხსნა, აი, რკინების გამოღების მცდელობაზე, ისე ვიკივლე, რომ სამ წამში ჩაიცვა ზუსტად. მთელი დღე მაკანკალებდა და ერთი თვე მესიზმრებოდა იმის რკინაგამოჩრილი ხერხემალი, კინაღამ გადავყევი :((( მას მერე შევეჩვიე რაღაცეებს...
არის კატეგორია ქალბატონი ნუნუ (გვარს შეგნებულად არ ვასახელებ, თუმცა ყოველ ჯერზე, როდესაც მირეკავდა, სახელი არასოდეს უთქვამს, გვარით მოიხსენიებდა საკუთარ თავს), ძალიან საინტერესო ქალი, ყოფილი თამადებობის პირი, ბოხი ხმით, მკაცრი ტონით, რკინის ლოგიკით, ალოგიკური შეტევით, ბოლოს ბოდიშის მოხდით და ჩემს გარდა (ეს ალბათ ყველაზე ვრცელდებოდა ვისაც ელაპარაკებოდა) ყველა დანარჩენი თანამშრომლების დალანძღვით, ოღონდ, გემრიელად ილანძღებოდა, ძარღვიანად. :)))
კატეგორია - „გოგონა, ისევ ჩვენ გაწუხებთ“, ოღნდ ეს ჩვენ სულ ერთი და იგივე ადამიანი იყო, რომელსაც ისე ეუხერხულებოდა კუთვნილი თანხის შესახებ ინფორმაციის მისაღებად რომ რეკავდა, ხმა უკანკალებდა და მე ამაზე ისე გული მიკვდებოდა, რომ ტელეფონის ერთ ბოლოში მე ვყლაპავდი ცრემლებს და მეორე ბოლოში -ის. ოღონდ ახლა თავი უნდა ვიქო. ამ ადამიანს როგორც ჩანს მანამდე არავინ უსმენდა და მე ხო 225 ნდობის ტელეფონად გადავაკეთე და ყველას დაყვავებით ველაპარაკებოდი და ჯერ ამაზე აღფრთოვანდა, მერე, როდესაც გავარკვიე მისი საკითხი,უფორისიც გავარკვიე საქმის არსში და რეალურად მოუგვარდათ პრობლემა. მას მერე ისევ მირეკავდა, ისევ იმავე ტექსტით: „გოგონა, ისევ ჩვენ გაწუხებთ“ და დღესასწაულებს მილოცავდა, ჩემს ამბებს კითხულობდა, შეიძლება ითქვას, ოჯახებით დავახლოვდით :))))
იყო კატეგორია „გამოდი, შეგხვდები, რამე კი არ იფიქრო, 30 წლის ვარ და მაგარი ხმა გაქვს“, ოღონდ მართლა :))))))))))))
ერთი ქალი მირეკავდა კიდევ, კვირაგამოშვებით, ყველა ტონალობაში მოითხოვდა ერთსა და იმავე აბსურდს და ვერაფრით რომ ვერ ვაგებინებდი, რომ ჩვენთან არ უნდა დაერეკა, ვუსმენდი ხოლმე, მიყვებოდა ოჯახის ისტორიას (ბოლოს ზეპირად ვიცოდი, რამე თუ ავიწყდებოდა ვნერვიულობდი) და კვირის ბოლოს ისტერიულ შეტევას იმართებდა, ამდენი ხანია გეჩხუბები და წყობიდან როგორ ვერ გამოგიყვანეო!!! ასეთი ნერვებიც მქონდა, ოდესღაც :))))
ეს კატეგორია საერთოდ საოცრებაა, კაცი, რომელიც წერილებს გვწერდა თვეშ ერთხელ, მოვალ და მანდ დავიწვავ თავსო და საოცარი ქალი. ე.ი. უნდოდა დოკუმენტის დამოწმება, უჩიოდა ნოტარიუსს, არ მიმოწმებებნო. ახლა ნოტარიუსები კიდევ ცალკე თემაა საერთოდ, მაგრამ ამ ქალის პრობლემა ის იყო, რომ რეალურად არცერთ ნოტარიუსთან არ მიდიოდა და მერე ამბობდა არ დამიმოწმეს დოკუმენტიო. სამმართველოს უფროსთან შეხვედრა შედგა, წესით ყველაფერი უნდა მოგვარებულიყო და მგონია, რომ დამთავრდა ამ ქალის ამბავი და რეკავს საღამოს, ჩხუბობს. გადავირიე, რა გნებავთ, რატომ არ წახვედით სადაც გაგაგზავნეთთქო და, სად წავსულიყავიო, დოკუმენტი აღარ მაქვსო. რა უყავი-მეთქი, გამისკდა გული, ერთი თვეა ამის დოკუმენტები მესიზმრება უკვე და სამმართველოს უფროსზე მეუბნება, მაგას ვანახე და შევცდი რო ვანახდე, გამომტაცა ხელიდან და შემიჭამაო :)))))))))))))) კინაღამ გავიგუდე :))))) მას მერე ორჯერ დარეკა კიდევ და რომ მიხვდა, ვერ დავიჯერებდი დოკუმენტის შეჭმის ისტორიას, უცებ დამშვიდდა, შენ რას გერჩი შვილოო, მე მეხუთე სართულზე ვცხოვრობ, რომ იცოდე და ახლა წავედი, უნდა გადავხტე, მაგრამ იცოდე შენ მომკალიო! მას მერე არ დაურეკავს, იმედია მართლა არ გადახტა.
ვაიმეეე, კიდე ათასი უცხოპლანეტელი რეკავდა, აღარ მახსოვს ახლა კიდევ რაღაცეები, ზოგი ლექსებს მეუბნებოდა, ზოგი ლუიზას ეძებდა, რანაირ გიჟთან არ მილაპარაკია. მუშაობის დაწყებიდან რამდენიმე თვეში, მეგობარმა მითხრა, მაგრად უნდა გახალისოო და ინტერნეტში მაშინ ახალი გავრცელებული ჩანაწერი მომასმენინა, ქალი რომ „ჯორჯია ონლაინში“ რეკავს და ოპეარტორს ეჩხუბება. რამდენიმე ადამიანმა მოვისმინეთ და ყველამ მმმმაგრად იხალისა ჩემს გარდა :)))))))))))))))))))))

Wednesday, March 3, 2010

როცა არ გატყუებ..


ხოდა კარგად ვარ, ასე, უბრალოდ კარგად :) მშვენიერი ამინდებია, ვცდილობ მარტივად შევხედო მარტივ ელემენტებს და გავიღიმო :))) აი, ასე :)))
ეს ქალაქი ნელ-ნელა იღვიძებს მგონი და იმაზე ათჯერ უფრო მეტად ლამაზდება, ვიდრე თავიდან იყო. ჯერ კიდევ მაოცებს. წარმომიდგენია, ზაფხულში რა იქნება.
მინდა მარტი რაც შეიძლება მალე გავიდეს და მერე, მერე ყველაფერი კარგად და თბილად იქნება :)

Tuesday, March 2, 2010

მდაააა

ჩემი ემპირიული ცოდნა და გამოცდილება მიდასტურებს, რომ ძალიან ბევრი ფიქრი მავენებელია ჯანმრთელობისათვის, მაგრამ ვინაიდან მწეველი არ ვარ და ამ კუთხით არ ვვნებ ჩემს ჯანმრთელობას, მთლად ჯანმრთელიც ხომ არ მოვკვდები?? ხოდა ვფიქრობ, უაზროდ, უზომოდ, უმიზნოდ. ამ ყველაფერში ცუდი ისაა, რომ სხვანაირად მოქცევა არ ვიცი. მშურს გაწონასწორებული, მშვიდი, მიზანდასახული და ჭკვიანი ადამიანების, მაგრამ მარტო შური რას უშველის??? ვერაფერსაც ვერ შველის, აგერ უკვე 24 წელიწადია :)

Monday, March 1, 2010

დარაბებს მიღმა გაზაფხულია..


მარტიც მოვიდა :) მიყვარს მე გაზაფხული :) თუმცა დღეს მაინც საოცრად დამღლელი დღე იყო, ვერ ვიტყვი რომ ან გაზაფხულის არ რამე ადამიანურის ხასიათზე ვიყავი :(( ათას უბედურებასა და უხასიათობასთან ერთად, კიდე კისერი გამიშეშდა, თუ ნერვი თუ რაღაც, მოკლედ, დილით სუნთქვაზეც კი მაჟრიალებდა, ახლა ცოტა არაუშავს კიდე...
მოვიდა ჩემი ახალი მეზობელი, კვირა რომ თენდებოდა, დილის შვიდის ნახევარზე :(((( ჯერაც შოკშია მგონი, ნახევრად მძინარემ და თმაგაწეწილმა რომ გავუღე კარი მას მერე :) ძალიან სცადა დამმეგობრებოდა (იმ შვიდის ნახევარზე) და მე, პატივი დავდე, ცალი თვალი ოდნავ გავახილე, თავისი ოთახისკენ მივუთითე, აი, მეთქი, იქ დაიძინებ და გაცნობა სხვა დროს! :)) ძაან სასაცილო ადამიანი კი გამოდგა. ჯერ ერთი, ტიპიური გერმანელია (ეს ჩემი ბინის მეპატრონე რაღაცა გერმანულ ტრეფიკინგშია მგონი ჩართული, სულ გერმანელებს სად პოულობს ნეტა???), აი რაღაცა, თეთრი, ძალიან ქერა და მოწესრიგებული :))) ვარცხნილობა აქვს ჯამით შეჭრილივით (ვინც არ იცის რას ნიშნავს, წარმოიდგინოს ემალის ჯამს როგორ აფარებენ ბავშვს თავზე და იქედან, რა თმაც გარეთ მოხვდება, როგორ ჭრიან. გერმანელებს სულ ასეთი ვარცხნილობები აქვთ. მეორე მსოფლიო ომის გავლენაა მგონი :ჩავფიქრდისმაილიკი: ), დაბაჩუნებს თავითვის მშვიდად და უხმაუროდ და იღიმება. ოღონდ ჯერ ორიენტაციადაკარგულია და პატარა ბავშვივით დამსდევს: "დედაააა, დედააა, დე, დე, დე, დე"...ვაიმეეე, ჯერ ვერ გაიგო რომ ტახტი უნდა გაეშალა და საწოლად გადააკეთებინა და მგონი ხელით იატაკს ებჯინებოდა, ისე ეძინა. მერე ფანჯრიდან რა მონაკვეთსაც ხედავდა ქალაქის, იქ როგორ უნდა მოხვდეს, ძლივს გავაგებინე, ხან გათბობა ეთიშება და ვერ რთავს, ხან წყალს ვერ უშვებს, ხან მაკარონს ვერ ხარშავს (ბედი არ გინდააა, ესეც მაკარონს ჭამს) და არის ასე. დღეს, სახლში რომ მოვედი, მაგიდაზე წერილი დამხვდა, ინტერნეტი არ მაქვს და იქნებ მიშველო რამეო. ოღონდ თვითონ სახლში იყო და მე დილით რომ გავედი, 7-ზე მოვედი. ალბათ, თავი გაიმხნევა ამ წერილის დაწერით :))))))
ხოდა ასეა, მხიარულად ვცხოვრობთ :)))

Sunday, February 28, 2010

თუ ამდენ სითბოს შევაგროვებდი...

თავზე მაყრია სამეცადინო და მე კი გაზაფხულის მოსვლაზე ვფიქრობ. დათბება ალბათ მალე, დღეს ფეხით ვიარე ცოტა და იმდენი ენერგიით ავივსე, გადავირიე :)ახლა მოვედი სახლში, გავიმზადე სათლით ყავა და ვაპირებ დავწერო თემა ხვალამდე. იდეაში ვიცი რაც უნდა დავწერო, მაგრამ... აი, შინაგანი დეტექტორი მაქვს მოშლილი. ეხლა ეს რას ნიშნავს. ადრეც კი ვიყავი მე ზარმაცი, აქ კი არ დამემართა ასე, მაგრამ ზუსტად ვიცოდი, რომ იქამდე შემეძლო მეარხეინა, სანამ არ ვიგრძნობდი, რომ უკვე ცუდადაა ჩემი საქმე და მერე ვიწყებდი წერა-კითხვას. ასე დავწერე წინა სამაგისტრო ორ კვირაში (ისიც, მე არაფერი მიგრძვნია, უბრალოდ ჩემმა ხელმძღვანელმა ჩემი გალანძღვის მერე ჩემს უფროსს დაურეკა და მეორე დღეს სამსახურებრივი ბრძანება იყო დილიდან, რომ თემა დამეწერა) და კიდევ ათასი სისულელე გამიკეთებია ასე, მაგრამ ახლა მომეშალა ეს დეტექტორი და გამოცდის წინა ღამესაც კი ვერ ვნერვიულობ და ამაზე ნერვიულობით მოვკვდი, რა არის, რას გავს ეს!!!
ხოდა ასე, ხვალ თემა უნდა ჩავაბარო, ერთი ხაზიც არ დამიწერია ჯერ და კიდევ ვბოდიალობ, ყავას ვსვამ, საღამოს, მუსიკით მიღებული ემოციების გავლენის ქვეშ ვარ და... 'არ მეგონა, თუ ამდენ სითბოს შევაგროვებდი...რომ გიპოვნიდი და დაგტოვებდი'...ხოდა ასე :)

Saturday, February 27, 2010

მავიწყდება...

უამრავზე უამრავი რამ, ამ ბოლო დროს ისიც, როგორ და რაზე უნდა გავიღმო :)ისიც მავიწყდება, რომ გარშემო სხვა ადამიანები ცხოვრობენ, სხვა, სხვანაირი ადამიანები. არ მახსოვს როგორ უნდა ვეურთიერთო მათ. ხელსახოცებისა და ასანთის ყიდვა მავიწყდება ყოველ ჯერზე. საჭირო მაღალფარდოვანი სიტყვები მნიშვნელოვანი ესსეების წერისას. სამყაროს არსებობის უმარტივესი კანონზომიერებაც მავიწყდება, უფრო სწორად, არ მახსოვს სად წავიღე :))) კონკრეტული ადამიანებიც მავიწყდებიან ხანდახან. მხოლოდ ამბები მახსოვს, ამბები და განწყობები, სურნელები და ფერები...

Friday, February 26, 2010

ვეძებ მოტივაციას


დილით წვიმამ გამაღვიძა. გაზაფხულის წვიმა იყო უკვე, თბილისში, ჩემი ფანჯრების წინ გადაშლილ წაბლის ხის უზარმაზარ ფოთლებს რომ ამძიმებს ხოლმე. რაღაც უცნაური სიჩუმე მოაქვს წვიმასაც. სიამოვნებით მეძინა რამდენიმე საათი წვიმაში. ლექცია გამიცდა დღეს, ჩემი ლექტორი სიმართლის კომისიი ექსპერტია და რამდენიმე დღით მოუწია წასვლა. მერე ავდექი, როგორც იქნა, თეზისის მონახაზი გავაკეთე, გავგზავნე, კიდევ დამრჩა წვრილ-წვრილი სამეცადინოები და მერე ხვალ და ზეგ თემა უნდა დავწერო. საქმიანად უნდ მივუდგე ყველაფერს, მაგრამ მთელი დღეა რაღაცა სისულელეებს გადავწყევი. რაღაც ისე შევეჩვიე მარტო ყოფნას, ის ვიღაც ადამიანი რომ გადმობარგდება ორ დღეში, გადავირევი ალბათ. კიდევ... სახლში ჯდომას შევეჩვიე, ყველგან წასვლა მეზარებააააა, ყველაფერი მეზარებააააა. რა საშინელებაა???? რა ვქნა???

Thursday, February 25, 2010

მგონი გაზაფხული მოვა..


დათბა ცოტა, აღარ ცივა უფრო სწორედ. მშვიდი საღამოები დადგა ბუდაპეშტში, კიდევ უფრო თბილი და მშვიდი საღამოები ჯერ კიდევ წინ არის :)
დაღლილი ვარ საოცრად, ოღონდ რაღაცა ვერ გავიგე რისგან. დავიჩემე ახლა სახლში მინდათქო, თითქოს რომ ჩავალ სულ ამ დროს არ მოვიგონებ და ტვინს არ წავიღებ წუწუნით.
რაღაცას ვეძებ... ჭიავ, ჭიავ, მაპოვნინე...

Tuesday, February 23, 2010

დიდი მადლ'ობა პატრულ'ს

დეიდა კვაჭმა უსაქმურობისგან გადაწყვიტა ჩემი ბლოგით გართობა, გამომძალა პაროლი, აურ-დაურია ყველაფერი, მერე ჯერ ამ დიზაინების შემქმნელებზე მოეშალა ნერვები, მერე მე რომ ვერ გავარკვიე მარტივად რატომ არ არის ყველა საჭირო ღილაკი თვალსაწიერის არეში განლაგებული - ამაზე, იჩხუბა კიდეც ცოტა. ნუ, ცოტა რა, იმისთვის საკმარისად, რომ ისევ ძველი დიზაინის დაბრუნება ასე ერთი კვირა მომერიდოს თუ არ შემეშინდება და მერე, ამ ქლიავობასაც კი შევეჩვევი,ისეთი ბუნების ვარ :))))
ხოდა ვარ ახლა ასე გადამწვანებული და არეული, მე ხო გადაადგილებებზე და ცვლილებებზე სულიერი აშლილობა მემართება :(((
სხვა ის, რომ დავწერე პოლიტეკონომია, იმას თუ დაწერა ერქვა. პროფესორს ნაწერს რომ ვაბარებდი, მოხსნა გუდას პირი (ცელოფნის გუდას) და სნიკერსი გინდა თუ მარსიო. არ დამიმსახურებიამეთქი კი ვეხვეწე და თუ მაინცდამაინც კეთილშობილების გამოვლენა გინდათ, დაიტოვეთ შოკოლადი და ერთ საკითხში მაინც ჩამითვალეთთქო, მაგრამ გაიგონა??? არა!
შემრჩა შოკოლადი.
არასრატეგიული მიდგომა იყო, ნიშნების დაწერის შემდეგ უნდა დაერიგებინა შოკოლადები, მერე უფრო დამჭირდება :)
დაღლილი ვარ .....

Monday, February 22, 2010

კინდერი :)


საშინლად მეძნა წუხელ. ტახტზე ჩამეძინა, საწოლში გადაწოლა დამეზარა, ისედაც სამიოდ საათი მქონდა დარჩენილი, მაგრამ გავწამდი, ხან საშინელ სიზმრებს ვნახულობდი და ხან მავიწყდებოდა რომ ეს ტახტი ჩემთან შედარებით მოკლეა და გამართვას ვცდილობდი :((( მერე დარეკა მაღვიძარამ, გამოვრთე და ავდექი, ამგრამ საათს რომ დავხედე, ერთი საათი იყო გასული მაღვიძარას დარეკვიდან ადგომამდე :((( ისევ ჩამეძინა, მაგრამ, საბედნიეროდ, მოვასწარი!!! გულამოვარდნილი რომ ჩავჯექი ავტობუსში, მივხვდი რომ კუჭი საშინლად მტკიოდა, ვერ ვიმართებოდი. მთელი დღე გავწამდი, ვერაფერი მოვუხერხე, მერე კბილი ამტკივდა, არადა, ჯინაზე, გამაყუჩებელსაც ვერ დავლევდი კუჭი ისე მტკიოდა, მერე თავი შეემატა ამ ყველაფერს, კინაღამ გარდავიცვალე პრეზენტაციაზე. სააააააოცრად მტკიოდა ყველაფერი და სანამ გავიდოდი თემის პრეზენტაციისთვის, მუხლიც ამტკივდა. აქ კი მივხვდი უკვე, რომ არაფერიც არ მტკიოდა ტვინის გარდა, მაგრამ ეგეც ხო ამბავია??? როგორც ჩემი ერთი ენამოსწრებული მეგობარი იტყოდა, ჩემზე ითქმის დაშლილებში ვნახეო :(((

ხოდა გავმელანქოლიკდი მე.

ხოდა არ ვიცი რა, სახლში მოვედი, ცოტა მეძინა, ახლა გავიღვიძე და ეს პოლიტეკონომია არსად გამქრალა :((( არ ვიცი რა ვუყო, მაგრამ შიშით შევყურებ მთელ მასალას :(((

Sunday, February 21, 2010

ცოდნა - სინათლეა!!!

გაზაფხულის ამინდი იყო ბუდაპეშტში, მე კი არაფრის კეთებისგან დავიღალე. ვზივარ სამეცადინოებში ჩაფლული და ვფლანგავ დროს ისე, როგორც არასდროს. ერთადერთი იმით ვიმშვიდებ თავს, რომ თემის საქმეს სერიოზულად ვეკიდები :)))) ეგეც აღარ უნდა ვქნა ნეტა????
ძალიან ყელში ამომივიდა ეს სტუდენტობა და სწავლა, მაგრამ მაინც მაინტერესებს რამდენ ხანში მომენატრება ყველაფერი. წინა ჯერზე ერთი წელი ძლივს გავძელი, ისიც საააააააააოცარი წელი და ისევ სადღაც ჩავაბარე. ახლა, აქედან რო დავბრუნდები და რომ ვიტყვი მოვრჩი სწავლა-განათლებასთქო, ნეტა როდის ავწუწუნდები ისევ, სტუდენტად მინდა ვიგრძნო თავი და კედებით და ბეეეეური წიგნებით ვიაროთქო???? ჩემი ხასიათი რომ ვიცი, საკმაოდ მალე იქნება ეგ და მეცოდება ვინც გულით განიცდის ჩემი სწავლის ამბებს :)))))
დიდი ტრანსფორმაცია და თანამედროვე კაპიტალიზმია დღეს გეგმა-მინიმუმი, მაქსიმუმი მარქსიზმით იწყება :((( რატომ ამოვიჩემე ნეტავ ეს საგანი? რას ვერჩი????
აუ, რამ შემაწუხა კიდე იცი? რაღაცა ისეთი რო ვარ, განსაკუთრებული ინტერესები რომ არ მაქვს, რაც იქნება და გამოვა იმით რომ ვკმაყოფილდები, აი, მაგალითად, პოლიტეკონომია როგორ არ უნდა გაინტერესებდეს? ხო მნიშვნელოვანი და აქტუალურია, მაგრამ ისე კარგად ვგრძნობ თავს ბაზრის თვითრეგულაციის პრინციპის ცოდნის გარეშეც, რომ ვერავინ წარმოიდგენს. ეგ რა არის, გეოგრაფია და ქიმია არ ვიცი კიდე საერთოდ და მსოფლიო ისტორია და ფიზიკა ზოგადად და ფრაგმენტულად ვიცი.
ნეტა რა ვიცი სრულყოფილად და საფუძვლიანად????
მაგარი უნიჭო და გაუნათლებელი გამოვედი :(((((

Saturday, February 20, 2010

საერთოდ ვერ გავიგე ისე გაილია მთელი დღე. თითქოს არაფერი გამიკეთებია. თითქოს კი არა, მართლა. რაღაცა სენტიმენტალური გავხდი ამ ბოლო დროს (არც მანამდე ვაკლებდი გულის სიღრმეში) ხოდა, დიდად არ მომწონს ეგ ამბავი, რისი ბრალია ნეტა???? გაზაფხულს ველოდები ინტენსიურად და მჯერა, რომ ყველაფერი ისევ კარგად იქნება :))))
ეს ისევ რას ემსახურება არ ვიცი, ოღონდ...
ხოდა ასე..

Friday, February 19, 2010

ვეძებ სპონსორს


დეიდებოოო, ბიძიებოოო, შენი ლამაზი თვლაების ჭირიმე კეთილი ბიძია, დამეხმარეეეე, ათასი სიტყვა მაჩუქეთ ვინმემ რა, სულ რაღაც ათასი, ოღონდ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებულად რომ ჩავაკვეტო თემაში. არ მოითხოვება ჭკვიანური აზრები და აღმოჩენები და სამეცნიერო წვლილი კონკრეტულ დარგში, უბრალოდ ათასი ცენზურაგამოვლილი, აკადემიური სიტყვა მინდა :(((((
იმისათვის, რომ ვინმემ არ იფიქროს ჩემზე უსაქმურიაო, დავსძენ, რომ დანარჩენი 1500 ჩემით დავწერე. მართალია, პირველი 500 სიტვის შემდეგ მივედ-მოვედები და ვიყენებ ამ უნივერსტეტში შესაშურად განვითარებულ უნარს - ერთი და იგივე აზრი მინიმუმ ათი შესაძლო ფორმით გამოვხატო, მაგრამ, მაინც ხომ დავწერეეეეე???? ხოდა, ამაღამვე მჭირდება და დამეხმარეთ ვინმე გულისხმიერი რაააა.
დახმარების მსურველები გამომეხმაურეთ და დახმარება გადმომირიცხეთ საბანკო ანგარიშზე: ana_kapanadze@yahoo.com
ანუკას მომაკვდავ (ჯერ სრულიად ნორჩ)თეზისს თქვენი გულისხმიერების იმედი აქვს :)))

Wednesday, February 17, 2010

დაე, მუდამ იყოს მზე...


მიყვარს მზიური. ჩემი ცხოვრების ყველა ეტაპს უკავშირდება და ყველაფრისდა მიუხედავად, დადებით ემოციებს აღმიძრავს. იცი როგორაა ჩემთვის? ჯადოსნური სამყაროსავითაა, რომ ჩაივლი რამდენიმე კიბეს და ყველაფერი ქრება, იცვლება, აბოსლუტურად სხვა ხდება. მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცი გაკეთებული და გალამაზებული მზიური როგორი იქნებოდა და სულ პირველი შეხება მზიურთან იმ 90-იანებში დაიწყო, ქალაქში ტრანსორტი ფიზიკურად რომ არ დადიოდა და ინგლისურზე დედას ფეხით რომ დავყავდი, მაინც შემიყვარდა, მაშინვე, რატომღაც...მერე ბევრი რამე იყო, ბევრი ჯადოსნური ზღაპარი...ასე შვიდი წელი იქნება მზიურში აღარ ჩავსულვარ, რამდენიმე კიბეს აღარ ჩავცდენივარ, მაგრამ ის ჯადოსნური სამყარო მაინც იქ იყო.
ნუთუ მზიური აღარ იარსებებს?

Tuesday, February 16, 2010

ანაობას გილოცავთ :)

დილით ჩამეძინა და მერე ამ ფაქტზე ისე გავღიზიანდი, მთელი დღე მომეშხამა.
მერე მესიჯებიც მოვიდა, ანაობა მომილოცეს.
რამდენი ხანია ეს დღე აღარ აღმინიშნავს (ნუ, ოჯახის წევრების საჩუქრებს თუ არ ჩავთვლით, მაგრამ ეგეთ საჩუქრებს გიორგობაზეც კი ვიღებ მე :) ), არადა ბავშვობაში როგორ მიყვარდააააა, ნამცხვრებს მიკეთებდნენ ხოლმე, მეგობრებს მიპატიჟებდნენ და დიდი დღესასწაული მქონდა :) პატარაობიდან მახსოვს და ეჰ, დღეს იოგურტი და ბანანი ვჭამე და კიდე უაზროდ ვიბორიალე და არ მომეწონა.
მოწყენილი ანაობა მქონდა დღეს.

Monday, February 15, 2010

ჩემი გრინჩი


ბავშვობის ოცნება ამისრულდა დღეს!!!!

მაგარი განაცხადია, ჩაისუნთქე... მოემზადე.... სამამდე დათვალე...

ითვლი?

ერთი...

ორი...(ნუ ცდილობ წინასწარ წაიკითხო!)

სა...

შაიოს ლექციაზე ვიყავი და მის კურსს ვიღებ აუდიტისთვის :)))))))

მაპატიეთ რა, ვისაც იმედები გაუცრუა ჩემმა ოცნებებმა. სხვები ჯერ არ ამსრულებია, თორე მარტო შაიოზე კი არ ვოცნებობდი ბავშვობაში :)))))

ხოდა ასე. როგორც იქნა ვნახე ეს კაცი და თავიდან კი დიდად ვინანე, ისე მონოტონური მომეჩვენა. პირველ მერხზე რომ არ ვმჯდარიყავი, აუცილებლად დამეძინებოდა (თან არ მიძინია წუხელ და..) ხოდა, მერე უცებ რაღაც მომენტში, რომ გაიცინა ბოროტად და ზუუუუუუუუუსტად გრინჩს რომ დაემსგავსა, სასწრაფოდ გამოვფხიზლდი და პირდაფჩენილი ვუსმენდი :)))))

ნუ, ერთი ლექცია საკმარისი არაა შთაბეჭდილებებისთვის, თუმცა...მაინც ვთვლი რომ ასეთ ადამიანებს უბრალოდ უნდა უსმინო, მნიშვნელობა არ აქვს კონკრეტული ლექცია საინტერესოა თუ არა (ასეთი, დაბრიყვებული მასის ფსიქოლოგია მაქვს მე!!!).

ხოდა ასე იყო შაიო და ... ცხოვრებაში არ მქონია კონკრეტული მიზანი, ნუ ვთქვათ დილით აუზზე წასვლას ან სახლის გზაზე მაღაზიაში შესვლას თუ არჩავთვლით (ასეთ მიზნებს ყოველგვარი გადახვევის გარეშე ვასრულებ პირნათლად და მიზანმიმართული ხარო კი მეძახიან), ხოდა დღეს დავფიქრდი, რომ არის რამდენიმე რაღაც, რაც აუცილებლად მინდა რომ განვახორციელო ცხოვრების მანძილზე (კარიერული თვალსაზრისით იგულისხმება და ხელშესახები რაღცეები კიდე):

1. შპაიერში წავიდე

2. საკონსტიტუციო სასამართლოში ვიმუშაო

3. მუნიციპალური სამართლის სფეროში ვიმუშაო

4. ევროსასამართლოში ვიმუშაო

ნუ, ვიცი რომ ნეტარ არიან მორწმუნენი, მაგრამ მინდა და რა ვქნა!

:)))

პრინციპში, კარგად თუ ჩავუკვირდები, ყველა განხორციელებადია, არა?!
P.S. სწორი შენიშვნა იყო ამხანაგის, ლექციები მინდა წავიკითხო და გამომრჩა ეგ პუნქტი :)

Friday, February 12, 2010

აი ასე :)))

ე.ი. რა უნდა მოვყვეეე. ამ ჩემს ძვირფას მეშტერზე (ქუჩის სახელია ასეთი საინტერესო) ერთი „საგიროშე“-ა, სადაც ხანდახან მივდივარ და გიროშს ვყიდულობ. გარდა გიროშისა, თურქული სამზარეულოს ნაირფეროვნებაც მოეპოვებათ, რაც არ გამისინჯავს, რომ არ დაგიმალოთ. ხოდა ამ „საგიროშე“-ში თურქები და მოთურქო ელემენტები მუშაობენ. 24 დეკემბერს, ვენიდან რომ დავბრუნდი, მივხვდი, რომ აქ არაფერი მუშაობდა, სახლშიც ვერ აღმოვაჩინე საჭმელი და გიროშის ყიდვა გადავწყვიტე. წელი გაშეშებული მქონდა, თავის დაბანაც ვერ მოვახერხე, სახლის ლაგებას გადავყევი როგორც კი ჩამოვედი, ხოდა ასე, ძუნძგლიანი და წელზე შალშემოხვეული ჩავედი ქვემოთ, თან ფეხსაცმელმა ფეხი მატკინა ვენაში და სასტიკად ვკოჭლობდი. ახალი გაყიდველი დამხვდა. რომ დამინახა და გაშეშდა, კი ვიფიქრე, იქნებ ასე საზიზღრად სახლიდან გამოსვლა არ ღირდათქო, მაგრამ რაღას ვიზამდი... კი დაიწყო იმან გიროშის დამზადება, მაგრამ ცომი სამჯერ დაეწვა, მერე რაღაცეები აერია, გადამრია, თან ინგლისურის გარდა ყველაფერს მიმსგავსებული მეტყველებით ცდილობდა გამოეკითხა, ვინ ვიყავი, სად ვცხოვრობდი, რა მინდოდა, იეზიდი ვარო ამაყად მითხრა და ქართველი იეზიდები ჩემი ძმები არიანო!!! აი ასე. სანამ გიროშს მომცემდა (15 წუთი მოანდომა სამწუთიან საქმეს), ეცადა გარეკვია ბოიფრენდი მყავდა თუ არა და უკვე ისე შევეჭვდი რომ შემდეგი შეკითხვა „ამ საღამოს რას აკეთებ“ იქნებოდა, ვუთხარი მყავსთქო :))) ხოდა ასე. მას მერე დღეს მომინდა კიდევ გიროში და კიდევ ამ უბედურს გადავაწყდი. რო დაიწყო დაწესებულების დაზარალება ნახევარი შიგთავსისი ძირს დაყრით და ჩემო ვინაობის გამოკითხვით, ასაკოვანი მეგობარი მიეშველა და სასწრაფოდ დამიმზადა გიროში.
ხოდა ასე, დიდი წარმატებით ვსარგებლობ ზანგებში, მექსიკელებში (გერმანიაში მთელი 10 დღე მაბავდა 165 სმ. სიმაღლის სახეზე გონებრივად ჩამორჩენილის გამომეტყველებააღბეჭდილი მექსიკელი, ჩემს შეყვარებულს ისე ჰგავხარ, ის ხო არ ხარო :))) და ახალ უკვე იეზიდებშიც :))))

Thursday, February 11, 2010

თუ გავიღვიძებდი


ავდგებოდი და ბეეეეეეურ ყვითელ საღებავს შევასხურებდი კედელს, ლაქასავით რო გადადღაბნილიყო და მზესავით ებრიალა... კიდევ, ავდგებოდი და თეეეთრ, ფაფუკ თოვლში ჩავეფლობოდი..ავდგებოდი და ჯადოსნურ ზღაპრებს წავიკითხავდი, დაუსრულებლად...საინფორმაციო გამოშვებებს გავაუქმებდი, ტელეფონს გადავაგდებდი და მდინარის პირას დავჯდებოდი...საფიქრალად. ვარდებს დავაჭკნობდი და მინდვრის ყვავილების მინდორი გამახსენდებოდა...ავდგებოდი და ცუდ ამინდში სახლიდან არ გავიდოდი, ფანჯრიდან მოვუსმენდი წვიმას და სიჩუმეს....ავდგებოდი და ჯადოსნური სარკე მექნებოდა „სარკევ, სარკევ, მითხარი...“

თუ გავიღვიძებ ხვალ, ავდგები და... სუპერმარკეტში წავალ, კვირის მარაგი მაქვს შესავსები: მაკარონი, ყველი, იოგურტი, ხილი... რამე არ გამომრჩეს...

Tuesday, February 9, 2010

რა არ მიყვარს?

წვნიანი,
თვალთმაქცი ადამიანები,
შუადღის ძილი,
ტყუილის თქმა,
სიცხე და სიცივე,
საგადასახადო სამართალი,
ლოდინი,
პოლიტეკონომია,
დროის უკმარისობა,
თბილად ჩაცმა,
თავის მართლება,
კატები,
ცივი თვალები,
ჩაი
და კიდე ათასი სისულელე

Monday, February 8, 2010

უსათაურო


ეს მეძინებამანია უკვე მარაზმში გადადის. დღეს დედაჩემმა მკითხა შეშფოთებული სახით, ხომ კარგად გძინავსო. კი-მეთქი, რა უნდა მეპასუხა? კიდე ის მითხრეს, რაც ფილმებს უყურებ, ის დრო რომ იმეცადინო ნეტავ რა იქნებაო და წარმოვიდგინე, პროცესი ვერა - მტკივნეული იყო, შედეგი წარმოვიდგინე. ხოდა კიდევ ერთხელ შემრცხვა, მაგრამ მხოლოდ იმიტომ რომ შემრცხვენოდა. ასეა ეს!

ახლა რამდენიმე კონცეპტუალური საკითხი:

ეს ჩემი მეზობელი ხომ წავიდა და თვალით აღარ მინახავს მას მერე, მაგრამ ბარგის რაღაცა ნაწილი დამიტოვა. ამის ბარგს ვინ ჩივის, კბილის ჯაგრისი აქვს დატოვებული და პირსახოცები, ისევ ისე კიდია აბაზანაში და ყოველ დილით პირველი ფიქრები და გაბაასებები მის კბილის ჯაგრისთანაა. ისე ვარ რა, კიანეს სურათს რომ უყურებს მთვრალი კახი და ველოდები მის გამოჩენას ყოველ წამს. უკბილისჯაგრისოდ რას აკეთებს, ამაზე ფიქრი ჩემს შესაძლებლობებს აღემატება.

ახლა ამ ჩვენს დავალებებს რაც შეეხება. მე არ ვიცი ცოდნის რა დონეს უზრუნველყოფს ცეუ, მაგრამ სიტყვების თვლაში რომ მასტერიც გავხდი დოქტორიც და კიდე დამსახურებული აკადემიკოსიც, ფაქტია. თავს დავდებ, რომ ცეუ-ს ნებისმიერი სტუდენტი თუ კურსდამთავრებული ერთი შეხედვით განსაზღვრავს დოკუმენტის სიტყვების ზუსტ რაოდენობას მაქსიმუმ 5 ერთეულის ცდომილებით, ნებისმიერ ტექსტს შეამოკლებს ან გაზრდის ნებისმიერ რაოდენობამდე სტრუქტურისა და შინაარსის დარღვევის გარეშე და ათას სისულელეს ჩაიდენს კიდევ. ასე მაგალითად, შედარებით პოლიტიკაზე რომ ვწუწუნებ, მარტო მე კი არ ვარ, მთეეეეეეელი კურსი ამაზე წუწუნებს, ასე ერთსულოვნები არაფერში არ ვართ და რაც მთავარია, მთელი ჯგუფის ნაწერები გვიჩანს ფორუმზე და ტექსტები, რომლებზეც აზრი და კრიტიკა უნდა დავწეროთ იმდენად უაზრობაა, რომ ყველა ჩვენგანი წერს სამივე სტატიის ავტორის სრულ სახელსა და გვარს, სტატიის სათაურს, გამომცემელს და რაც შეიძლება მსუყე ციტატას, რომლისგანაც რეალურად ბოლო ორი სიტყვაა საჭირო. ამით ვიგებთ ასე 50-დან 100 სიტყვამდე და თუ გაგიმართლა და კიდევ ერთხელ მოგიწია ავტორის ხსენებამ, ხომ აშენებული ხარ და ეგ არის. ჩემი დაპატენტებული აღმოჩენაა, რომ სქოლიოში გვერდის მითითებისას თუ „გვ.“-სა და გვერდის ნომერს შორის ადგილს გამოტოვებ, ორ სიტყვად ჩათვლის ვორდი და ასე, რას არ ვკადრულობთ გენაცვალე, ძნელია აქ :)))) ხოდა ვართ ასე, სიტყვების თვლაში გაწაფულები და იკმარეთ ეს 302 სიტყვა :)

Sunday, February 7, 2010

ზარმაცი ვარ მე, ზარმაცი


არაფერიც არ ხდება, ყველაფერი ვიკადრე დღეს იმისათვის, რომ პოლიტეკონომიის წაკითხვა ამეცილებინა თავიდან, გაზქურაც კი გავხეხე, აბაზანა ორჯერ დავალაგე, რა ვიცი, რა არ გავაკეთე, თოვლში და უბედურებაში გარეთ გავვარდი და შორს მდებარე მაღაზიაში წავედი სრულიად არააუცილებელი წვენის საყიდლად (ახლაც გაუხსნელი დევს მაცივარში) და ასე ვარ. არადა, ჩემი წასაკითხია, ვერაფერს მოვუხერხებ. რაღაცა აბსოლუტური რა დამემართა არ ვიცი, მაგრამ აბსოლუტური რაღაცა დამემართა. ხანდახან მგონია, რომ რესურსები - გონებრივი შესაძლებლობები ამოვწურე, ხანდახან მგონია, რომ სამყარო (კონკრეტული, გარსმყოფი) ჩემთვის გაუგებარ ენაზე ლაპრაკაბოს, კიდევ რაღაცეებიც მგონია ხოლმე. ვერ გავიგე რა. რეალობას რომ შევხედოთ, ვერც იმას ვიტყვი, რომ ვერ ვასწრებ და ვერც იმას, რომ ვერ ვიგებ, აი, მაინც ასე უაზროდ ვარ და ესეც რო მაწუხებს ამაზე სუ ვგიჟდები!!!

Saturday, February 6, 2010

რაღაც გამოვიფიტე, მარტო დავრჩი, ახალ მეზობელს ვეძებ, სახლში სიჩუმეა, არ ვიცი, კონკრეტულ მიზეზს ვერ ვპოულობ, მაგრამ ძაააალიან გამოვიფიტე.

Friday, February 5, 2010

ყვითურა


აღმოვაჩინე, რომ ოთახში განათება არ მომწონს. ძირითადად სულ ასეა, ჯერ არ მახსოვს განათება მომწონებოდეს, ან ზედმეტად ნათელია და თვალებს მტკენს, ან „თვალებში მაწვება“ ან მაძინებს ან მამკვდარებს ან რა ვიცი კიდე რა ან, მაგრამ სულ რაღაცას რომ ვიგონებ ფაქტია. ახლაც ასეა, რაღაცა ძალიან ჩაყვითლდა ჩემი ოთახი და ჩაიხუთა და ყელში მიჭერს ეს სიყვითლე და უჰაერობა. უაზროდ ბევრი დრო მაქვს და უაზროდ ვფლანგავ ამ დროს. ხანდახან მგონია, რომ ჩემი შესაძლებლობები ამოვწურე, ხოდა ხანდახან არ მომწონს ეს ხანდახან.

დღეს რამე მხიარულის დაწერა მინდოდა, მაგრამ ეს ყვითელი შუქი ჩამიდგა თვალებში და ყვითელია დღეს სამყარო, რაღაცა უაზროდ ყვითელი...

Thursday, February 4, 2010

ზეცას ეკრობიან სიშორეები...


რა არის თქვენთვის პოეზია? რომელიმე ლექსი გაიხსენეთ, რომლის განწყობაც ახლა გაქვთ...მერე? რა არის მთელი ეს ჯადოსნური სამყარო? ალბათ, ამ კითხვაზე პასუხი ყველას ან თითქმის ყველას აქვს. როდესაც გიყვარს პოეზია, შეიძლება თეზისებად ჩამოწერილი არა, მაგრამ რაღაც არგუმენტი ალბათ მოგეპოვება, რაიმე ნიშნების გამოყოფა შეგიძლია...მე არ ვიცი. არც ის ვიცი ლექსი რა არის, არც ის ვიცი განწყობას რა მოაქვს. ძალიან დიდხანს მეგონა რომ ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, რომ რითმებს სწორედაც ასე უნდა ექუხათ ცხოვრებაში. ახლა დავფიქრდი...ზოგის ცხოვრებაში ერთი სტრიქონიც არაა და მაინც უყვართ...პოეზია .. :) ნელ-ნელა ბურუსი იფანტება, ხანდახან ძალიანაც ცხადად ჩანს ყველაფერი უკვე და... ახალი „რატომ?“ ჩნდება, გაუბედავი, საკუთარ თავში დაურწმუნებელი, თავსდატეხილი რითმებისაგან დაბნეული „რატომ?“...ისევ ბურუსია, ორი წინადადების დასაწერად მეყო მხოლოდ გაყუჩება. ასეთ ცას ვუცქერ მუდამ ჩემი წარმოსახვის სამყოფელის წარმოსახული შუშის სახურავს მიღმა...ეს ცქერაა ჩემი პოეზია

Wednesday, February 3, 2010

სულელივით

ენერგიული დღე იყო რაღაცა, წარმოდგენაც არ მაქვს რატომ, თოვდა, ციოდა, პოლიტეკონომია მიღიმოდა და მაინც კარგი იყო, ზურიკელასავით :))) ასეთ დღეებში ვცდილობ მოვძებნო ჩემი პრობლემები, ფიქრები, მუდამ რომ მამძიმებენ და..ასეთ დღეებში ერთსაც ვერ ვიხსენებ და ხანდახან ისე მიხარიააა :) ახლა ეს ენერგიული და ღიმილიანი დღე დამთავრდა, ხვალ არ ვიცი როგორი დღე გათენდება, შეიძლება ისევ უაზროდ და უმიზეზოდ უღიმღამო, შეიძლება ლამაზი, შეიძლება მზიანი... ვნახოთ..

Tuesday, February 2, 2010

ტოსკა


ოპერების დიდი მოყვარული ვერ ვარ. ვაფასებ, პატივს ვცემ, მაგრამ თქვენ უსმინეთ, მე არ მინდა, იყოს. თუმცა მაინც დავივარ ხოლმე ოპერაში, შიგადაშიგ. დღეს პუჩინის „ტოსკა“ იყო ბუდაპეშტის ოპერაში, უნივერსტეტმა ბილეთის ფასის ნაწილი დააფინანსა თუ რაღაცა ამდაგვარი და მოკლედ, წავედით ამ შენს ოპერაში. რაც მთავარია, სამი ლექცია მქონდა მანამდე, გარეთ თოვლია და ყინავდა და ანუ უნივერსტეტში კაბით ვერ წავიდოდი და სახლში მოსვლასაც აღარ ქონდა აზრი. ისევ ოპერა დაიჩაგრა, ლამაზი შარფი კი მქონდა ამაყად მოხვეული, მაგრამ სპორტული ფეხსაცმელი, ჭრელი წინდები და მოკლე შარვალი მეცვა :) მგონი არლეკინს ვგავდი :) თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ თავი უხერხულად სულაც არ მიგძვნია, არ იყო ახლა დიდი გადაპრანჭული ამბავი. რა გასაკვირია, შარშან გერმანიაში რომ მივდიოდი და პროგრამა გამომიგზავნეს, ერთ-ერთ ღონისძიებად ბერლინის ოპერაში „სევილიელი დალაქი“-ს ნახვა ეწერა. ნუ, თბილისიდან დავიწყე მზადება, ორი სხვადასხვა ქვედაბოლო წავიღე, იქაც რაღაცა ვიყიდე და ნუ, ძააააალიან ვეცადე რომ საოპეროდ გამოვწყობილიყავი. მთელი ჩვენი ჯგუფი როგორ გამოიყურებოდა ამას ოდესმე ცალკე პოსტს მივუძღვნი, თავისი დასურათხატებით, ერთს ვიტყვი მხოლოდ, მთელს ბერლინის ოპერაში მე და სამ 120 წლის მანდილოსანს გვეცვა ცოოოოტათი გამოსასვლელად, ხალხი ბოტასებით, კომბინიზონებით, სამთო ზურგჩანთაზე ჩამოკიდებული ბათინკებით და რა ვიცი კიდე როგორ გამოწყობილი იყო. ხოდა ეს ჩაცმის ამბავი ასე იყო, თვითონ წარმოდგენა მშვენიერი იყო, პირველ მოქმედებაზე, გამოვტყდები და ჩამეძინა. მუსიკის გარდა არაფერი ხდებოდა ჩემთვის გასაგები, მეც ავდექი და მშვენივრად დავტკბი იმ მუსიკით, სკამი იყო ცოტა მოუხერხებელი და ხმელი და ვიწრო კიდე, დავიტანჯე, ფეხები არ მეტეოდა, ჩემს წინ მჯდომს შევუწუხე გული, მის საზურგეზე მუხლებმიბჯენილი ვიტანჯებოდი. თვითონ ოპერის თეატრით დიდად ვერ აღვფრთოვანდი, ბერლინშიც ასე დამემართა, დავიჩემე, ჩვენი სჯობსთქო, მართლა სჯობს. მაგრამ აი, მსახიობები თუ მომღერლები, თუ როგორც არის...კარგია, პროფესიონალური თვალსაზრისით ალბათ ვერც შევადარებ და არც ვცდილობ, ვიზუალს კი, აშკარად ექცევა ყურადღება, რაც ძალიან მომწონს. თბილისის ოპერაში ბოლო ხანებში მხოლოდ ბალეტზე თუ წავიდოდი ხოლმე, მაგრამ ბავშვობაში რაც მახსოვს, კი კარგად მღეროდნენ ალბათ, მაგრამ ვაიმე დედააააა, ოღონდ სცენისკენ არ გამახედო სანახავები იყვნენ. „აბესალომ და ეთერი“ რომ ვნახეთ, ძალიან პატარებიც აღარ ვიყავით, მაგრამ მაინც გაფართოებული თვალებით ვუყურებდით სცენას და ბოლოს, აბესალომის აღსასრულის ეპიზოდში, როდესაც აბესალომმა უკანასკნელად შეხედა ეთერს და განუტევა სული, სრული სიჩუმეა, მუსიკაც წყდება რამდენიმე წამს და უცებ, ჩემი დეიდაშვილის ხმა ისმის, დედა, დედა, ეთერი რო დაინახა გული გაუსკდაო??? არადა, სასაცილოც არ იყო, იმ ეთერის დანახვაზე მე მისკდებოდა გული და ახლა, ახლოდან რა იქნებოდა, ხო წარმომიდგენია.

ხოდა ასე, ხო მეტყობა 140 გვერდი რომ მაქვს წასაკითხი და მერე 450 სიტყვაში განსახილველი, სასურველია „ამ კონკრეტულ სამეცნიერო სფეროში საკუთარი წვლილის შეტანით“?

Monday, February 1, 2010

კარგად დაფიქრდი, ანუკა

საოცარი დღე მაქვს ორშაბათი. ჯერ ყველაფერი იმით იწყება, რომ შაბათ-კვირას ყველა სამეცადინოს და გასართობს და საქმეს ერთად ვახვავებ და მერე მიწევს, ნერვიულობისგან ფილმების ყურება და ღამეების თენება. ორშაბათს დილით 9-ზე მაქვს ლექცია, ნუ ნახევარი საათი უნივერსტეტამდე, ამას დავუმატოთ დილით თავის დაბანა და გამოვიდა 06:30 ჩემი გაღვიძების დრო (ჩემი მელოტი ან თმაგამოხშირული ნაცნობები, პირს და თავს ერთად რომ იბანენ, ნუ შემედავებიან!). ანუ, ღამე ვწვები ასე 4-სკენ და ვცდილობ დავიძინო, მერე 04:30-ზე პირველი ტრამვაის ხმას ვიგებ, მერე ვითვლი დღე-ღამის ამ მონაკვეთში რა სიხშირით დადის ეს ტრამვაი (ხანდახან ნახევარი საათია ზუსტად შუალედი), მერე ვფიქრობ დილით რა ჩავიცვა და მერე მაღვიძარა რეკავს, თუმცა ცოტა ძილსაც ვასწრებ. ნუ, მთელი რიგი რიტუალებისა და მსხვერპლთშეწირვების შემდეგ მივდივარ უნივერსტეტში და წესით უნდა მოვისმინო ჩემი უსაყვარლესი პროფესორის ლექცია კონსტიტუციონალიზმზე, რომელიც უკვე ტრადიციულად მთავრდება ყველა სიტყვაზე ჩემი კომენტარით, ყველა კითხავზე ჩემი პასუხით და საერთოდ აუტანელი ქცევით. ალბათ, ჩემი ჯგუფელები ძააააალიან ვეღარ მიტანენ უკვე მე და ჩემს კონსტიტუციას. ნუ, ეს ლექციაც რომ დამთავრდება როგორც იქნა, მერე იწყება დღის ყველაზე საინტერესო ნაწილი: საღამოს 7-ზე მაქვს გერმანული, მანამდე ერთ-ორი დავალება გასაგზავნი (ეს ამბავი 3-4 საათამდეა მოსაგვარებელი ნიშანი რომ არ დამაკლდეს). ლექციიდან გამოსული ასე ნახევარი საათი ვცდილობ თავს მოვერიო და სკამზე არ დავიძნო, მერე ვცდილობ კააარგად დავფიქრდე ანუკა და გადავწყვიტო სახლში წამოსვლა და საღამოს უკან დაბრუნება თუ ადგილზე დარჩენა სჯობს, მერე გადაწყვეტილება, რომ სახლში თუ მოვედი უკან წასლა დამეზარება და იქ უფრო საქმიანად ვიქნები და ამასობაში ჩემს მეგობრებს უმთავრდებათ ლექცია და მთეეეეელი დღე ილევა მერე.
ხოდა ამდენი იმიტომ ვწერე, რომ მეძინება და შევეცოდო ახლა ვინმეს!!!

Sunday, January 31, 2010

გადაწყვიტე!!!

არ მიყვარს, როდესაც სიტუაცია აბსოლუტურად ჩემზეა დამოკიდებული, არც ის მიყვარს, როდესაც მე ვარ დამოკიებული სხვაზე. ამ ორ არ მიყვარს შორის რომელი უფრო არ მიყვარს, არ ვიცი, ალბათ, როდის როგორ. ყველანაირ წვრილმან თუ მსხვილმან გადაწყვეტილებებს ეხება. ყველაზე ცუდი ისაა, როდესაც ვაცნობიერებ სასურველ გადაწყვეტილებას, შინაგანად თითქოს ვიღებ კიდეც მას და მერე საკუთარ თავს ვატყუებ, ათას "წყალგაუვალ" მიზეზს ვიგონებ იმის დასაჯერებლად, რომ სხვანაირად არ გამოდის, ან ასე თავისთავად გამოდის. ხოდა ასე. ვარ ასეთ გაურკვევლობებში. საინტერესოა, რატომ არ მინდა პირდაპირ, გასამართლებელი მიზეზების გარეშე გავაკეთო რაღაც, ალბათ შედეგების და იმ შედეგებზე საკუთარი თავის პასუხისმგებლის როლში წარმოდგენა არ მესახება კარგ პერსეპქტივად. არადა, ასეც არ შეიძლება.
ხოდა, ვარ ასე, გადაუწყვეტელი!!! :)))
მაინც საყვარელი ვარ ;)

Saturday, January 30, 2010

დღეს თეთრ და დადუმებულ ქალაქში გავიღვიძე, მერე ღრმად ჩავისუნთქე ეს ქალაქი და განვაგრძე ცხოვრება :)

Friday, January 29, 2010

ვთამაშობ ჭვავის ყანაში..


რამდენი ხანია ეს სათაური მიტრიალებს თავში, ახლა კი, სელენჯერი გარდაიცვალა...

მგონი უკვე ქრონიკული მელანქოლიკი გავხდი. და რაც ყველაზე მეტად მაშინებს, ადამიანები მაღიზიანებენ, ძირითადად. რაღაცა, უაზროა ყველა და დავიღალე ამდენი უაზრობით. მგონი ამინდების ბრალია ან ასაკობრივია )))))

დღეს 29 იანვარია, მიყვარს ეს დღე. ძველ დღიურში ერთი ჩანაწერი მაქვს, რაც უნდა მოხდეს, ეს დღე არასოდეს დამავიწყდებათქო... მას მერე არ მიყვარს ასეთი რაღაცეების თქმა და ვცდილობ დავივიწყო ყველა ციფრი და თარიღი, რომლითაც ტვინი მაქვს გამოვსებული. არ გამოდის, უბრალოდ, ყურადღებას აღარ ვამახვილებ, მაგრამ დღეს მთელი დღეა მახსოვს, რომ 29 იანვარია :)))

გარეთ ცივა, სახლში თბილა, თემა შევარჩიე, თემის ხელმძღვანელიც, მეორე სავარაუდო ხელმძღვნაელს ვეძებ და ვერ ვპოულობ :) და ვაააარ ასე :)

Thursday, January 28, 2010

უხ, რაღაცა ისეთი დღე იყო, ყინავს აქ, თოვს და საერთოდ, უბედურება ტრიალებს, განსაკუთრებით თუ უინტერესო ლექციებია. აი, წინა სემესტრში, არ მაწუხებდა უინტერესო ლექციები, ყველა უინტერესო იყო და იმიტომ, ახლა კი ორი საგანი მაქვს ისეთი საინტერესო, ვერც იმას ვიგებ დრო როგორ გადის, ვერც დაღლას ვგრძნობ და მზად ვარ მთელი დღე ვიჯდე მაგ ლექციებზე, ხოდა დანარჩენები, შესაბამისად, საააააააოცრად მოსაწყენია :((( კიდევ ის, რომ ახალი იდეები მაწუხებს, გეგმები მაქვს, იმედია ისევ მალე არ გადამივლის :) ხოდა ასე, ისევ ვერ ვიძინებ და მერე ვერ ვიღვიძებ, მაგრამ შევეჩვიე :)

Tuesday, January 26, 2010

კუთხეში

ბავშვობაში, ტირანი დედაჩემი რომ მსჯიდა ხოლმე და კუთხეში მაყენებდა (არადა, რას მერჩოდა, ანგელოზივით გოდორი ვიყავი, დავგორავდი ჩემთვის), თურმე ბაბუკა მოდიოდა და ჩემს მაგივრად თვითონ დგებოდა მითითებულ კუთხეში, ხოდა მე ვთამაშობდი და დედაჩემი, დესპოტი დედაჩემი, რა თქმა უნდა, სირცხვილით იწვოდა :))) ხოდა ასე. არ მიყვარს როცა მსჯიან, რაც უნდა ცუდად მოვიქცე :))) ხოდა ეს არის სპეკულიანტი პოსტი :)

Monday, January 25, 2010

მომენატრეთ ვა!!!

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ძლივს გავიღვიძე, მერე მეცადინეობას ვერ მოვაბი თავი და უაზროდ ვიწუწუნე, მაინც კარგი დღე იყო. კიდევ ერთხელ გამახსენდა ე.წ „ტკბილი მოგონებები“. რაღაც დიდხანს გამიგრძელდა მარტო ყოფნა და ბეეეეეევრი ფიქრის დრო მაქვს, ყოველდღიური წვრილმანი ჭორებისაგან დაცლილი დრო და მეც ვფიქრობ. ადამიანებზე ვფიქრობ, ჩემს მეგობრებზე, სხვადასხვანაირები რომ არიან, ხანდახან ყველას ერთად გადაყრა რომ მინდა (მტკვარში!!! და არ გააპროტესტო ეხლა ეს, მე შენსავით მაინც არ გამოვხატავ! და იცის ვისაც ეხება), ხანდახან ვერცერთისას რომ ვერ ვიგებ, ხანდახან რომ მაოცებენ, მახარებენ, ვტკენთ კიდეც ერთმანეთს, მაგრამ ყველაზე საინტერესო ის არის, რა მომცეს ამ ადამიანებმა. ნუ, ზოგი ისეთ უხსოვარ დროს გავიცანი, მათ მეგობრად არჩევაში კოგნიტური არაფერი ურევია, ფაქტია, არიან და არიან, ოჯახის წევრებივით, მაგრამ ზოგი ხომ შეგნებულათ ავირჩიე, რაღაც დავინახე, უდიდესი საზრდო სულისთვის. აქ, ხანდახან ძალიან მარტო რომ ვარ და რაღა დაგიმალოთ და ხშირად რომ მოვიწყენ ხოლმე, მახსენდება, ვფიქრობ რას მეტყოდა ახლა ესა თუ ის მეგობარი, აქ რომ იყო და გაოცებული ვარ, რამდენად უნიკალურია თითოეული ადამიანი, რამდენად ძვირფასია ყველა მათგანი, განსხვავებული, ხშირად არნახული, დავიწყებული, ნაწყენი, ერთადერთი თუ მარადიული, მაინც ყველაზე მთავარი - უნიკალური და მერე მჯერა, რომ ადამიანია მართლაც ღვთის ყველაზე დიდი სასწაული და ღმერთო, რამდენი სასწაული დადის ჩემს გარშემო...

Saturday, January 23, 2010

ფიქრი #1


ისევ მოხვედი, მე კი წარმოდგენაც არ მაქვს რა უნდა გიყო. არ არის ამ ოთახში შენი ადგილი, სამეცადინო მაქვს, სტუდენტური ცხოვრება მაქვს გასატარებელი ევროპაში და ამ დროს შენ, მოხვედი აქ, ჯერ ტახის კუთხეზე ჩამოჯექი მორიდებით და ახლა უკვე ყველგან ხარ, მთელ სახლში ხარ, მთელ ქალაქში ხარ. გუშინ ბარში მეგობრებთან ერთად არ მოგეწონა, ადრე გამომაქცუნე, იმის წინ საერთოდაც არ წავიდეთო გამომიცხადე, არავის ხუმრობა არაა სასაცილო, არავინ არაა საინტერესო, ყველაფერი მოსაწყენია, ღამე არ მაძინებ, 24 საათი ტვინს მიჭამ. რა გინდა???? როდის დაგპატიჟე???

რამდენიც უნდა გელაპარაკო მაინც არ წახვალ, ვიცი. იჯდები აქ და ყველგან გამომეკიდები აჩრდილივით. რამე უნდა მოგიხერხო, არ ვიცი რა. ჯერ ახლა მოხვედი და უკვე არ მომწონს შენი აქ ყოფნა. წადი, კარგი???

Thursday, January 21, 2010

გვეშველება რამე?

ამერიკელი ლექტორი მყავს ერთი. მედიის როლი თუ რაღაცა ამდაგვარი ჰქვია კურსს. საკმაოდ საინტერესოა, მაგრამ... ჯერ ხო გონებრივად ჩამორჩენილები ვგონივართ აშკარად, იმ დღეს აღვშფოთდით, რაღაცა სიტყვა განგვიმარტა და ეგ როგორ გვაკადრათქო, მაგრამ დღეს ძალიან გაოცებულმა რომ იკითხა მარტინ ლუთერ კინგი რომ ეწერა მასალებში ვინ არის იცოდით თუ დაგუგლეთო, მაშინ მივხვდით რომ საერთოდ ცუდად იყო საქმე. მაგრამ ეს კიდე არაფერი, მე რა მაშფოთებს. სამოქალაქო უფლებების მოძრაობასა და ვიეტნამის ომზე იყო დღევანდელი თემა და ძაააალიან შეგვამზადა, საშინელ კადრებს იხილავთ და აბა, თქვენ იცით, გაუძელითო. რამდენიმე ჯარისკაცი ისროდა, მხოლოდ ავტომატებიდან, ხოლო ამ დროს ამერიკაში საპროტესტო აქცია პოლიციელებმა დაშალეს, თითო რეზინის ხელკეტი ეკავა ყველას და მომიტინგეების მანქანებში ჩასმას ცდილობდნენ, სიმართლე უნდა ითქვას, წაარტყეს კიდეც იმ ხელკეტებით. ვუყურებდი ამ კადრებს და... როგორ გინდა ამათ გააგებინო ვინ ხარ, საიდან მოდიხარ, რა გინდა, რა გჭირდება.
დარბაზში აღმოსავლეთევროპული დუმილი სუფევდა, მხოლოდ ბოსნიელ სტუდენტს დასთამაშებდა ცინიკური ღიმილი სახეზე...

Tuesday, January 19, 2010

გაბრიელ გარსია მარკესი

რამ გამახსენა??? ერთ დღეს ვართ დაბადებულები, ახლაც მახსოვს როგორ გამიხარდა ეს რომ აღმოვაჩინე. ერთი უცნაური თვისება აქვს ამ გენიოსს. საერთოდ ხომ გენიოსებს ან აღმერთებენ ან აკნინებენ. აი, მაგალითად, გალაკტიონმა ქართული ენა და პოეზია გააღარიბაო, იმ დღეს წავიკითხე ან რამდენია კიდევ ამის მაგვარი. მარკესი ისეთი ტიპის გენიოსია, ყველა აღმერთებს. ზოგი იმიტომ, რომ მოდაშია, ზოგი იმიტომ, რომ თვისთავადია, ზოგი იმიტომ, რომ ასე გაუგონია სხვისგან, ზოგი იმიტომ, რომ არ ესმის მისი და რაც არ ესმის, ყველაფერი აღმატებული ჰგონია, ზოგს მისი ენა მოსწონს, ზოგს ალეგორიები, ზოგს ეგზოტიკა, სევდა, ზოგიც იმიტომ აღმერთებს, რომ დიდი ხანია მაკონდოში ცხოვრობს და აწვიმს...
ჩემს დროს (მე რევოლუციამდელი ბავშვი ვარ) ჯერ კიდევ ბნელი რომ იყო ქართული საზოგადოება და უნარ-ჩვევები არ გააჩნდა, მისაღებ გამოცდას ვაბარებდით ოთხ საგანში, მათ შორის უცხო ენაში, რომელშიც წერითი და ზეპირი კომპონენტი იყო კომბინირებული და კომისიასთან უნდა გესაუბრა სხვადასხვა ზოგად თემებზე, ერთ-ერთი ლიტერატურაც იყო. გამოცდამდე რამდენიმე კვირით ადრე დეიდაჩემმა ერთ თავის თანამშრომელს სთხოვა ჩემს თავს ვერ ვენდობი და შენც შეეკითხე ერთი-ორი წინადადება ინგლისურადო. ჯერ ხო ეს პროცესი იყო გულისგამაწვრილებელი, ვიღაც ადამიანი მომღიმარი სახით რომ გიყურებს და თან რომ იცი, უნდა გამოგცადოს, მერე საერთოდ ყელში მქონდა ყველა საგანი, ყველას ნერვიულობა (მათ შორის საკუთარიც) და ისეთ კონდენციაზე ვიყავი, To Be ზმნას ვერ ვაუღლებდი, ხოდა დავსხედით ახლა და დაიწყო იმან მოთელვა და მე სლოკინი (ხო ვიცოდი, იმდენი ვეყოლებოდი დეიდაჩემს ნაქები მანამდე, ვკვდებოდი, რამე არ შემეშალოსთქო). მკითხა ერთი-ორი წინადადება, გამესაუბრა ასე ვთქვათ და შენი საყვარელი მწერალი რომელიაო. ერთი უცნაური თვისება მაქვს, კრიტიკულ მომენტებში, გამოცდაზე, მნიშვნელოვან ლექციაზე, წერაზე რამე ზოგადსაკაცობრიო თემის ასოციაცია გამიჩნდება და მერე სულ იმას ვფიქრობ, ახლა ეს გამოცდა რომ არ მქონდეს ამ თემაზე ხომ ვიფიქრედი ან ამ ნაწარმოებს ხომ გადავიკითხავდი ან ევერესტს ხო დავიპყრობდითქო (ზარმაცი ვარ მე, ზარმაცი!!!). თან ეს ცნება „საყვარელი მწერალი" ცოტა არ იყოსდა ბუნდოვანია რამეა ჩემთვის. იმხელა პაუზა გავაკეთე, იფიქრა კლასგარეშე ლიტერატურის კითხვას ალბათ მეხუთე კლასში დაანება თავიო და მოემზადა „კონსტანტინე გამსახურდია „დიდოსტატის მარჯვენა““-პასუხის მოსასმენად. მეც ავდექი და მარკესითქო მეხივით გავისროლე მოკრიალებულ ცაზე. მახსოვს როგორ გადაყლაპა ნერწყვი და მარკესი რატომ მოგწონსო მკითხა. კიდევ ერთი უცნაური თვისება მაქვს, უფრო სწორედ ცუდი ჩვევა. როდესაც ვხვდები, კითხვას კითხვისთვის მისვამენ, პასუხს შესაბამისს ვიძლევი. ვიცი რომ არ უნდა ახლა ამ ადამიანს ლიტერატურაზე საუბარი, ის აინტერესებს სინტაქსურად და გრამატიკულად გამართულ წინადადებას თუ ვიტყვი და ახლა რა მნიშვნელობა აქვს კალე ბობოხიძეს დავუსახელებ თუ გალაკტიონს??? ხოდა ავდექი და მისი წერის სტილი მომწონსთქო. ლათინო-ამერიკელ მწერლებს კიდევ ვის იცნობ და ეცნობიო. ჩემდა სამარცხვინოდ, ვერცერთი გავიხსენე. მოწყალედ გამიღიმა და ეგენი ყველანი ეგრე წერენო ;) ასე დამთავრდა ის გასაუბრება. მაშინვე ვიცოდი რომ მარკესი „ყველანი“-ვით არ წერდა, მაგრამ მას შემდეგ არასოდეს ვამბობ რომ ჩემი საყვარელი მწერალი მარკესია, ჩემთვის, ჩუმად მიყვარს...ეს ამბავი ერთს მოვუყევი და რა მარკესს ეტაკე, დოჩანაშვილი გეთქვაო. უფრო შთამბეჭდავი ან ორიგინალური იქნებოდა ვითომ??? დოჩანაშვილიც ხომ უმრავლესობას იმიტომ უყვარს, რომ წინადადების ლამის ნახევარს გაძლევს, მეორე ნახევარი შენი მისაწერია და ვინც ზმნასაც ვერ სვამს იმ მეორე ნახევარში, მას გონია ავტორმა აქ ყველაზე მაგარი რაც იგულისხმა რომ მე უნდა მეგულისხმა ისაა ჭეშმარიტება და დედა, რა გენიოსია, ეს უნდა იყოს ჩემი საყვარელი მწერალიო.
ხოდა ასე!
ახლა ეს შედარებითი პოლიტიკის 120 ფურცელი რომ მაქვს წასაკითხი და მერე დასაწერი იმიტომ დავიწყე მაღალ მატერიებზე ფიქრი, თორე რამე კი არა...

Monday, January 18, 2010

ამანათი


თბილისური ამანათი, იქაური სითბოს მატარებელი და პატარ-პატარა და მნიშვნელოვანი ამბებით სავსე. სინამდვილეში ყველაფერი უფრო ბანალურია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს, ნაცნობი მოდიოდა, ჩამოიტანა, რაც მთავარია დოკუმენტები მივიღე, ჩემი ჩურჩხელები რომელი ქვეყნის თავზე მიფრინავს ახლაც არავინ იცის.
კიდევ საჩუქარი, უუულამაზესი ჯვარი. ადრე ვნახე ეს ჯვარი IX-XI საუკუნეების ერთ-ერთ სამარხშია ნაპოვნი, თუ არ ვცდები, სვანურში. მაშინაც მომეწონა. ვერცხლის ჯვარია, ქრისტეს გამოსახულებით, მაგრამ ეს ის არ არის, რაც გინახავთ, სვანური ქრისტეა. ვინმეს თუ დაგითვალიერებიათ სვანეთში ტაძრები, მათი ხატწერა, მიხვდებით რასაც ვამბობ. მე რომ პირველად ვნახე ეს რაღაცა აბსოლუტურად სხვა სამყარო, სხვა სითბოს მატარებელი და გამომცემი გამოსახულებები, მაშინ ავიჩემე ეს ჯვარი მინდათქო. რამდენი ხანია უკვე. დღეს მივიღე, დედამ გამომიგზავნა, თან არც მითხრა წინასწარ....
კიდევ, წიგნი მივიღე. მეორე წიგნი გამოვდა. არაფერი, გადავფურცლე უბრალოდ. წინასწარ ყდაც და შიგთავსიც ნანახი მქონდა პრინციპში, ახალიც რა უნდა იყოს, ფაქტის გარდა, მაგრამ მაინც დავიჟინე, გამომიგზავნეთთქო, გამომიგზავნეს. ახლა მაგიდაზე ორი წიგნი მიდევს და რამის წარმოდგენის, განცდის თავიც არ მაქვს, სენტიმეტალური სიტყვებიც არ მაქვს, ემოციებიც არ მაქვს. უბრალოდ ორი წიგნი მაქვს უკვე.