Thursday, August 26, 2010

....

ისევ წვიმს და წერა მომინდა... ხომ არის სულიერი აშლილობის ფორმები, სავსე მთვარის დროს რომ იჩენს ხოლმე თავს? მე წვიმაში მემართება, სულ წერა მინდება :)
როგორც იქნა, ისევ ხეები ჩანს ჩემი ფანჯრების წინ, გაფოთლილი, გალუმპული ხეები, წვიმით დამძიმებული ფოთლები, წვიმის სუნი ტრიალებს ოთახში.
იმდენი რამ მოხდა ამ ხნის მანძილზე, ვერასოდეს მოვუყრი თავს, ერთად რომ გადმოვცე. ძალიან ბევრი და ძალიან საინტერესო ამბები მახვევია თავს, ახალი და საინტერესო :))
კიდევ უფრო საინტერესო, გული მიგრძნობს, მალე იქნება.
ისევ მრავალწერტილებით ვწერ და ისევ გაურკვევლად ვლაპარაკობ, ისევ არ ვიცი რა მინდა და არც ის ვიცი რას გავაკეთებ, არც ის, რეალურად რა ხდება... ერთადერთი, ჩემი დამოკიდებულება შეიცვალა და გახდა „დაე“.
გარეთ კი ისევ წვიმს და სულ იწვიმებს...

Monday, July 12, 2010

ისე დავისიცხე, ისევ წერა მომინდა დღეს...
რა თქმა უნდა, ჩამოვედი და რა თქმა უნდა, შესაბამისად მოვწყდი ინტერნეტ-სამყაროს. ახლა არათემატურია ეს ჩემი ბლოგი, უაზრობა გამოდის, დამთავრდა ბუდაპეშტური ცხოვრება, სადღაც, სხვა განზომილებაში დარჩა და ამ ბლოგზე თბილისური 'სთორი'-ს დაწერას რა აზრი აქვს? ბლოგს თუ სახელი გადავარქვი, ასეც არ გამოვა, მაინც ბუდაპეშტურია მთელი ეს ამბავი და ისტორია და მაინც ბუდაპეშტის სახელი უნდა ერქვას. ახალი ბლოგის გახსნა კიდევ უფრო დიდი სისულელე, ალბათ, ისევ წერას შევეშვები და მხოლოდ ნოსტალგიის მოძალების ჟამს მოვჯღაბნი ხოლმე რამეს.
ახლაც ამიტომ ვწერ, საზიზღარ ხასიათზე ვარ სიცხისა და ღამისთევისა და საშინელი ტრანსპორტისა და კიდევ რამდენიმე მიზეზის გამო, მეძინა მთელი დღე. ახლა ერთადერთი იმაზე ფიქრიღა შემიძლია, რომ ერთ კვირაში ზღვაზე წავალ. ერთი სული მაქვს, იმედია წელს მაინც არაფერი შემიშლის ხელს.
ხოდა ასე, მოვიფიქრებ რამეს, თუ არც მოვიფიქრებ და ეს ერთი წელი ხომ იყო კარგი თავშესაქცევი ეს ბლოგი :))

Tuesday, June 22, 2010

უშუქნიშნებო ქალაქი ანუ როგორ უყვარდებათ პრაღა


ვერავინ დამარწმუნებს, რომ ეს ქალაქი რომელიმე ობიექტურ განოზმილებაში არსებობს და არა ზღაპარში, ჩვენს წარმოსახვაში, სხვა განზომილებაში. ჩავჯექი ღამით ავტობუსში, დავხუჭე თვალები და მერე რამდენიმე დღე ამ კოშკებისა და ხიდების ქალაქში ვცხოვრობდი, ყველაფრისგან შორს, სხვა ჟანგბადით გაჟღენთილ გარემოში. რაღაცნაირი მომნუსხველია, გაჯადოებს. მეორე მსოფლიო ომის დროს პრაღა დაბობმბვას გადარჩა, არ განადგურებულა ქალაქი. ძალიან ლამაზი იყო და იმიტომო, მე მგონია, ომის მხარეებიც მოაჯადოვა პრაღამ და იმიტომ, თორემ სილამაზის და ესთეტიკის აღქმა რომ არ ქონია არცერთ მხარეს, განადგურებული ევროპა მოწმობს.

Wednesday, June 16, 2010

უფ

დღეს ყველაფერი მაღიზიანებს, აგერ ჩემი მეზობლის ანგელოზივით ბავშვი რო ჭყიპინებს აივანზე დილიდან ეგეც, ფეისბუქზე ვიღაცა 32 ადამიანს ერთად რომ იმატებს ეგეც, გარეთ რომ წვიმს, რაღაცეებს რომ ველოდები, გეგმებს რომ ვერ ვაწყობ და კიდევ ათასი რაღაც. ყველაფერი რა, საბოლოო ჯამში, ყველაფერი. ის ფილმი რომაა „თქვენთვის წერილია“, მეგ რაიანის გმირი რომ ავადმყოფობს და მოულოდნელი სტუმრის მიღებისათვის ცხვირსახოცებს რომ ლაბადის ჯიბეებში ტენის, სწორედ ასე გამოიყურება ჩემი ოთახი, სურდო თუ ჯანდაბა მჭირს და ვარ ასე :) მერე ტანსაცმელების ჯიბეებიდან უნდა ამოვალაგო ეს ცხვირსახოცები, თორე ზედმეტი ბარგი გამომივა აეროპორტში :)))დღეს უამრავი გეგმა მქონდა და ამ წვიმამ შემიშალა ხელი, ახლა, რადგან სადღაც გადასაკარგავში და სამ ქალაქში ერთად ვერ მივდივარ, აგერ, ქუჩის კუთხეში, ბანკში ჩასვლაც მეზარება. ასეა რა, დავგეგმავ ხოლმე ევერესტის დაპყრობას და...
სხვა რა, მაგისტრი რო ვარ კი გაიგებდით მაგ ამბავს. უაზროდ ვარ რა, ხინკლის ჭამის პონტია, ისევ ისეთი ბითური და უაზრობით გადაქანცული ვარ :))

Tuesday, June 1, 2010

ისევ წვიმს, აი, გაწყალდა გულიო - გამოთქმა რომაა, ისეა ზუსტად, გავწყალდით, გულიც გაგვიწყალდა და ფილტვებიც. ეს გაზაფხულიც გავიდა და ეს წელიც მიილია, მერე, ოდესმე შემაჯამებელი პოსტი უნდა დავწერო ერთი, რა ვთქვი და რა ვერ ვთქვი, რა გავაკეთე და რა ვერ გავაკეთე, რა მოხდა და რა არ მოხდა ამ ხნის მანძილზე.
ახლა კი წვიმს, თანაც, აგრილდა ისევ..
უაზრობისგან ვკვდები. მრუმე და მდორეა ყველაფერი. გაწელილი კადრივით მიდის ცხოვრება.
მეძინება და არც მეძინება, არც დაძნებას აქვს აზრი და არც გამღვიძებას, არც ლოდინს და არც ქმედებას, ბოლო მაინც ერთია, უაზრო, უემოციო ბოლო...

Friday, May 28, 2010

ფუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუ

Monday, May 24, 2010

ქუჩაშიო..

ალავერდზე უარს ხომ არ ვეტყოდი ბატონ დავითს, ხოდა მომიწია მეფიქრა როგორ შეიძლება ამომიცნოთ ქუჩაში. ნუ, პოსტი იმთავითვე უიმედოა, რადგანაც აგერ, ამ ბლოგის მარჯვენა ზედა კუთხეში განალგებულ სურათს თუ ხედავთ და ამით ვერ მიცანით, ეჭვი მეპარება აღწერილობა დაგეხმაროთ რამეში.
მაშ ასე:
1. ივნისის ბოლომდე საქართველოს ქალაქებში ტყუილად ნუ მიმამსგავსებთ ვინმეს
1.1 იმავე ივნისის ბოლომდე ბუდაპეშტსა და მიმდებარე სახელმწიფოებში მოვიძებნები, მაგრამ არავის ხილვა არ მსურს დიდად :)))
2. კარგად რომ ჩავუფიქრდე, ფრიად იშვიათად მნახავთ თბილისში ქუჩაში, მაგრამ მაინც, პირველი და ყველაზე სტაბილური შემთხვევაა ყოველ დილით, დარსა და ავდარში, ზამთარსა და ზაფხულში,წვიმასა და თოვლში 6:30-დან 7:30-მდე პეკინი-პავლოვის კუთხეში გაჩერებაზე ჩემი ხილვა (აქ საეჭვო ასოციაციები ვისაც გაგიჩნდებათ, სირცხვილი თქვენ!!!) დიიიდი სპორტული ჩანთით. ისე, ეს პუნქტი ალბათ უადგილოა, მეეჭვება მეეზოვეები კითხულობდნენ ჩემს ბლოგს.
3. 'ლაგუნა ვერე'-ზე. ვცურავ უქუდოდ, კილომეტრს ნახევარ საათში, ძირითადად ბრასს, ხანდახან ზურგზე, ბოლო დროს ვვარჯიშობ და ვცდილობ ვისწავლო თავისუფალი კოლხური, თუ ცოტა დრო მრჩება შეიძლება ფიცრითაც ვიცურო, თუ მაინცდამაინც აქ მიცანით ვინმემ ტყუილად არც იფიქროთ ახლოს მოსვლა, ყურებში დამცავი საცობი და სათვალე მიკეთია, თან, როგორც უკვე აღვნიშნე, ნორმატივებს ვასრულებ ქალი და არ მცალია სალაპარაკოდ :)))
4. აი, გამახსენდა სად დავდივარ ფეხით, ელბაქიძის აღმართზე ანუ 'ლაგუნა-ვერე'-დან იუსტიციამდე, დილის 09:30- 10:00 შუალედში (იმედია სამსახურის დაწყების საათი კიდევ არ შეუცვლიათ), აქ შეგიძლიათ ამომიცნოთ სველი თმით და სახეზე კმაყოფილი გამომეტყველებით, უჩვეულოდ ფხიზელი და ენერგიული დღე-ღამის ამ მონაკვეთთან შედარებით. ამ შემთხვევაშიც ყურთსასმენები მიკეთია და რამეს ვუსმენ, მაგრამ ისეთ კარგ ხასიათზე ვარ ცურვის შემდეგ, რომ თამამად შეგიძლიათ მელაპარაკოთ.
5. გრიბოედოვის 19 ნომერთან თუ დამიდარაჯდებით ერთხელ მაინც გამოვალ მოპირდაპირე სარდაფ-მაღაზიაში რამის საყიდლად.
6. 15 ნომერ მარშუტკაში (ყოფ. 215) :)))) ვაჩერებ პეკინზე (წესით პეკინის ბოლოს, მაგრამ ისეთი სიხშირით დადის, რომ სეირნობა-სეირნობით შეიძლება 'აჭარა'-მდე ჩამოვიდე) და მივყვები წრეზე :)))
ხო არ გაუუქმებიათ ეს, ე???
7. სამუშაო დღის ბოლოს ნებისმიერ კაფეში, ოღონდ არ ვიცი რას ვუკვეთავ და არ ვიცი როგორ ვიქცევი.
8. ამინდისა და თავისუფალი დროის შესაბამისად, ნებისმიერ ადგილას შემიძლია წავიდე ფეხით, ასე რომ არც სადმე გზატკეცილზე ჩემი პოვნაა გამორიცხული.
რაღაცა მეუინტერესოვა ახლა ეს ყველაფერი, აი, რომ ჩამოვალ თბილისში, კარგად დავაკვირდები ერთი სად დავდივარ და რას ვაკეთებ!
ვიქცევი უზნეოდ და არ ვთაგავ არავის. არავისაც არ ვიცნობ ბლოგ სივრცეში და იმიტომ :)))