Wednesday, March 31, 2010

არ ვაპირებდი დაწერას. რამდენი ხანია უკვე, თითქოს აღარ მომწონს აქ წერა. ან ისტორიები გამომელია (უფ, ვის ჯერა!), არ ვიცი.
ახლა შუაღამეა, ვზივარ და კოდალასავით ვუკაკუნებ ამ კლავიატურას, ყველა სიტყვა დავწერე უკვე რაც ვიცოდი, აღარ ვიცი რაზე ვწერო დავალებები, რა პოზიციბეი დავაფიქსირო ფორუმებზე, რა ფორმა მივცე ათას იდეას.
უბრალოდ, წვიმის სურნელი ტრიალებს ჰაერში, ჯერ არ წვიმს, მხოლოდ სუნი დგას წვიმის და ისეთი სასიამოვნო გაზაფხულის ღამეა, რომ რაღაცის დაწერა მომინდა.
უხ, მენატრება თბილისი.. აი, უკვე ძალიან მენატრება

Sunday, March 28, 2010


ამ ჩემს მეზობელს ბიოდენები აქვს :(
აღარ შემიძლია, ჩემი ინტერნეტ-კავშირი დამოკიდებულია ამის სიარულსა და გაზმორებაზე :( რა დავაშავე, ყველა მისი ნაბიჯი ვიცი უკვე, აი, ადგა - ამიტომ არ მივიდა ეს მინაწერი სკაიპში, ახლა დაჯდა - ამიტომ გაიგზავნა შეტყობინება, ახლა კარი გააღო და შესაბამისად, საერთოდ გადაიხაზა ცისფრად მოციმციმე ეკრანები, ახლა სახლიდან წავიდა და ვაშააა, საღამომდე ინტერნეტი შეუერხებლად მექნებააა!!! ხოდა დავიტანჯე.
სხვამხრივ, რა უშავს, მშვენიერი შეშინებული ახალგაზრდაა.
ორი დღის წინ მოვდივარ სახლში და შუქი არაა ჩემს სადარბაზოში. ეს ცალკე ღადაობა რომ შუაგულ ევროპაში მაინცდამაინც ამ ერთ შენობაში ჩაქრა შუქი, მაგრამ ეგ არაფერი. ამოვედი მოკლედ სახლში და სიბნელეში ორი ცალი თვალი ხამხამებს. ზის ასე, ბუსავით და შუქი არ გვაქვსო, მომახარა. შევატყვე-მეთქი! რა გვეშველება, მთელს ევროპასო. მეთქი, აბა, ახლა დამშვიდდი, რა ევროპა, გარშემო ყველგან შუქია, მოვა აქაც! რა ვქნათო. შენი ჭირიმე, ორი ცალი სანთელი რომ გაქვს ოთახში გამოიტანე, ავანთოთ და ეგაამეთქი. სანთელი რად გვინდაო. ვაიმეეე, მოვატანინე, როგორც იქნა, ავუნთე ეს სანთლები და უჭირავს ხელში ჩირაღდანივით და დამყვება სადაც წავალ. რას დამყვები-მეთქი, რა ვქნაო, რა ქნა და დადგი ერთი გასასვლელში, ერთიც აბაზანაში და განათდება ცოტა. აღფრთოვანდა ეგრევე, ეგ რა კარგი მოიფიქრეო! ვფიქრობ ჩემთვის, გულში, მოვიფიქრე რა, გამოცდილება მაქვს და პრაქტიკაში ვარ ნავარჯიშებითქო, მაგრამ არ ვუთხარი არაფერი. კაი, დაჯდა თავის ოთახში და შიგადაშიგ მეხმიანება, რა ვიცი, ეშინოდა შეიძლება, რას გაიგებ. ხოდა ცოტა ხანში მომადგა, ინტერნეტით მესიჯებს ვერ ვაგზავნიო. რას გააგზავნი, დენის წყარო სჭირდება იმ ინტერნეტსაც. ავუხსენი და დამშვიდდა, მანამდე დივერსია ეგონა! კი მოვიდა ჩემს ბედზე ეს შუქი ძალიან მალე, მაგრამ ისე გულით შემეცოდა მტელი ევროპა სანთლის დანიშნულება მარტო რომანტიკის შექმნა რომ ჰგონიათ და სახლის განათების სტრატეგიული წერტილების მოძებნა რომ არ იციან, რომ აი, რა გითხრათ!
მე რომ მეცოდება ესენი ერთია, მაგრამ ამათ როგორ ვეცოდები არ ვიცი. ჩემს დაბადების დღეზე თონის პურები ხომ მომიტანეს და სანტლებიც ხომ ჩავარჭეთ და ასე რატომ ხდებაო და საქართველოში სად გვაქვს ტორტის საშუალებათქო, ვიხუმრე. ის კი დამავიწყდა ჩემს ხუმრობას კანონმორჩილი გერმანელები კი არა, ჭკუამხიარული ქართველები რომ ვერ იგებენ ზოგჯერ ჯეროვნად და ასე რომ, გამაგრდით ქართველებო, მგონი არ მოგვაკლებენ ჰუმანიტარულ დახმარებას...
ახლა იმედია ამის დაპოსტვამდე არ გაინძრევა იგი საკუთარი სკამიდან და წარმატებით გაგაცნობთ ამ ერთ პოსტსაც! :))

Friday, March 26, 2010

მათემატიკა???


წინ მიდევს განტოლება. განტოლება თუ უტოლობა??? არ ვიცი რამდენუცნობიანია, უბრალოდ განტოლებაა და ვერ ვარჩევ ფიგურებს. ვერცერთ უცნობს ვერ ვოულობ, ყველა ხელიდან მისხლტება, ან ყველა ნაპოვნი და თვის ადგილას დალაგებულია და ეს განტოლება-უტოლობაც ასე გამოიყურეა სწორედ, შეიძლება.ხანდახან სპორტული ინტერესი მიჩნდება რომ აუცილებლად ამოვხსნა, თუნდაც ჯიბრზე და ჯინაზე ამოვხსნა, მეორე წამს კი უკანმოუხედავად მინდა გადახაზვა, წაშლა, დახევა, არ მინდა ბატონო განტოლებები, ძალაა?
დღეს მეჩვენება რომ ტაბულასა და ცხრილებს მვოარგე ჩემი განტოლება, ხვალ შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ისევ დამეკარგა რომელიმე ამოხსნილი და სხვათა ამოსაცნობი მოცემულობა :(
ლალალალალალა
მაგარ ხასიათზე ვარ :)
გადასარევი ამინდი, სემესტრის ბოლო, მშვენიერი გეგმები და მალე სახლში ვიქნები (12 კვირასა და ცოტა მეტში ).
ხოდა ასე :)
კიდევ ბევრი სასაცილო ისტორია, ბევრზე ბევრი, გავიხსენებ და მოგიყვებით ერთ წყნარ საღამოს, ისტორიების გახსენების საღამო რომ დადგება..

Wednesday, March 24, 2010

ქონებრივი დეკლარაცია


პირველივე დღიდან არ აგვეწყო ურთიერთობა, თავიდანვე ვერ გავუგეთ ერთმანეთს :((
ვისაც ჯერ არ გწვევიათ საგადასახადოსთან ურთიერთობის ბედნიერება, ჩემი რჩევა იქნება, ნუ იჩქარებთ :)
მაგრამ ვინ გაცლის! საჯარო მოხელე ვარ და ვალდებული ვარ ჩემო შემოსავლის დეკლარირება გავაკეთო ყოველ წელს. აგერ უკვე მესამე წელია ვცდილობ დავირწმუნო თავი, რომ ძალიან კეთილშობილური საქმიანობაა და საჯარო მოხელის პირნათელი დამოკიდებულება და ბლა, ბლა, ბლა. აი, ამ ფურცლების კრებულს ხელში როგორც კი ვიღებ, მაშინვე მზად ვარ უარი ვთქვა ყველაფერზე, კარიერიდან დაწყებული, პატიოსნებით დამთავრებული, მაგრამ ნუ...
ჯერ ერთი რომ რა წერია ვერ ვიგებ, მერე ვერ ვიგებ მე რა უნდა დავწერო და ამ ყველაფერს თუ გავიგებ, ვერ ვიგებ რა აზრი აქვს ამ ყველაფერს :(((
აი, მაგალითად, გრაფა სადაც ოჯახის წევრების საკუთრებაშ არსებული მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება უნდა მიუთითო. არ ვიცი, არც არასოდეს მცოდნია, არც მეცოდინება, იმიტომ რომ იმ მიწის ნაკვეთზე ცხოვრობდა ყველა ჩემი წინაპარი და მაშინ მოიპოვეს, ჯერ საბაზრო ღირებულება კი არა, ყოდვა-გაყიდვაც რომ არ არსებობდა, გადმოინადირეს ალბათ რამე და დასახლდნენ იქ. მას მერე ასე, გვაქ ახლა ის სოფელი და რა ვქნა, არც არავის მოსვლია აზრად მისი გაყიდვა და შეფასება, ძალიანაც რომ მოვინდომოთ, ვინ იყიდის, რომელი კურორტი ზესტაფონის რაიონის რიგითი სოფელია. ჩემს რომელიმე დაქალს თუ შევაბამ და ტკბილი ყრმობის მოსაგონრად თუ იყიდის ამ მიწას, მაგრამ მანამდე მილიონერი უნდა გახდეს და იმდენი ფული იშოვნოს, ვერ დათვალოს. ხოდა ადრეა ჯერ, ბატონო, ამ მიწის ნაკვეთის შეფასება და არადა, არ ითმენს საგადასახადო. არ ჩაწერ და კაცმა არ იცის რამდენიმე წლის შემდეგ რა თანამდებობაზე იქნები და სულ დასტა-დასტა მოიტანენ ამ დეკლარაციებს და ათას ამბავს მოყვებიან, რატომ არ მაქვს მითითებული თანხა, ან არასწორად რატომ მივუთითე :((
ხოდა ასე ვიტანჯები, მერე შემოსავალი (ოჯახის წევრებისაც). არ უნდა იქნება კაცო ამ ჩემს ოჯახის წევრს თავისი შემოსავალი გამიმხილოს, ძალაა? არის! თავზე გადგას ეს საგადასახადო!
არა, ყველაზე ძალიან რითაც ვიტანჯები, ბებიაჩემის პენსიის თვლა და საოჯახო ტექნიკის ფასის დადგენაა, აი, მოწამეობრივი საქმიანობა რა არის :(
არადა, ახლა მეც კარგი გიჟი თუ არ ვარ, ხომ შეიძლება პასუხისმგებლობის გარეშე მოვეკიდო ამ საკითხს???
ახლა ახალი პრობლემა ამოვჩიჩქნე: როგორ შევავსო აქედან ეს ჯანდაბა დეკლარაცია! არსებობს რამდენიმე არალეგალური გზა და კიდევ გამოსავალი, რომ თუ მაინცდამაინც ვინმეს გაახსენდა, გადავიხადო ის 200 ლარი ჯარიმა, მაგრამ მე მინდა ვიცოდე სამართლებრივი გზა!!! აი, ასე!
ვარ ახლა გახლართული ამ კანონებ-ონლაინ ბაზა-მეგობრების რჩევებს შორის და კიდევ ერთხელ მეშლება ნერვები ამ მოუწესრიგებელ სისტემაზე!!!!
დედა, რამდენი ვილაპარაკეეეე!
არადა, რო შეავსებ, მერე რა უსუსური და უნიათო ფურცლებია, გაგიჟება შეიძლება :)
გადასარევად მეძინა, აი ასე!
ავდექი, მივაფურთხე ყველაფერს და დავიძნე. გაზაფხულის საღამოს ძილი მესიამოვნა :)
ასეა, გაზაფხულია და შეგაწყეთ ახლა თავს, გაზაფხულის დილას გაღვიძება კარგია, საღამოს ძილი - სასიამოვნო, სუნთქვა - სასარგებლო და რა ვიცი, ათას რამეს მოვიგონებ კიდე :)
კვირა და რამდენიმე დღეღა დარჩა ამ ოხერი სემესტრის დამთავრებამდე და მერე ამოვისუნთქავ ცოტა. დილაობით უკვე მაგ შთაგონებით თუ სატყუარათი ვდგები „ერთი კვირაც, ან, ერთიც და “ :)
არ ვიცი რაზე მინდოდა დამეწერა, ისაო, ესაო, ეკონომიკის თეორიებიო, სამოქალაქო საზოგადოების აქტივობაო, კონსტიტუციაო, რა ვიცი კიდე რა. მეუაზროება ყველაფერი.
რაღაც ამოვიჩემე ახლა, აღარ მინდა აქთქო, მენატრებათქო, ესათქო, ისათქო. არა, მენატრება, აი, ძალიან, მაგრამ რაღცა გაზაფხული აქაც მომწონს, ახლა ცოტა თავისუფალი დროც რომ გამომიჩნდება შეიძლება საერთოდაც შეიცვალოს ყველაფერი :)
ხოდა ველოდები ცვლილებებს და კიდევ რაღაცეებს :)))
გავიხსენებ ამ დღეებში რამე სასაცილო ამბავს და მოგიყვებით თორე, მივიღე უკვე ულევი რაოდენობის საყვედური წერის მანერასთან დაკავშირებით :)

Sunday, March 21, 2010

„სიზმრებისათვის მიყვარდა ძილი“

ჭილაძის სამყაროში მომენატრა დაბრუნება, დიიიდ ზეწარზე ამოქარგული ჭრელა-ჭრულა ცხოვრება მინდა. იმდენი რამ მენატრება, ვეღარც ავუდივარ სიზმრებს. ამ დილით სიზმრის დაუჯერებლობამ გამომაღვიძა და რარიგ დამწყდა გული... მაგრად დავხუჭე თვალები, ვცადე კიდევ ერთი წამი, ერთი სიტყვა გამომეწოვა სიზმრიდან. არ გამოვიდა..
ასეა მუდამ, სიზმრების დევნა უშედეგოდ მთავრდება მხოლოდ...
ადრე ვიცოდი ასეთ სიზმრებს რომ არ უნდა გამოვედევნო, უბრალოდ რომ უნდა მესიზმროს, ახლა ისევ სიზმრებს დავსდევ..
ადრე დავიძნებ ამაღამ, მაგრად დავხუჭავ თვალებს და დაუჯერებელ სიზმარს დაველოდები :)

Saturday, March 20, 2010

ძალიან სასაცილოა, როგორ უეცრად იმსხვრევა ქვიშის კოშკები, როგორ ელვის სისწრაფით ვიცვლი ხოლმე ერთი შეხედვით მყარ და წყლაგაუვალ გადაწყვეტილებას, როგორ ყვლეაფერი სულერთია ხანდახან, როგორ, როგორ, როგორ...
ასე სულერთია ხანდახან ყველაფერი, მერე, მეორე დღეს ან კიდევ ღმერთმა უწყის რამდენი ხნის მერე ისევ მინდა კეთილგონიერი ვიყო, ისევ თავიდან იწყება მერე ყველაფერი.
როგორ მინდა ის ხანდახან არ ხდებოდეს ან ასე სულერთი მაინც არ იყოს...
ოოო, დავიღალე...
მეძინება...
ისევ მეძნება..

Friday, March 19, 2010

„რა მოხდა, თუკი ვეღარ შევხვდებით“..

დღესაც გაზაფხული იყო, დათბა საოცრად და სიცოცხლის ხალისი მომემატა.
საღამოს ისევ მელანქოლია, იცის ხოლმე, გაზაფხულის თბილ საღამოებს მელანქოლიური სიო მოაქვთ თან, მოგონებების მელანქოლიური სიო..
მეც ვზივარ და ვიგონებ.
ხანდახან თავი უკაცრიელ კუნძულზე მგონია გარიყული, ყველაფრის გახსენების და შემდეგ მრავალმნიშვნელოვნად გაღიმების გარდა რომ აღარაფერი დაგრჩენია, მეც ვზივარ, ვიხსენებ და ვიღიმი.
ეს დღეს ვარ ასეთ ხასიათზე, დარწმუნებული ვარ ხვალ ისევ მზე ამავსებს თავისი ენერგიებით, ისევ უაზროდ კარგ ხასაითზე ვიქნები, ისევ ყველაფერი ბირწყინებს და ილაღებს გარშემო.
ზუსტადაც ასეა, რა მოხდა მერე თუკი ვეღარ შევხვდებით...
:)

Thursday, March 18, 2010

გაზაფხულის დარია...

მაგარი ამინდი იყო, თბილოდა, გაზაფხული მოდიოდა, ჩიტები ჭიკჭიკებდნენ, უძილობისგან გაბრუებული და ბედნიერი ვიყავი :))) უხ, რა დღე იყოო :)
რაღაცა მიხარია, უაზროდ და აცეტებულად :)
„საუკუნეა უკვე არ მძინავს“, დავიძნებ ახლა.
გაზაფხულის დარია და იქნებ, კარგი სიზმრებიც ვნახო...

Tuesday, March 16, 2010

მეშინია..

ამ ბოლო დროს თავს ვამჩნევ რომ ცოტა შურიანი გავხდი...
მშურს იმ ადამიანების, ვისაც მოვლენების მშვიდად და აუღელვებლად ყურება და შემდეგ შეფასება შეუძლიათ, ვისაც შეუძლია ერთი საათით აღშფოთდეს და მერე ისევ მხიარული გახდეს, ვისაც შეუძლია არ იფიქროს იმ თემებზე, რომელზე ფიქრიც არ უნდა ან ვნებს ან არ ეხება ან არ ვიცი..მოკლედ, მშურს ნეტარი ადამიანების :(((
ემოციურიც და ზე-ემოციურიც რომ ვარ, დიდი ხანია ვიცი, უბრალოდ ამ ბოლო დროს ვხედავ როგორი 'უკეთესი' პოზაა ის, მეორე და ალბათ მინდა ის და არ გამომდის და ვარ ასე, დისჰარმონიაში :(
კოდევ ეს ბევრი ფიქრი არ მომწონს, რაც მჩვევია. რა სჯობს ცოტა ფიქრს, მოკლე ფიქრს, არც არაფერი...არა, მაინც ასე მუდმივად ჩახვეული ფიქრები მჭამენ...
კიდევ ის არ მომწონს, რომ რაღაცის დანაკლისს ვგრძნობ მუდმივად, აი, სულ მუდამ და ვერ ვავსებ :((
კიდევ ის არ მომწონს, რომ ხანდახან თავი არანორმალური მგონია (ხანდახან - ეს თქვენ მოგატყუეთ, მე სულ ასე მგონია ;)
ხანდახან როგორ მძულხართ ყველანიიიი... ესეც არ მომწონს...
დაღლილი ვარ, შინაგანად დავცარიელდი, მოვეშვი, დავიღალე.
მეძინება

Sunday, March 14, 2010

იმედ-გაცრუება


რამდენი ხანია ვცდილობ აქ, ამ სივრცეშ მაინც ავიცილო თავიდან პოლიტიკა, გარკვეულწილად რეალობაც, რაღაც გამოგონილი, ლამაზი სამყარო შევქმენი თითქოს და ათას სისულელეს ვყვები, ხანდახან სევდიანიც კი ვარ, მაგრამ მაინც რეალობას მოწყვეტილი.
დღეს ვერ ვჩერდები, იმიტომ რომ დავიღალე სოციალურ ქსელში ფეთიანივით კომენტარების თვალის დევნებით, ვეღარ აუვედი ყველა აზრზე პასუხის გაცემას. გადავწყვიტე დავწერო.
უკვე ბევრმა ჩემმა მეგობარმა დაწერა ამის შესახებ, მეც ვეცდები ვიყო კორექტული და მთელი ბოღმა და ბრაზი არ გადმოვანთხიო.
აღვშფოთდი ტელეკომპანია 'იმედის' საქციელსა და ამ საქციელის ქვეტექსტზე. მაგრამ ახლა ქვეტექსტებს მოვეშვები და საქციელზე გავამახვილებ ყურადღებას. სადღაც მივაწერე და ვიმეორებ, რომ ყველა ნორმა, რომელზეც კი ფიქრი შემიძლია, დარღვეულია. გამიჩნდა დაუძლეველი პროტესტის გრძნობა, ძალიან მომინდა დამეწერა სარჩელი და რაღაცით მაინც დამეცვა ჩემი უფლება, უფლება იმისა, რომ არ ვიყო დეზინფორმირებული, არ მომაყენონ ფსიქოლოგიური ტრავმა, არ ვიცხოვრო მუდმივი შიშის ქვეშ.
თავიდან მხოლოდ 'იმედზე' გავბრაზდი, საზოგადოებაზე აღშფოთება 'მეორე სერია'-მ გამოიწვია:
სამწუხარდო, ჩვენ ვერ ვაცნობიერებთ, რომ ტრავმირებული საზოგადოება ვართ, ყველა გაგებით, ყველა ასპექტით, თუნდაც მხოლოდ თითოეული იმ მოვლენით ცალ-ცალკე, რისმა განცდამაც მოგვიწია. ასეთ საზოგადოებას სხვა თამაშის წესები აქვს, ასეთი საზოგადოება სხვანაირად ცხოვრობს. ჩვენი ტკივილის გარდა, ჩვენ იმ ხალხის ტკივილს ვერ თუ არ ვხედავთ, ვინც ომის საშინელება საკუთარ თავზე გადაიტანა, ვინც ყველა ჭიაკოკონობაზე საკუთარი სახლის ფერფლს ხედავს აბრდღვიალებულ ალში, შუშხუნების ხმაზე ჭურვები უფეთქდება თვალწინ...სანამ ამ ტკივილებს არ დავინახავთ, მანამდე დავრჩებით შეუმდგარ ერად, შეუმდგარ საზოგადოებად, შეუმდგარ ხალხად...სამწუხაროდ...ასე ვერ ვხედავთ ერთმანეთის სულს, ადამიანობაზე თუ ვისაუბრებთ, ხოლო არ ვიცავთ ერთმანეთის უფლებებს, თუ მაინცდამაინც ახლადდამკვიდრებულ რელიგიაზე და 'სამოქალაქო საზოგადოებაზე' გნებავთ სჯა-ბაასი. თავმოყვარე ადამიანი ამ საღამოს განვითარებულ მოვლენებს არ მოითმენდა, შეურაცხყოფილად იგრძნობდა თავს, პროტესტის გამოხატვის სურვილი გაუჩნდებოდა, მაგრამ ეს ის საზოგადოებაა, სადაც სრულიად უდანაშაულო ახალგაზრდა ბიჭის სიკვდილი სანამ აღგვაშფოთებს, პოლიტიკურ ელიტას ვუსმენთ გულმოდგინედ, სადაც რუსეთის აგენტების თემა ამოუწურავია, სადაც რელიგია და პატრიარქის გაღმერთება მოდური, ხოლო მისი გმობა - ულტრათანამედროვე ტენდენციაა, სადაც პრეტენზია აქვთ ცხოვრების პოლიტიზირებულობაზე და თავად მოსაუბრის ჯერ პოლიტიკური პლატფორმით ინტერესდებიან და შემდეგ აზრებით, სადაც შეიძლება გაიგონო, რომ ეს სიუჟეტი კარგი ან ცუდი ხუმრობა იყო ან საკნებში მყოფი ადამიანები 'სუნიანები' არიან, სადაც შრომისგან დაკოჟრილი ხელები გოიმობაა და ფეისბუქზე საოცარი იდეების ფრქვევა - პროგრესულობა.
დინების საწინააღმდეგოდ ცურვა აპრიორი გმირობა, თანამედროვე და პროგრესული აზროვნება არ არის, ძვირფასებო, გონება იმიტომ მოგვანიჭა ღმერთმა და განგებამ ან იმ ძალამ რომელსაც თქვენ აღიარებთ, რომ კეთილი ბოროტისაგან განვასხვავოთ და დინებასაც კარგად დავაკვირდეთ,იქნებ მისი მიმართულებით იმიტომ ცურავს უმრავლესობა, რომ ეს მარტივი ჭეშმარიტებაა...
ამას თუ ვინმე კითხულობთ, მაპატიეთ აღელვებისთვის (ეს რა არის, კიდევ კარგი მაშინვე არ დავწერე რასაც ვფიქრობდი), ცოტა არ იყოს და დიდაქტიკური ტონისთვის და საერთოდ, კრიტიკისთვის, იქნებ მართლებიც ხართ და თქვენ თუ სიუჟეტი არ გინახავთ ან იცოდით რომ ინსცენირებული იყო, მაშინ არც უნდა შეიწუხოთ თავი...

Friday, March 12, 2010

მახინჯი მჭადები :)


ნუ, რა მონდომებული გოგო ვარ, პირდაპირ, გადაირევი :)))
ავდექი და მჭადები დავაცხვე და მართალია კარგი მახინჯი შესახედავები იყვნენ (უკვე აღარ არიან), მაგრამ მშვენივრად გემრიელი გამოვიდა. ძალიან ადვილი ყოფილა :))))) ხოდა ასე, დღეიდან მჭადის გამოცხობაც ვიცი. ახლა ორ საკითხზე მაქვს სამუშაო: დავხვეწო მჭადის ფორმა და მჭადის გაოცხობის დროს ვიხსნა სახლი გაბუღვისაგან :გავწითლდისმაილიკი: რაიც, დარწმუნებული ვარ წარმატებით გამომივა შემდეგ ცდაზე.
რომ დავაცხე ეს მჭადები, ჩავდე შიგნით სულგუნი (რომელიც უფრო მარილიანი რომ ყოფილიყო კიდევ უკეთესი იქნებოდა) და დავუძახე ამ ჩემს მეზობელს, ისეთი რამე უნდა გაჭამო, პირველად რომ გავაკეთე, მაგრამ შენ რომ ნაჭამი არ გექნება და ვერც გაიგებ ვერასდროსთქო. უნდა აღინიშნოს, რომ ყველა თავისი თვისტომისაგან განსხვავებით კარგად მოიქცა და მთელი ერთი მჭადი აიღო ადამიანურად და შეჭამა. რა იციან ამ დანარჩენებმა, თავაზობ რაღაცას, ჯერ შეგეკითხებიან დეტალურად რა არის და როგორ კეთდება (აი, საქართველოში ყველს რომ ყიდულობს კარგი დიასახლისი და ამომყვანის რძალთან ურთიერთობის დეტალებიც რომ აინტერესებს, დაახლოებით ისე), მერე ასჯერ გკითხავენ მართლა გინდა თუ არა რომ უწილადო, მერე რომელი შეიძლება აიღოს, მერე რამხელა შეიძლება აიღოს, მერე იმ რამხელასაც გაჭრის ოთხ ნაწილად და ყველაზე პატარა ნაწილს იღებს და უიმეეეეეეე, გადაირევი. ხოდა ამან აიღო მთელი მჭადი და გადასარევად მიირთვა, ოღონდ ბოლოს მაინც იყივლა გენებმა და ფქვილი მანახე როგორიაო. რას იზამ, ასატანი ვარიანტია.
ხოდა ასე, ძალიან ამაყი და კმაყოფილი ვარ ანუ ამაყად კმაყოფილი ვარ :))))
კიდე სახლიც დავალაგე დღეს, თან ისე საფუძვლიანად და როლებში შეჭრით, რომ ბოლოს აივანზე გავედი და იმის დასუფთავებაც დავიწყე. ასეთია 'დიასახლისის' ხვედრი. სანამ დავბრუნდები, ხაჭაპურის გამოცხობაც კი უნდა ვცადო - ეს 'დიასახლისის' ოცნებაა :))))))))))))

Thursday, March 11, 2010

ანა-ბანა, ანა-ბანა....

ლალალალალალალალააააააააააააააააააააააააააააა
ვიმღერე ახლა :გავწითლდისმაილიკი: იმედია არავინ დაყრუებულხართ :)) რაღაცა ენერგიები, ენერგიები, ენერგიები :)) მართალია დღეს მოთოვა ბუდაპეშტში, მაგრამ მაინც მოდის გაზაფხული და მეც არ ვიცი რა მიხარია. რაღაც მომავლის გეგმებზე ვილაპარაკე დღეს ცოტა და თითქოს ყველაფერი დალაგდა, რაღაცეები გამოიკვეთა, რაღაცეები გადაფასდა. მიხარიაა :)
ხოდა ვარ ასე, უაზროდ გახარებული.
წასვლამდე დარჩა 15 კვირა, არც კი, თითქმის უკვე 14 :)))))))))))))))))))))
აუუუ, ადამიანებოოო, რა ლამაზ ქალაქში ვცხოვრობ იცით???? აი, რაღაცა საოცარი ქალაქია, მუდმივი ქალაქია, სხვა განზომილების ქალაქია, სამუდამოდ რომ დაგიტოვებს ისეთი ქალაქია :)

როცა დღეები წუთისოფელზე გრძელია...

როცა ყველა წამი სავსეა და თან ცარიელი, როცა დრო გარბის და თან ერთ წერტილშია გაყინული, როცა ყველაფერი მახსოვს, იმიტომ რომ ყველაფერი მავიწყდება ან უკვე დიდი ხანია დამავიწყდა, როცა შემიძლია წამების სიზუსტით ვთქვა უკვე რამდნეი ხანია არ მიფიქრია ან არ გამხსენებია, როცა ვიცი და არ ვიმჩნევ, როცა არ ვიცი და ვიგონებ...
ასე იყო ყოველთვის...
და დღე იყო უფრო გრძელი წუთისოფელზე..

Sunday, March 7, 2010

25 წლის ანუკა


გუშნ 25 წლის გავხდი. ყველა მეკითხება, რა განცდაა, თავს როგორ გრძნობ, ამიტომ იძულებული ვხდები რაღაც განცდა მოვძებნო. არადა არაფერი, განასკუთრებული არაფერი, მხოლოდ ჩემი დღესასწაული, მეგობრები, სიხარული, ასაკთან დაკავშირებით... არც ჭკუა მემატება, არც გამოცდილება, არც არაფერი, ისევ არ მგონია თუ გავიზარდე, აი ასე :)))
ძააააააააალიან მაგარი დაბადების დღე მქონდა გუშინ. ყველაზე მაგარი, რაც კი მქონია. თბილისში გოგოებმა ფეხის ფორმის ტორტი გამომიცხვეს, ეეე, რა მაგარიააააააა, კინაღამ გავგიჟდი. აქ, ბეეეეევრი საჩუქრები მივიღე, თონის პურში ჩარჭობილი სანთლები ჩავაქრე, სურვილის ჩაფიქრება, რა თქმა უნდა, დამავიწყდა და ასე :))
ლალალალააააა, მაგარიაააა, ახლა თოვს, მაგრამ მაინც მაგარიაააააა

Thursday, March 4, 2010

იუსტიციის მარგალიტები


რაზე გამახსენდა არ ვიცი და ჩემი მოქალაქეებთან ურთიერთობის ერთწლიანი გამოცდილება მინდა გაგიზიაროთ. ე.ი. ყველაფერი წიყება იმით, რომ საჯარო სამსახურში მუშაობის დაწყების შემდეგ ადამიანები იყოფიან მოქალაქეებად და დანარჩენებად. მოქალაქეები არიან ადამიანები, რომლებიც გამუდმებით გწერენ ან რეკავენ ტელეფონზე (მნიშვნელობა არ აქვს სად და რა საკითხზე)და გამუდმებით უკმაყოფილონი არიან. ამ მოქალაქეების საკითხს თავიდანვე სერიოზულად მოვეკიდე, რაღაც წილად მეცოდებოდნენ, რაღაც წილად ვიცოდი, რომ მათ წინაშე ანგარიშვალდებული ვიყავი, რაღაც წილად უფროსი პირდაპირ მავალდებულებდა, მოკლედ მრავალი მიზეზი იყო რატომაც ვპასუხობდი ტელეფონს მუდმივად, ვუსმენდი ბოლომდე და ყურადღებით და ყველანაირად ვცდილობდი გადამეჭრა ან შემემსუბუქებინა მათი პრობლემა. საჯარო სამსახურში აღმოვაჩინე, რომ ჩვენს ქალაქში კიდევ არიან კოლორიტები, მოქალაქეები, რომლებსაც ყველა საჯარო დაწესებულების ყველა თანამშრომელი იცნობს, ზოგი მათგანის ხსენებაზე შეხვდები რეაქციას „ააა, ხო“, ზოგისაზე - „უიიი“, ზოგისაზე - „ვუი“ და ზოგისაზე - არა, ეს ცალკე უნდა აღვწერო, ესაა კატეგორია „მარიამ ჭანტურია“. ესაა კატეგორია, რომელიც ტელეფონზე რეკავს, იწყებს ტირილით, გადადის კივილზე, გდებს კუბოში (ყველა შესაძლო და შეუძლო, წარმოსადგენი და წარმოუდგენი წყევლა-ლანძღვა-გინების კრებითი სახელი), მერე ისევ ტირის, მერე ისევ კივის და მერე ტელეფონს გიკიდებს. მთელს ამ 15 წუთიან ინტერვალში საინტერესოა ნაწილი, სადაც ცდილობ გაარკვიო რა საკითხზე რეკავს მოქალაქე, მაგრამ ამაოდ, ყოველ ამოთქმულ ბგერაზე იღებ პასუხს: „შენ შეგჭამა შავმა მიწამ და არ გაიხარე ამ ქვეყანაზე!“. ეს კატეგორია წევრთა ნაკლებობას არ უჩივის, მაგრამ ასეც რომ არ იყოს, თუ ვინმეს შეხება ჰქონია დამეთანხმება, რომ თუნდაც მხოლოდ მარიამ ჭანტურია საკმარისია, რადგან რეკავს ყოველდღე და მთელი დღე (თურმე ყველა საჯარო სამსახურში), ითხოვს გადაურეკო, თუ დასთანხმდი გწყევლის, იმ მოტივით რომ მისი ტელეფონი არ იცი, თუ ნომერი უთხარი, გეჩხუბება, რომ ტელეფონი გათიშული აქვს, თუ სხვა ნომერი სთხოვე, გიკივის, რომ ასე აწამებ მოქალაქეებს, თუ უთხარი, რომ მან დაგირეკოს ისევ გწყევლის, იმიტომ რომ ახალ ქსელებზე დარეკვა ფასიანია, თუ მინისტრის მოადგილე არ შეხვდება ორივეს გწყევლით, თუ შეხვედრაზე დაიბარე - „თქვენ ჩაცვივდით ჩემს დღეში და თქვენ დაგეყარათ შავი მიწა, არ შემიძლია მე სიარული და ნუ მაწვალებთ!". მოკლედ, უიმედო კატეგორიაა!
ახლა რომელი კატეგორიაც უნდა აღვწერო, ასეთ კატეგორიასთან ერთხელ ურთიერთობის მერე სასტიკად ამიკრძალეს და საკუთარ თავსაც ავუკრძალე მოქალაქის მოთხოვნით გარეთ გასვლა (მე კიდევ გადავრჩი, ათას ინტრიგნობას აქვს ხოლმე ადგილი). მოკლედ, ახალი დაწყებული მაქვს მუშაობა და ზეეეეე-ენთუზიასტურად ვეკიდები ყველაფერს და მირეკავს მოქალაქე. ბევრი ტირილის შემდეგ მთხოვა, მოადგილე თუ ვერ შემხვდება, შენ მაინც გამოდი, უნდა გნახოო. ნუ, გავედი და მისაღებში დგას ქალი, ნორმალური, ადამიანი! რომ დამინახა და მიხვდა ვინც ვიყავი და მოიცაო შეჰყვირა და დაიწყო გახდა, ვაიმე გამისკდა გული, ვუყურებ საშვთა ბიუროს თანამშრომელს და უემოციო სახე აქვს, მესამედ იხდის უკვეო. წელსზევით ყველაფერი რომ გაიხადა მანახა ნაოპერაციები ხერხემალი და დაიწყო ახლა ბინტის შემოხსნა, აი, რკინების გამოღების მცდელობაზე, ისე ვიკივლე, რომ სამ წამში ჩაიცვა ზუსტად. მთელი დღე მაკანკალებდა და ერთი თვე მესიზმრებოდა იმის რკინაგამოჩრილი ხერხემალი, კინაღამ გადავყევი :((( მას მერე შევეჩვიე რაღაცეებს...
არის კატეგორია ქალბატონი ნუნუ (გვარს შეგნებულად არ ვასახელებ, თუმცა ყოველ ჯერზე, როდესაც მირეკავდა, სახელი არასოდეს უთქვამს, გვარით მოიხსენიებდა საკუთარ თავს), ძალიან საინტერესო ქალი, ყოფილი თამადებობის პირი, ბოხი ხმით, მკაცრი ტონით, რკინის ლოგიკით, ალოგიკური შეტევით, ბოლოს ბოდიშის მოხდით და ჩემს გარდა (ეს ალბათ ყველაზე ვრცელდებოდა ვისაც ელაპარაკებოდა) ყველა დანარჩენი თანამშრომლების დალანძღვით, ოღონდ, გემრიელად ილანძღებოდა, ძარღვიანად. :)))
კატეგორია - „გოგონა, ისევ ჩვენ გაწუხებთ“, ოღნდ ეს ჩვენ სულ ერთი და იგივე ადამიანი იყო, რომელსაც ისე ეუხერხულებოდა კუთვნილი თანხის შესახებ ინფორმაციის მისაღებად რომ რეკავდა, ხმა უკანკალებდა და მე ამაზე ისე გული მიკვდებოდა, რომ ტელეფონის ერთ ბოლოში მე ვყლაპავდი ცრემლებს და მეორე ბოლოში -ის. ოღონდ ახლა თავი უნდა ვიქო. ამ ადამიანს როგორც ჩანს მანამდე არავინ უსმენდა და მე ხო 225 ნდობის ტელეფონად გადავაკეთე და ყველას დაყვავებით ველაპარაკებოდი და ჯერ ამაზე აღფრთოვანდა, მერე, როდესაც გავარკვიე მისი საკითხი,უფორისიც გავარკვიე საქმის არსში და რეალურად მოუგვარდათ პრობლემა. მას მერე ისევ მირეკავდა, ისევ იმავე ტექსტით: „გოგონა, ისევ ჩვენ გაწუხებთ“ და დღესასწაულებს მილოცავდა, ჩემს ამბებს კითხულობდა, შეიძლება ითქვას, ოჯახებით დავახლოვდით :))))
იყო კატეგორია „გამოდი, შეგხვდები, რამე კი არ იფიქრო, 30 წლის ვარ და მაგარი ხმა გაქვს“, ოღონდ მართლა :))))))))))))
ერთი ქალი მირეკავდა კიდევ, კვირაგამოშვებით, ყველა ტონალობაში მოითხოვდა ერთსა და იმავე აბსურდს და ვერაფრით რომ ვერ ვაგებინებდი, რომ ჩვენთან არ უნდა დაერეკა, ვუსმენდი ხოლმე, მიყვებოდა ოჯახის ისტორიას (ბოლოს ზეპირად ვიცოდი, რამე თუ ავიწყდებოდა ვნერვიულობდი) და კვირის ბოლოს ისტერიულ შეტევას იმართებდა, ამდენი ხანია გეჩხუბები და წყობიდან როგორ ვერ გამოგიყვანეო!!! ასეთი ნერვებიც მქონდა, ოდესღაც :))))
ეს კატეგორია საერთოდ საოცრებაა, კაცი, რომელიც წერილებს გვწერდა თვეშ ერთხელ, მოვალ და მანდ დავიწვავ თავსო და საოცარი ქალი. ე.ი. უნდოდა დოკუმენტის დამოწმება, უჩიოდა ნოტარიუსს, არ მიმოწმებებნო. ახლა ნოტარიუსები კიდევ ცალკე თემაა საერთოდ, მაგრამ ამ ქალის პრობლემა ის იყო, რომ რეალურად არცერთ ნოტარიუსთან არ მიდიოდა და მერე ამბობდა არ დამიმოწმეს დოკუმენტიო. სამმართველოს უფროსთან შეხვედრა შედგა, წესით ყველაფერი უნდა მოგვარებულიყო და მგონია, რომ დამთავრდა ამ ქალის ამბავი და რეკავს საღამოს, ჩხუბობს. გადავირიე, რა გნებავთ, რატომ არ წახვედით სადაც გაგაგზავნეთთქო და, სად წავსულიყავიო, დოკუმენტი აღარ მაქვსო. რა უყავი-მეთქი, გამისკდა გული, ერთი თვეა ამის დოკუმენტები მესიზმრება უკვე და სამმართველოს უფროსზე მეუბნება, მაგას ვანახე და შევცდი რო ვანახდე, გამომტაცა ხელიდან და შემიჭამაო :)))))))))))))) კინაღამ გავიგუდე :))))) მას მერე ორჯერ დარეკა კიდევ და რომ მიხვდა, ვერ დავიჯერებდი დოკუმენტის შეჭმის ისტორიას, უცებ დამშვიდდა, შენ რას გერჩი შვილოო, მე მეხუთე სართულზე ვცხოვრობ, რომ იცოდე და ახლა წავედი, უნდა გადავხტე, მაგრამ იცოდე შენ მომკალიო! მას მერე არ დაურეკავს, იმედია მართლა არ გადახტა.
ვაიმეეე, კიდე ათასი უცხოპლანეტელი რეკავდა, აღარ მახსოვს ახლა კიდევ რაღაცეები, ზოგი ლექსებს მეუბნებოდა, ზოგი ლუიზას ეძებდა, რანაირ გიჟთან არ მილაპარაკია. მუშაობის დაწყებიდან რამდენიმე თვეში, მეგობარმა მითხრა, მაგრად უნდა გახალისოო და ინტერნეტში მაშინ ახალი გავრცელებული ჩანაწერი მომასმენინა, ქალი რომ „ჯორჯია ონლაინში“ რეკავს და ოპეარტორს ეჩხუბება. რამდენიმე ადამიანმა მოვისმინეთ და ყველამ მმმმაგრად იხალისა ჩემს გარდა :)))))))))))))))))))))

Wednesday, March 3, 2010

როცა არ გატყუებ..


ხოდა კარგად ვარ, ასე, უბრალოდ კარგად :) მშვენიერი ამინდებია, ვცდილობ მარტივად შევხედო მარტივ ელემენტებს და გავიღიმო :))) აი, ასე :)))
ეს ქალაქი ნელ-ნელა იღვიძებს მგონი და იმაზე ათჯერ უფრო მეტად ლამაზდება, ვიდრე თავიდან იყო. ჯერ კიდევ მაოცებს. წარმომიდგენია, ზაფხულში რა იქნება.
მინდა მარტი რაც შეიძლება მალე გავიდეს და მერე, მერე ყველაფერი კარგად და თბილად იქნება :)

Tuesday, March 2, 2010

მდაააა

ჩემი ემპირიული ცოდნა და გამოცდილება მიდასტურებს, რომ ძალიან ბევრი ფიქრი მავენებელია ჯანმრთელობისათვის, მაგრამ ვინაიდან მწეველი არ ვარ და ამ კუთხით არ ვვნებ ჩემს ჯანმრთელობას, მთლად ჯანმრთელიც ხომ არ მოვკვდები?? ხოდა ვფიქრობ, უაზროდ, უზომოდ, უმიზნოდ. ამ ყველაფერში ცუდი ისაა, რომ სხვანაირად მოქცევა არ ვიცი. მშურს გაწონასწორებული, მშვიდი, მიზანდასახული და ჭკვიანი ადამიანების, მაგრამ მარტო შური რას უშველის??? ვერაფერსაც ვერ შველის, აგერ უკვე 24 წელიწადია :)

Monday, March 1, 2010

დარაბებს მიღმა გაზაფხულია..


მარტიც მოვიდა :) მიყვარს მე გაზაფხული :) თუმცა დღეს მაინც საოცრად დამღლელი დღე იყო, ვერ ვიტყვი რომ ან გაზაფხულის არ რამე ადამიანურის ხასიათზე ვიყავი :(( ათას უბედურებასა და უხასიათობასთან ერთად, კიდე კისერი გამიშეშდა, თუ ნერვი თუ რაღაც, მოკლედ, დილით სუნთქვაზეც კი მაჟრიალებდა, ახლა ცოტა არაუშავს კიდე...
მოვიდა ჩემი ახალი მეზობელი, კვირა რომ თენდებოდა, დილის შვიდის ნახევარზე :(((( ჯერაც შოკშია მგონი, ნახევრად მძინარემ და თმაგაწეწილმა რომ გავუღე კარი მას მერე :) ძალიან სცადა დამმეგობრებოდა (იმ შვიდის ნახევარზე) და მე, პატივი დავდე, ცალი თვალი ოდნავ გავახილე, თავისი ოთახისკენ მივუთითე, აი, მეთქი, იქ დაიძინებ და გაცნობა სხვა დროს! :)) ძაან სასაცილო ადამიანი კი გამოდგა. ჯერ ერთი, ტიპიური გერმანელია (ეს ჩემი ბინის მეპატრონე რაღაცა გერმანულ ტრეფიკინგშია მგონი ჩართული, სულ გერმანელებს სად პოულობს ნეტა???), აი რაღაცა, თეთრი, ძალიან ქერა და მოწესრიგებული :))) ვარცხნილობა აქვს ჯამით შეჭრილივით (ვინც არ იცის რას ნიშნავს, წარმოიდგინოს ემალის ჯამს როგორ აფარებენ ბავშვს თავზე და იქედან, რა თმაც გარეთ მოხვდება, როგორ ჭრიან. გერმანელებს სულ ასეთი ვარცხნილობები აქვთ. მეორე მსოფლიო ომის გავლენაა მგონი :ჩავფიქრდისმაილიკი: ), დაბაჩუნებს თავითვის მშვიდად და უხმაუროდ და იღიმება. ოღონდ ჯერ ორიენტაციადაკარგულია და პატარა ბავშვივით დამსდევს: "დედაააა, დედააა, დე, დე, დე, დე"...ვაიმეეე, ჯერ ვერ გაიგო რომ ტახტი უნდა გაეშალა და საწოლად გადააკეთებინა და მგონი ხელით იატაკს ებჯინებოდა, ისე ეძინა. მერე ფანჯრიდან რა მონაკვეთსაც ხედავდა ქალაქის, იქ როგორ უნდა მოხვდეს, ძლივს გავაგებინე, ხან გათბობა ეთიშება და ვერ რთავს, ხან წყალს ვერ უშვებს, ხან მაკარონს ვერ ხარშავს (ბედი არ გინდააა, ესეც მაკარონს ჭამს) და არის ასე. დღეს, სახლში რომ მოვედი, მაგიდაზე წერილი დამხვდა, ინტერნეტი არ მაქვს და იქნებ მიშველო რამეო. ოღონდ თვითონ სახლში იყო და მე დილით რომ გავედი, 7-ზე მოვედი. ალბათ, თავი გაიმხნევა ამ წერილის დაწერით :))))))
ხოდა ასეა, მხიარულად ვცხოვრობთ :)))