Wednesday, December 30, 2009

ბოლოსწინადღე


„-დღეს რა დღე არის?

-ხვალის წინა დღე"...

დღეს ნისლი გვაქვს ბუდაპეშტში, ფიქრებიც ჩამომენისლა ცოტათი, მაგრამ მაინც წინასაახალწლო განწყობა დამყვება. არ მაქვს ნაძვის ხე, არ მაქვს სათამაშოები, ბრჭყვიალა გირლიანდები, თოვლი, რაიმენაირი ბაბუა, მაგრამ ვგრძნობ როგორ მიახლოვდება განწყობა. ისე, უცნაურია, სულ მინდოდა ახალ წელს დამეძინა, თბილისში ამას როგორ მოახერხებ ადამიანი მასეთი ფანტაზია თუ ვინმეს გაქვთ, წარმოიდგინეთ და აქ, მგონი მოხერხებადია...ხომ არ მეცადა???? არა, არ ვცდი და წავალ და ვიმხიარულებ და გავერთობი და მოვა ეს ახალი წელიც. ახლა მაკომ გამამხიარულა, ნამარხი ფოტოები გამოჩიჩქნა სადღაც, რო არც მახსოვს იმ საუკუნეში თუ ვიყავი ისეთი ფოტოები და უხ, გავერთე. მიყვარს მე ბავშვობის მოგონებები :))))

რაღაც ნაცრისფერი დღე იყო დილიდან, არადა ამინდი მშვენიერი, ცა - ლურჯი... მაინც მენაცრისფრა, უაზროდ გაილია, უაზროდ დავიღალე, საღამო კარგი იყო, ბარში, მეგობრები, სიცილი, მაინც უაზრობა, მაგრამ სახალისო უაზრობა.

ეს ჩემი თოვლის ბაბუაა და მიყვარს.

ახალი წელი მოდის...უცნაურია.

Monday, December 28, 2009

არ ვიცი რამდენხნიანი დუმილის შემდეგ, მაგრამ კვლავ დავბრუნდი. ბევრი რამ ხდებოდა და წერა მინდოდა, თურმე ძალიან მივეჩვიე ამ სტილში წერას, მაგრამ ვერ ვწერდი, საშობაოდ მკვდარი ევროპა და ლეპტოპის გაფუჭებული დამტენი დამემართა, დღეს ვიყიდე როგორც იქნა და დამთავრდა ჩემი დეპრესია :)))) ახლა სათქმელი აღარ მაქვს აღარაფერი. როდესაც რაღაც ხდება მშინ თუ არ დავწერე, მერე აზრი ეკარგება ყველაფერს. ახლა დაცლილი ვარ, რაღაცა ისე ვინერვიულე ეს დღეები, მარტო და ყველაფერს მოწყვეტილი რომ ვიყავი, რო...არ მომწონს ეს მარტო ყოფნა, სევდიანია ყველაფერი და თავი რაღაცა ძალიან შემეცოდა, არც კომპიუტერი, არც ტელეფონი, არც დამლაპარაკებელი, არც მომკითხავი, ხოდა რა თქმა უნდა მელანქოლიკობა და ამბები... მოკლედ, განვაგრძობ ხვალიდან ამბებს... დღეს დავიძინოთ :)

Wednesday, December 23, 2009

ვენური ჩანართი


სიტყვებს თავს ვერ ვუყრი, შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ, რაღაცა თავი სხვა სამყაროში მგონია. ქალაქი დიდია და ვრცელი, მართლა გამაოცა სივრცემ, იმან რომ ყველა შენობა ძალიან ოთხკუთხედი და დიდია, იმან რომ ყველაფერს ძალიან იმპერიალისტული სუნი უდის და მაინც ყველგან სივრცეა, არაფერია ერთმანეთზე მიწებებული, მიდგმული...წინასაშობაოდ აქ რა ხდება ალბათ ყველას გაუგონია და მეც რომ გამიგონია იმიტომ წამოვედი მარტოდმარტო, გიჟივით :) ყველაფერი მომეწონა, ყველაფრით აღვფრთოვანდი, მაგრამ...დღეს მუზეუმში ვიყავი, იმპრესიონიზმის გამოფენაზე და... კინაღამ ვიტირე, მონე ვნახე, ნამდვილი მონე და ვან გოგი და პიკასო და მოდილიანი ვნახე, შოკში ჩავვარდი, რენუარი ვნახე, მიქელანჯელოს გრაფიკული ნამუშევრები ვნახე (რა თქმა უნდა იმპრესიონისტთა დარბაზში არ იყო ესა), რა ვიცი, ვინც გამიგია ყველა ვნახე მგონი მაგრაააააამ, დეგას ორი ბალერინაააააააა, აი პიკი იყო, დავდექი და აღარ მოვდიოდი, მაკანკალებდა...ხოდა ახლაც ემოციების ქვეშ ვარ და კარგად კი ვერ ვაზროვნებ, რა ვიცი... ჰოსტელის მისაღებში ვზივარ, ქუდჩამოფხატული, ვარდისფერი ლეპტოპით, ჭრელი წინდებით და ბრაზილიის "შლოპანცებით", აი, ძაააალიან სანახაობა ვარ, მაგრამ რა ვქნა, ამდენი სიარულისგან ფეხსაცმელს ვეღარ ვიცვამ, დღეს კინაღამ ქუჩაში გავიხადე და ფეხშველი წამოვედი, ოღონდ მართლა და ახლა აქ იმიტომ ჩამოვედი რომ ეს რომ არ მეთქვა ვინმესთვის გავგიჟდებოდი და ვუთხარი ვინმესაც და გეუბნებით თქვენც :)))

Sunday, December 20, 2009


რაღაცა ყოვლად არასტატისტიკურ ხასიათზე ვარ. დილით ბრიტა გავაცილე, გამოსამშვიდობებელი საუზმე გვქონდა, მისი გერმანელი მეგობრები მოვიდნენ, მოიტანეს პური, კარაქი, ყველი და ძეხვები, დავალევინეთ ჩაი, მერე ჩაალაგეს თავიანთი დარჩენილი სამ ნახევარი პური, 157 გრ. კარაქი და ა.შ იმავე ჩანთაში რითიც მოიტანეს და წავიდნენ :))) ასე იყო ეს ამბავი. ახლა მოწყენილი ვარ, მთელი თვე მარტო უნდა ვიყო და რაღაცა არ მიზიდავს ეს იდეა. წუხელ გავათენე, მივაკვდი ფილოსოფიას და უნდა ვაღიარო რომ ერთი-ორი ჭკვიანური აზრიც წამომცდა მგონი. ამაღამ სტატისტიკას უნდა ვებრძოლო და მორჩააააააააააააააააააააააააა, 8 იანვრამდე თავისუფალი ვარ, აბსოლუტურად თავისუფალი და მიხარია :))) რა უნდა ვაკეთო ოღონდ არ ვიცი.

ხვალ ვენა, ვემზადები, ერთი სული მაქვს.

ამ სტატისტიკას რა ვუყო არ ვიცი.

კიდე ათასი სისულელე მთელი დღე მაგრამ ახლა რაღაცა ისეთ ხასიათზე ვარ, „მენატრება“ ხასიათზე :))))))))))))))))))))))

Saturday, December 19, 2009

ამ ერთსაც მოვწევ და დავუცდი ღამეს...

ბარდნის, საოცარი დღე იყო, მაგრამ აბსოლუტურად სხვა განცდებს ბადებდა, მეცადინეობისაგან განსხვავებულ განცდებს... ბილეთი ვიყიდე, სასტუმრო დაბრონილია, ამაღამ ერთ თემას მოვრჩები, ხვალ სტატისტიკას დავწერ...რაღაცა უაზროდ ვარ, იყინება აქაურობა, ჩემს ოთახში კიდე ტაშკენტია, ვეღარ ვსუნთქავ, მაგრამ საკმარისია გათბობას ოდნავ დავუწიო, ან კარი შევაღო, რომ ვიყინები, რაღაცა ვერ ვარ მგონი.
უი, დღეს რა ვნახეეეეე, ბილეთის საყიდლად რომ მივდიოდი, მეტროში, კარი უკვე იკეტებოდა რო ვიღაცა ბიჭი ტავგანწირვით გამოექანა, ორივე ხელის სამ-სამი თითი შემოყო კარში და დაიწყო ჯაჯგური, იმდენი მოახერხა რომ თავიც შემოყო, ასე კისრის შუამდე და...ნუ, ამ პოზაში დაძრულ მატარებელს არ გამოკიდებია, მაგრამ არც ბევრი დაკლებია. ამ მემანქანემაც ჯინაზე არ გაუღო კარი და ეს ეჯაჯგურა, ეჯაჯგურა და შემოეტა როგორც იქნა. არადა, ჩემს მეტს კი არავის გაუკვირდა..რა უცნაური ხალხია უფ!

Friday, December 18, 2009

კარგ ხასიათზე ვარ, არ ვიყავი, მაგრამ ახლა ვარ, რაღაცა ენერგიულ და კარგ ხასიათზე. ბევრი ვიარე დღეს, ცოტა ვიმეცადინე კიდეც, რაღაცა წიგნები მოვაქუჩე და სახლში წამოვიღე, იმიტომ რომ საღამოს 11 საათზე რომ ვფხიზლდები, დილის 5-მდე ფხიზლად ვარ, დღის დანარჩენი მონაკვეთი სულ უენერგიობა მკლავს და ვნახოთ აბა, იქნება გამოვიდეს ამაღამ რამე ამ წინგებთან :) კიდევ ის, რომ ფოტოაპარატი ვიყიდე, ვენისთვის ვემზადები და მიხარია, იმედია ავტობუსის ბილეთსაც წარმატებით ვიყიდი. ხოდა ასე :)

Thursday, December 17, 2009

რა გავაფუჭო???


მავნებლობის ხასიათზე ვარ, მაგრამ ამ დავალებებს ვერაფერს ვნებ :))) სხვას ვის ვავნო??? :ეშმაკთვალებიანისმაილიკი:

ისევ ბიბლიოთეკა მთელი დღე და ისევ სტატისტიკის ფილოსოფია და ფილოსოფიური მონაცემები :(( მაგრამ მაინც მავნებლობის ხასიათზე ვარ :)

ბუდაპეშტში ყინავს და შობა ახლოვდება, კიდევ ვენა მოდის, ვგრძნობ როგორ მიახლოვდება, მე კი არ წავალ 21-ში, თვითონ ჩამოვა. ისე, ამ ბოლო დროს ამეკვიატა ეგეთი აზრები, აი, მაგალითად, თუ არ გაახელ თვალს და არ გაიხედ-გამოიხედავ, გინდ ბუდაპეშტში იყავი და გინდ ოფშკვითში, მაინც პეკინზე შეიძება დარჩე მთელი ცხოვრება ან რუსთაველზე, რა მნიშვნელობა აქვს :))))

ხოდა ასე, სანამ ძააააააააალიან გავაფუჭებ რამეს, სჯობს ისევ საკითხავს დავუბრუნდე და ან სტატისტიკა მივიყვანო ბოლომდე ან ჩემი უიმედო თემა საკუთარი თავის ფლობის შესახებ :(((

აბა ხე, მოკითხვამდე....

Wednesday, December 16, 2009

მინდა თოვდეს...ვქსოვდე წინდას...


თოვდა, დილით რომ გავიღვიძე უკვე ნამდვილად თოვდა :) გარეთ არ გავსულვარ, არ ვიცი როგორია თოვლიანი ბუდაპეშტი, ჩავთვალე რომ დიდი გოგო ვარ იმისთვის, რომ ფანტელებს ავედევნო. მეც დიდი გოგოსავით მოვიქეცი, ფანჯარა გამოვაღე, ფანტელები ჩავისუნთქე და საქმიანად დავიწყე საუზმის მზადება...ჩემს სახლში მიყვარს თოვლი, აივნის წინ ხეები რომ მხვდება სასაცილოდ დათოვლილი, აქ შიდა ეზოა, ხეები არ ჩანს ჩემი ფანჯრიდან...მაინც თოვლიან განწყობაზე დავდექი, მაინც რაღაცეები გამახსენდა.. ყველა უსწორმასწორობას ასწორებს თერი თოვლი, ყველაფერს ფაფუკს და ნაზს ხდის, ყველაფერს ფარავს და მარტო კარგი განწყობები, კარგი სიტყვები, კარგი ემოციები რჩება :)

მინდა თოვდეს, თოვდეს მინდა :)

Tuesday, December 15, 2009

ბიბლიოთეკები


ყოველთვის ძალიან ამაღლებულ და საინტერესო საქმიანობად მეჩვენებოდა ბიბლიოთეკაში სიარული და ათასი საინტერესო წიგნის გარემოცვაში კითხვა, ვერასდროს ვახერხებდი ამას :( თავიდან მეგონა ინტელექტი და წიგნის სიყვარული არ მყოფნის ამ საოცარი საქმიანობის შესაცნობად და დასაფასებლადთქო, თუმცა რაც თავი მახსოვს სულ წიგნებთნ ერთად მახსოვს, ყოველთვის მიყვარდა კითხვა, ყოველთვის ვკითხულობდი...ბიბლიოთეკებში არ დავდიოდი. სტუდენტობისას, ყველა რომ ბიბლიოთეკიდან ან ბიბლიოთეკისკენ მოძრაობდა, გადავწყვიტე საქმისადმი სერიოზული მიდგომის არქონა და ყველაფრიდან იოლად გამოძვრომის სურვილი მეღობება ბიბლიოთეკისკენ მიმავალ გზაზეთქო, არც მაშინ დავდიოდი ბიბლიოთეკაში, ბოლო წელს უნივერსტეტში თანამედროვე ბიბლიოთეკა რომ გაგვიკეთეს, დასათვარიელებლადაც არ შევსულვარ, სანამ ლექციები არ დაგვინიშნეს იქ :) ახლა ცეუ, აქაც ბიბლიოთეკომანია, ვაღიარებ, ძალიან სანდომიანიიმიჯისშემქმნელი საქმიანობაა, მაგრამ...არ მინდა ეს იმიჯი :) ვისთანაც კი მთქვამს ბიბლიოთეკაში ვერ ვკითხულობთქო, ყველა მეუბნება, მართალია, ხალხში ყურადღების კონცენრაცია ჭირსო, მეც ჩუმად ვუსმენ ამ მიზეზს, და ხო, ალბათთქო, მაგრამ მე ხომ ვიცი, რომ სახლში ტელევიზორის წინ ვმეცადინეობ, თან მუსიკას ვუსმენ, ან ფილმს ვუყურებ, შემიძლია ტელეფონითაც ვილაპარაკო ამ დროს...აქ აღმოვაჩინე რატომ ვერ ვმეცადინეობ ბიბლიოთეკაში, ჭკუიდან მშლის ეს ამდენი ხალხი რომ არის და თან ვითომ რომ არ არის, ფეხაკრეფით რომ დადიან, ჩურჩულით რომ ლაპარაკობენ, ამიტომ ხალხი რო ბიბლიოთეკაში შედის სამეცადინოდ, მე წიგნები გამომაქვს და ბიბლიოთეკის წინ ვზივარ მეზობლის მოძულებული ბავშვივით...თუმცა სემესტრის ბოლომ ეს ამბავიც შეცვალა :( მთელი დღეა ბიბლიოთეკაში ვზივარ და ათასი მიზეზი აღმოვაჩინე რატომაც არ მომწონს ეს ბიბლიოთეკები: ჯერ ერთი ყველაფერი გარდერობში უნდა დატოვო და ისე ამოხვიდე აქ, ტემპერატურა ცვალებადია, ანუ ყველაზე წინდახედული მკითხველი შემოვიდოდა მაისურითა და ჟაკეტით, რომ კლიმატის შესაბამისად ხან გაიხადოს და ხან ჩაიცვას. ჩანთას ვერ შემოიტან, ამიტომ ჩანთიდან უნდა ამოალაგო ყველა ის ნივთი, რომელიც შეიძლება ჰიპოთეტურად დაგჭირდეს მთელი დღის მანძილზე და თან წამოიღო, შესაბამისად, დახუნძლული შემოვდივარ ამ ბიბლიოთეკაში და მაინც აღმოვაჩენ რაღაცას რისი შემოტანაც დამავიწყდა და რაც ძალიან მჭირდება. ამიტომ მიწევს ამ დარბაზიდან გასვლა, ერთი სართულით მაღლა ასვლა, ბიბლიოთეკიდან გასვლა (ფეხაკრეფით), ერთი სართულით ქვევით ჩასვლა, გარდერობის რიგში დგომა, უნგრელი მეგარდერობისთვის კიდურების დახმარებით იმის გაგებინება რომ ჩანთიდან რაღაცის ამოღება მინდა უბრალოდ, მერე ჩანთის უკან ჩაბარება და ისევ დარბაზში დაბრუნება (ანუ ისევ ასვლა და შესვლა და მერე ისევ ჩასვლა). აღსანიშნავია, რომ იგივე პროცედურაა ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისთვისაც (ლოკალური ტუალეტები არ არსებობს), ერთადერთი ნუგეში ისაა, რომ ყოველ შემოსვლაზე (ბიბლიოთეკაში :P) სტუდენტის მოწმობის წარდგენას არ ითხოვენ. ახლა ყველაზე მძიმე: ამ ბიბლიოთეკაში არ შეიძლება საჭმელ-სასმელის შემოტანა, წყლის ბოთლს და შოკოლადს ან ვაშლს (ან ბანანს) ვგულისხმობ, თორემ ხარჩო და წითელი ღვინო ახლა მაინცდამაინც არავის მოაქვს, ამ შემთხვევაშიც გარეთ უნდა გახვიდე და კარგ ვარიანტში, ბიბლიოთეკის წინ უნდა გქონდეს რომელიმე სავარძლის ქვეშ გადამალული წყალი და შოკოლადი, ცუდ ვარიანტში, ისევ ის უნგრელი კაცი :( აღარაფერს ვამბობ იმ შემთხვევაზე ტელეფონმა თუ დაგირეკა ან ვინმესთან დალაპარაკება მოგინდა...
ეს ყველაფერი დაახლოებით ასეთი სქემით ვითარდება: მოდიხარ დილით უნივერსტეტში ჩაფუთნული, გაყინული, შენობაში ლღვებიდა უცებ გცხელა, ამიტომ იხდი ყველაფერს, ჩანთიდან იღებ ლეპტოპს, რვეულს, კალამს, აბარებ ჩანთას და ტანსაცმელს მეგარდერობეს და ამოდიხარ ბიბლიოთეკაში. იწყებ წიგნების ძებნას, რომლებიც სხვადასხვა სართულებზეა განლაგებული, პოულობ, იწყებ კიხვას, ის-ისაა უნდა ჩაეფლო, რომ დაგჭირდა ცხვირსახოცი, რომლის ამოტანაც დაგავიწყდა. ტოვებ ყველაფერს, ადიხარ-გადიხარ-ჩადიხარ, იღებ ცხვირსახოცს და ამოდიხარ-შემოდიხარ-ჩამოდიხარ. ჯდები, აგრძელებ კითხვას და ხვდები რომ იმდენი იარე და ისე ცხელა, რომ გწყურია. რას შვები? ადიხარ-გადიხარ, სვამ წყალს, შემოდიხარ-ჩამოდიხარ, ცდილობ აზრობრივად იმ ადგილს დაუბრუნდე, სადაც ის-ის იყო რაღაცა დიადი იდეა უნდა დაგბადებოდა, ძალიან წვალობ, ამ წვალებაში და წყალიც დალეული რომ გაქ საკმაო ოდენობით, გინდება ტუალეტში, ადიხარ-გადიხარ-მიდიხარ, გზაში ის იდეაც მოდის, რაღაცა თემის სტრუქტურაც წარმოგიდგება უცებ თვალწინ, ბედნიერი ხარ, სანამ უკან ბრუნდები და შენს მაგიდას მიუჯდები, აღმოაჩენ რომ არ გახსოვს რაც მოგაფიქრდა :( იწყებ თავიდან...მერე გშივდება, მერე ვიღაცა კონდენციონერს ჩართავს და გცივა, მერე სანამ შეჭამ და ჩაიცვამ კიდე რამდენი დრო იხარჯება კაცმა არ იცის, მერე ისევ, ან ყავა მოგინდება, ან შოკოლადი, ან რვეული დაგრჩება ან ტელეფონზე დარეკავს ვინმე და მოკლედ რა, მთელი დღეა დღეს თან ვმეცადინეობ და თემას ვწერ ფილოსოფიაში და თან რამდენჯერ ავედი და ჩამოვედი ამ კიბეზე აღარ ვიცი უკვე. ოღონდ ახლა არ მითხრათ, თემას თუ წერ რა დროს შოკოლადი და ყავააო :)) შოკოლადის დრო სულ არის ;)
ხოდა ასეთ პირობებში ვარ დღეს მთელი დღეა..ასე ვიტანჯები, არადა რო შეხედავ რა სურათია არა? პირდაპირ, აქ ყოფნა და კითხვა მოგინდება :P

Monday, December 14, 2009

უფანჯრო დღე..

მთელი დღე კომპიუტერის ლაბორატორიაში გავატარე, ყოვლად უაზრო მონაცემებთან ბრძოლასა და მათ რეგრესირებაში. არა, მე ხომ აქამდეც არ ვწყალობდი ამ ყველაფერს, მაგრამ ისეთ ტერმინებს ვიყენებთ დავალების დაწერისას, რომ ვორდი სულ გადაწითლებულია, მსგავსი სიტყვები არ უნახავს არასოდეს :((( არც მე მინახავს, მაგრამ მაინც ჭკვიანი მაიმუნივით ვიმეორებ ათასი წყაროდან ამოკითხულ სისულელეს და ვცდილობ კვლევის ინტერპრეტირებისა და ანალიზის სახე მივცე ამ ყველაფერს. მაგრამ ცოტაღა დარჩა, თან ვენაში მივდივარ 21-ში, ამ ყველაფერს რომ ჩავაბარებ, ჩავჯდები მატარებელში ან ავტობუსში (მატარებელი მირჩევნია) და საერთოდ დავივიწყებ რომ ჩემსა და ვენის გარდა კიდევ რამე არსებობს ამქვეყნად :)) აი, ასე!!!

Sunday, December 13, 2009

უცნაური დღე


დილით თოვდა..ლამაზად, მსუქანი ფანტელებით, მაგრამ არ დაუდევს, უბრალოდ აუტანლად ყინავს ბუდაპეშტში. სასაცილოა, მაგრამ ახალი წელი ჩემთვის დაორთქლილ ფანჯრებთან უფრო ასოცირდება ვიდრე საცივთან. დღეს დილიდან ოჯახის გოგოები ვართ მე და ბრიტა უკვე ორი კვირაა ცდილობს შემაბას საშობაო ნამცხვრის გამოცხობაზე (ერთი მე რაში ვჭირდები არ ვიცი ოღონდ), მოკლედ დღეს მოვნახეთ დრო და რომ მეგონა ვაცხობდით აღმოჩნდა რომ მზა ცომი ვიყიდეთ და ღუმელში შევდეთ :))) მე როგორც დავასკვენი, აქ ასე იციან საჭმელების კეთება: ყველა რეცეპტს ინტერნეტში პოულობენ და ყველა ინგრედიენტს მზა მდგომარეობაში ყიდულობენ! :)) მოკლედ ყველაზე დიდი ჯაფა ნამცხვრის ფორმა იყო, რადგან სპეციალური ფორმები არ მოგვეპოვება და ვერც მაღაზიაში ვიპოვნეთ, მთელი ნახევარი დღე მივუძღვენით ვარსკვლავების და ნაძვის ხეების ხატვასა და გამოჭრას. რაღაც მოჯადოებულ ქვეყანაში ვარ მგონი, ნამცხვრის გამოცხობა ერქვა მაგრამ ხელგარჯილობის გაკვეთილი გვქონდა აშკარად :))

საღამო კარგი იყო, სადღაც ბარში წავედი, ერთ-ერთი ჩემი აქაური მეგობარი მღეროდა და ძააააააააალიან ვისიამოვნე, იმ მუსიკით სავსე დავდივარ ბოლო ორი საათია :)

მეტი არაფერი, რაღაცა მშვიდი დღე იყო, ხვალიდან ისევ სამეცადინო და ისევ სტატისტიკაზე წუწუნი :)

დღნაშვი


თითქოს საუკუნეა არ დამიწერია, არ მახსოვს, ჩავეფალი ცალკე სამეცადინოში, ცალკე კიდე რა ვიცი და ვარ ას ჩაფლული :))) არ მინდა წუწუნი, არც ვიწუწუნებ, უბრალოდ, სიამოვნებით ავკრძალავდი სტატისტიკას :)))

მეტი არაფერი ხდება, რაღაცა ძალიან საშობაო განწყობა და თან ყინვა და თან დავალებები და თან მათი შესრულების ბოლო ვადები და ასე :)

სათაურზე რამე განსაკუთრებულს ნუ იფიქრებთ, ციყვის შვილს ქვია ასე, მე რამდენადაც ვიცი :)

Thursday, December 10, 2009

ვეძებ ენთუზიაზმსა და მოტივაციას...


ეს ჩვენი დავალებები ცხრათავიან გველეშაპებად იქცა, ერთს რომ მოაჭრი და მის ადგილას რომ სამი ახალი ამოდის, დაახლოებით ასეა.

ჩემს ხასიათში არ მიყვარს..არ ვიცი ამ თვისებას რა დავარქვა, მაგრამ აი, რაღაცის კეთებას რომ ვიწყებ და არ გამომდის, თავიდანვე გული ვერ დავუდე, რაღაცამ შემიშალა ხელი ან არ ვიცი რა, მაშინ მირჩევნია ახალი რაღაც დავიწო. შეიძლება ბრძოლისუნარიანობა ქვია, ან „ჟილკა“ ან არ ვიცი, მოკლედ იმის სურვილი არ მიჩნდება ხოლმე რომ ეს, აბურდული საქმე გამოვასწორო, ხოდა ეგ არ მომწონს, თან ძალიან არ მომწონს.

ვფიქრობ რა პრობლემის კველვა მენდომებოდა, რომლის მთავარი პრობლემა შეკითხვის სახით მექნებოდა ჩამოყალიბებული და საკვლევ მეთოდად ინტერვიუს გამოვიყენებდი!!! :((( ჩემით კი არ ვიფქრობ, დაგვავალეს :((( ხოდა დაცლილი ვარ ყველანაირი იდეის, ენთუზიაზმისა და მოტივაციისაგან!

Wednesday, December 9, 2009


გუშინ ჩავერთე რეგისტრაციის მარათონში ანუ 11 იანვარს რომ სემესტრი დაიწყება იმ სემესტრისთვის უკვე უნდა დარეგისტრირდე საგნებზე. რეგისტრაცია შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში, დილი 08:15-დან. სხვა რა გზა მქონდა, ვაიძულე საკუთარი თავი წინასწარ მომეფიქრებინა იანვარში რა საგნების სწავლის სურვილი შემიპყრობს და დათვზე მონადირესავით მოვიქეცი, ანუ თითქმის არც დამიძინია, რამდენიმე საათით მოვატყუე თვალი, კომპიუტერი ქსელში შეერთებული დავტოვე, დრო რომ არ დამეხარჯა, 8-ზე წამოვხტი, საბანი მოვიხურე და ჩავჯექი ჩირგვებში ანუ დავუდარაჯდი ცხრის 15 წუთს. კალმები, ფურცლები, ცხრილები და ყველა შესაძლო საჭირო ნივთი წინასწარ მოვიმარაგე ხელის გაწვდენის სიშორეზე, საიტი გავხსენი და მამცნო რამდენიმე წუთი დარჩაო, ოღონდ ავტომატურად არ ითვლის თვითონ ანუ ასე წუთნახევარში ერთხელ ახლიდან ვხსნიდი და დადგა ნანატრი 08:15-იც. ფეისბუქზე გამოჩნდა ამ ბოლო დროს (ან მე შევამჩნიე ამ ბოლო დროს) რაღაცა თამაში, წუთში ყველაზე მეტჯერ ვინ მოასწრებს ბურთზე ხელის დაჭერას თუ რაღაცა ეგეთი და იდიოტობად მივიჩნიე ეგ თამაში თავის დროზე და გუშინ დილას ისე ვნანობდი ნავარჯიშები რომ არ ვიყავიიიიი... მოკლედ, ისედაც ჩამოყალიბებული აზრები არ მქონდა და ხო სულ დავიბენი ამ საგნებს რომ შევხედე, მაგრამ მაინც ხომ არ შევიმჩნიე და რო მგონია რომ წარმატებულად დარეგისტრირებული სტუდენტი ვარ, გავხსენი ჩემი რეგისტრაციის ფურცელი და რას ვხედავ ორ საგანზე მომლოდინეთა სიაში ვარ, ანუ ვიღაცა ჩემზე ადრეც დარეგისტრირდა და ეს ვიღაცა იმდენი იყო, რომ ჯგუფი შეივსო და მე წარმატებული მესამე პოზიცია მხვდა (სამეულში ვარ ორივე საგანზე), არადა იქვე წერია რეგისტრაციის დრო 08:15:52!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! აი, იმედგაცრუებულიც აღარ ვარ!! მაგრამ მაინც, დიდი წარმატება მაქვს წინა სემესტრისაგან განსხვავებით, ჯერ ერთი საჭიროზე მეტი კრედიტი მიგროვდება უკვე დარეგისტრირებული საგნებით, მერე იმ ორ სასურველ საგანზეც მოვხვდები, რადგანაც მოწინავე მომლოდინეთა რიგებში ვარ და ისე, ცუდად კი მოვიქეცი, ხამივით, ყველა საგანზე დავრეგისტრირდი, ზოგი არ მაინტერესებს, ზოგი ერთმანეთს ემთხვევა, ზოგი არ ჩატარდება, მაგრამ რაც იყო საიტზე ყველაფერი ავირჩიე და აი, მიტოვების ბოლო წამამდე მექნება არჩეული, კომპენსაციაა ეს წინა სემესტრის ტანჯვისათვის, მერე ავდგები და უუუუუუუუუუდიდეს სიამოვნებას მივანიჭებ საკუთარ თავს უსარგებლო საგნების გადაყრით და ლამაზი ცხრილის შედგენით! აი ასე!!!!

კიდევ ის, რომ ძალიან გამხეცდნენ ეს ლექტორები სემესტრის ბოლოსთან დაკავშირებით და ვაიმე აღარ შემიძლია!

ხო, კიდევ, ეს რომ არ დავწერო არ შემიძლია, სულ ცინცხალი იდეა მოვისმინე როგორ უნდა დაიცვა ქალი აუნაზღაურებადი შრომისაგან. ანუ, ქალები, სახლის საქმეს რომ ვაკეთებთ (უხ, რას ჟღერდა ეს ვაკეთებთ!!!) ეს არის აუნაზღაურებადი შრომა და ამით ირღვევა ქალების უფლებები, შესაბამისად ასეთი ტიპის შრომა უნდა გადანაწილდეს თანაბრად ქალებზე და მამაკაცებზე. ამ ყველაფერში საოცარი ის არის, რომ სახელმწიფომ უნდა შეძლოს და უზრუნველყოს სახლის საქმის თანაბარი გადანაწილება ცოლსა და ქმარზე და ქალებს ბოლოს და ბოლოს უნდა მივცეთ უფლება უჩივლონ მეუღლეებს თუ ისინი არ შეასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას ანუ არ გააკეთებენ სახლის საქმეს! აბაააა! არა, იდეაზე არა, უფრო მექანიზმზე მეცინება, რავარი სანახავი იქნება კვირაობით უბნის ინსპექტორი რომ მოვა და იკითხავს: „აბაა, მოყვარულო მეუღლეებო, მითხარით ვინ დარეცხა გუშინ ჭურჭელი? და ეს უნიტაზი ვინ გახეხა? არავინ? ვისი ჯერი იყო???“ ცოლ-ქმარი ამ დროს ხალათებით უნდა ისხდნენ მორიდებით, სკამის კიდეზე და მაგიდის გადასაფარებლის წვერს აწვალებდნენ დარცხვენილები და თავჩაქინდრულები!!!





Monday, December 7, 2009

C'est la vie

შენს ნაწერებით შენს განწყობას უფრო გაიგებს ადამიანი, ვიდრე რაიმე ამბავსო...არადა, ამბების სათხრობად შეიქმნა ეს ბლოგი. თუმცა რა, ამბებიც განწყობები არაა და პირიქით, განწყობები ამბებს არ ყვებიან?
ჩემი მეგობრები მენატრებიან, უფრო სწორედ მჭირდებიან... ეეე... აქ სხვები არიან, სხვებს რა დალევს, ეს სხვები სულ არიან...მეგობრები კი ხან არიან, ხან არა, ხან გვგონია, ხან არა...

Friday, December 4, 2009

გადაივლის ეს ზამთარიც..

თოვლი მინდა და ნამდვილი დღესასწაული. გარშემო რო ყველაფერი ბრჭყვიალებს, თოვლის ფანტელები რო მოფარფატებენ, ყველას რომ რაღაც უხარია. რაღაც ახალი წლის განწყობა გადმომედო. მეგონა დავსევდიანდებოდი ახალი წლისთვის, ნაძვის ხე რომ არ მექნება, ოჯახური ფუსფუსი რომ ამცდება, ჯერ შორია ახალ წლამდე, მოვასწრებ დასევდიანებასაც :))))

Thursday, December 3, 2009

კორელაცია და ჯანდაბა...


სემესტრის ბოლომ „უხვად მოიტანა სისხლი და ცხედრები“, ასეც აღარ შეიძლება, ყველაფერი მოსაწყენი და მარაზმში გარდამავალი გახდა (არც მანამდე აკლებდა, მაგრამ...). ასე მაგალითად, ორი უმძიმესი დავალება მქონდა გუშინ და დღეს, ერთი ამ დილით უნდა დამედო საიტზე, ერთიც ხვალ დილით უნდა დავდო. პირველი მათგანის წასკითხი 120 გვერდი შეეხებოდა სახრახნისის შემადგენლობას და მისი რაობისა და მნიშვნელობის განსაზღვრაში ლინგვისტურ და ადამიანურ ფაქტორს. ამ საკითხავის შინაარსზე ჩემი პოზიცია უნდა გადმომეცა 500 სიტყვაში, მეორე შეეხება ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი მოსამართლეების პოლიტიკური შეხედულებების გავლენას მათ გადაწყვეტილებებზე, ამ უკანასკნელის შესახებაც 500 სიტყვა უნდა დავწერო, ოღონდ კორელაციისა და რეგრესიის ინტერპრეტირების შესახებ. ეხლა მე გეკითხებით, მე ამერია რამსები თუ ამათ??? გარდა აღნიშნულისა, წარმატებით ვიმსჯელეთ ფილოსოფიის ლექციაზე დილიდან უსქესო საზოგადოების პროგრესულობაზე, აუცილებლობასა და პერსპექტივებზე!!!! გადავირიე უკვე, მგონი...

Wednesday, December 2, 2009

მაღვიძარაზე წუწუნის მეორე დღე მაღვიძარას ხმის გარეშე გათენდა, თუმცა ცოტათი გვიან გათენდა. მშვენიერი, ნაყოფიერი, ძილით გაჟღენთილი, კონსტრუქტივიზმთან ბრძოლაში გალეული დღე იყო, ვერაფერს იტყვი. უკვე შევარჩიე შემდეგი სემესტრის საგნები, გადავწყვიტე როგორ უნდა გავატარო შობა-ახალი წელი, კიდევ მრავალი სამომავლო საკითხი განვიხილე და შევაჯერე, აი, სულ რამდენიმე დღეში ჩასაბარებელი თემების შესახებ ჯერაც ვერაფერი გადავწყვიტე. გამოვა რამე, იმედია :)

Tuesday, December 1, 2009


ყოველ საღამოს ძალიან მონდომებული და მობილიზებული ადამიანი ვარ, მაღვიძარას ვაყენებ, ათას გეგმას ვსახავ, როგორ ავდგები დილით ადრე, როგორ გავაკეთებ ყველაფერს, მაგრამ აი, მერე იმ რამდენიმე საათში, ძილისთვის რომაა გამოყოფილი, რა მემართება, არ ვიცი! წუხელაც ასეთი კარგი გოგო ვიყავი, დავგეგმე დილით რა უნდა გამეკეთებინა, დავაყენე მაღვიძარა იმაზე ორი საათით ადრე, ვიდრე მჭირდებოდა. ხოდა ოდესღაც რომ ჩამეძინა, მალევე დარეკა მაღვიძარამ, ჯერ ჩვეულებისამებრ 5 წუთით გადავწიე, მერე 10-ით, მერე გადავწყვიტე, რომ დილით არაფერი გამკეთებინა და პირდაპირ ლექციაზე წავსულიყავი, მერე რა ვქენი არ ვიცი (და ეს არის ამ ისტორიაში ყველაე საგანგაშო!) 10 საათზე იმ საშინელი შეგძნეით გავახილე თვალი, რომ მაღვიძარა აღარ რეკავდა :( სანამ ტელეფონი ვიპოვნე კი გავიდა კიდევ 5 წუთი და რას ვხედავ, 11-ის წუთებია უკვე :(((( 11-ზე ლექცია მაქვს, ვერ გავაცდენ სულ რომ მოვკვდე, არადა როგორ გინდა მოასწრო. ნუ, კარგი, რაღაცნაირად მოვახერხე აკრობატული ნომრების ჩატარება და თან ბანაობა და თან ჩაცმა და გეგმაზომიერად (ეეე, რა მაგარი სიტყვაა) გავედი სახლიდან. ყველაზე საშინელება ის იყო, რომ საააააააააააოცრად წვიმდა, აი, არაფერი რომ არ გეშველება ისე, ამიტომ მომიწია ქვედაბოლოს ჩაცმამ, შარვალი რომ არ ამომეგანგლა, ხოდა ეხლა ეს ქვედაბოლო, ჩექმები, თან გაღუნული ქოლგა (ვეღარ გაუძლო გენაცვალე ამ ქარაშოტებს და ახლის ყიდვას მე ვერ მოვაბი თავი) და მივრბივარ რომ ავტობუსს მივასწრო. თავს დავდებ, რომ ამქვეყნად ძალიან ცოტა ტკივილი და განცდა თუ აღემატება გასწრებული ავტობუსის ცქერის ტკივილს :((( ასე, ჩემი თვალით ვუყურე როგორ წავიდა ჩემი იმედის ავტობუსი, მერე არ ვიცი რამდენი ვირე ტრამვაის გაჩერებამდე (სირბილით, ქოლგით და გაწუწვით და ქვედაბოლოთი რაც მთავარია), მერე კიდე უნივერსტეტამდე და ნუ. ლექციას მივასწარი, მაგრამ მაშფოთებს მე მაღვიძარას გამორთვის ტენდენცია :შეშფოთებულნამძინარევისმაილიკი: