Friday, May 28, 2010

ფუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუ

Monday, May 24, 2010

ქუჩაშიო..

ალავერდზე უარს ხომ არ ვეტყოდი ბატონ დავითს, ხოდა მომიწია მეფიქრა როგორ შეიძლება ამომიცნოთ ქუჩაში. ნუ, პოსტი იმთავითვე უიმედოა, რადგანაც აგერ, ამ ბლოგის მარჯვენა ზედა კუთხეში განალგებულ სურათს თუ ხედავთ და ამით ვერ მიცანით, ეჭვი მეპარება აღწერილობა დაგეხმაროთ რამეში.
მაშ ასე:
1. ივნისის ბოლომდე საქართველოს ქალაქებში ტყუილად ნუ მიმამსგავსებთ ვინმეს
1.1 იმავე ივნისის ბოლომდე ბუდაპეშტსა და მიმდებარე სახელმწიფოებში მოვიძებნები, მაგრამ არავის ხილვა არ მსურს დიდად :)))
2. კარგად რომ ჩავუფიქრდე, ფრიად იშვიათად მნახავთ თბილისში ქუჩაში, მაგრამ მაინც, პირველი და ყველაზე სტაბილური შემთხვევაა ყოველ დილით, დარსა და ავდარში, ზამთარსა და ზაფხულში,წვიმასა და თოვლში 6:30-დან 7:30-მდე პეკინი-პავლოვის კუთხეში გაჩერებაზე ჩემი ხილვა (აქ საეჭვო ასოციაციები ვისაც გაგიჩნდებათ, სირცხვილი თქვენ!!!) დიიიდი სპორტული ჩანთით. ისე, ეს პუნქტი ალბათ უადგილოა, მეეჭვება მეეზოვეები კითხულობდნენ ჩემს ბლოგს.
3. 'ლაგუნა ვერე'-ზე. ვცურავ უქუდოდ, კილომეტრს ნახევარ საათში, ძირითადად ბრასს, ხანდახან ზურგზე, ბოლო დროს ვვარჯიშობ და ვცდილობ ვისწავლო თავისუფალი კოლხური, თუ ცოტა დრო მრჩება შეიძლება ფიცრითაც ვიცურო, თუ მაინცდამაინც აქ მიცანით ვინმემ ტყუილად არც იფიქროთ ახლოს მოსვლა, ყურებში დამცავი საცობი და სათვალე მიკეთია, თან, როგორც უკვე აღვნიშნე, ნორმატივებს ვასრულებ ქალი და არ მცალია სალაპარაკოდ :)))
4. აი, გამახსენდა სად დავდივარ ფეხით, ელბაქიძის აღმართზე ანუ 'ლაგუნა-ვერე'-დან იუსტიციამდე, დილის 09:30- 10:00 შუალედში (იმედია სამსახურის დაწყების საათი კიდევ არ შეუცვლიათ), აქ შეგიძლიათ ამომიცნოთ სველი თმით და სახეზე კმაყოფილი გამომეტყველებით, უჩვეულოდ ფხიზელი და ენერგიული დღე-ღამის ამ მონაკვეთთან შედარებით. ამ შემთხვევაშიც ყურთსასმენები მიკეთია და რამეს ვუსმენ, მაგრამ ისეთ კარგ ხასიათზე ვარ ცურვის შემდეგ, რომ თამამად შეგიძლიათ მელაპარაკოთ.
5. გრიბოედოვის 19 ნომერთან თუ დამიდარაჯდებით ერთხელ მაინც გამოვალ მოპირდაპირე სარდაფ-მაღაზიაში რამის საყიდლად.
6. 15 ნომერ მარშუტკაში (ყოფ. 215) :)))) ვაჩერებ პეკინზე (წესით პეკინის ბოლოს, მაგრამ ისეთი სიხშირით დადის, რომ სეირნობა-სეირნობით შეიძლება 'აჭარა'-მდე ჩამოვიდე) და მივყვები წრეზე :)))
ხო არ გაუუქმებიათ ეს, ე???
7. სამუშაო დღის ბოლოს ნებისმიერ კაფეში, ოღონდ არ ვიცი რას ვუკვეთავ და არ ვიცი როგორ ვიქცევი.
8. ამინდისა და თავისუფალი დროის შესაბამისად, ნებისმიერ ადგილას შემიძლია წავიდე ფეხით, ასე რომ არც სადმე გზატკეცილზე ჩემი პოვნაა გამორიცხული.
რაღაცა მეუინტერესოვა ახლა ეს ყველაფერი, აი, რომ ჩამოვალ თბილისში, კარგად დავაკვირდები ერთი სად დავდივარ და რას ვაკეთებ!
ვიქცევი უზნეოდ და არ ვთაგავ არავის. არავისაც არ ვიცნობ ბლოგ სივრცეში და იმიტომ :)))

Friday, May 21, 2010

მაქვს ორი ახალი წიგნი, უდიდესი ცდუნება და თეზისის დაწერის ვალდებულება, ყავაც მაქვს. დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი ორივე წიგნს ახლა, ამ წამსვე, თან დავიძინებდი, აი, ისე დავიძნებდი, შიგადაშიგ რომ იღვიძებ, კითხულობ, მერე ჩაგთვლემს და კარგად რომ ვერც არჩევ რაც წაიკითხე ის გესიზმრა, თუ რაც გესიზმრება იმას კითხულობ, აქ ცხოვრობ თუ იქ, სადღაც იქ. რამდენი ხანია ასეთი დღეები აღარ მქონია. მგონი, რაც სკოლა დავამთავრე, ანუ მას მერე რაც ავად ყოფნა ლოგინში წოლას მხოლოდ მაშინ ნიშნავს, თუ სიცხისგან გათიშული ხარ და თვალებს პირდაპირი მნიშვნელობით ვერ ახელ. სკოლის დროს კარგი იყო ავად გახდომა, იწექი შენთვის, კითხულობდი და ქვეყანა არ იქცეოდა ამით, გაკვეთილების მერე კლასელები მოდიოდნენ სანახავად (სავალდებულო მერვე გაკვეთილია ეგა, კლასელი რო ავადაა, უნდა ნახო!), რასაც ვითხოვდი - მისრულებდნენ, მაგრამ არა, მაინც ის შეგრძნება მენატრება უფრო, რომ წევხარ და კითხულობ და სიამოვნებას იღებ კითხვისგან და არა ინფორმაციას. მელანქოლიაა ეს, ბავშვობის ტკბილად მოგონება რომ დავიწყე? თუ რა ჯანდაბა მჭირს?

Thursday, May 20, 2010

Barn Burning..


ქარიშხალი და წყალდიდობა გადავიარეთ, უკვე ცრის მხოლოდ. სალომე გავაცილე დღეს. არ მიყვარს ეს გაცილება, ასეთ ამინდში გაცილება საერთოდ ბოლოს მიღებს :(( რა მნიშვნელობა აქვს თითქოს და სალომეც რა, ერთ თვეში მეც იქ ვიქნები და ვნახავ, მაგრამ რაღაცა თვითონ პროცესი...
გუშინ როგორც იქნა წერას შევუდექი, 26-ში ყველაფერი დამთავრდება 'ვითა სიზმარი ღამისა' და თითქოს არც ყოფილა შენი ბუდაპეშტი. რა დარჩება ამ ქალაქში და რა წავა თბილისში??? არ ვიცი, არ მიფიქრია დიდი ხანია. ახლა მივიხედე უკან და გაოგნებული დავრჩი, თითქმის მთელი წელი გავიდა, სად წავიდა? რა მოხდა? რა არ მოხდა?
ასეთ ამინდში სულ ეს მოთხრობა მახსენდება 'ალმოდებული ფარდულები გამთენიისას' - ასე ითარგმნა ქართულად. ისედაც ხშირად მახსენდება, მაგრამ ასეთ ამინდში, ცასა და მიწას შორის ზღვარს რომ ვერ გაარჩევ, დღე და ღამე რომ მიჯნას კარგავს, ამომიტივტივდება ხოლმე ფარდულების ალი, ვგიჟდები, ყველა განცდაა ამ მოთხრობაში, ყველაფერი ერთად და ცალ-ცალკე, ყველა ფიქრი, რაც კი ოდესმე გამიფიქრია, თვალწინ მიცოცხლდება, ყველა გრძნობას ახლიდან განვიცდი უწინდელი სიმძაფრით, ყველა სევდა ერთად მახსენებს თავს და მგონია წვიმასავით გამჭირვალე ვხდები, ჩუმი, უჩინარი, გამჭირვალე..

Tuesday, May 11, 2010

ღამით ყოველთვის უნდა წვიმდეს...

ისევ წვიმს... სულ კი არ წვიმს, უბრალოდ მე ამოვიჩემე ამ ბოლო დროს და მხოლოდ მაშინ ვწერ, როცა წვიმს. ბნელა ჩემს ოთახში, ჩემმა ყვავილებმა ყურები ჩამოყარეს, ერთი მგონი უიმედოდ ჭკნება, ფანჯრის რაფაზე კი წვიმს. ზაფხულის წვიმა მიყვარს და ამ წვიმის ხმაში ძილი, ამოჩემებული მაქვს ესეც ბავშვობიდან. სოფელში მიყვარდა ხოლმე, ისე რომ გაწვიმდებოდა, არაფერი რომ არ ჩანს ირგვლივ, თბილ პლედში გახვეული ვჯდებოდი ხოლმე აივანზე, სარწეველა სკამში და არასოდეს არ მბეზრდებოდა წვიმის ყურება. კიდევ, ძველი სათავგადასავლო წიგნების სუნი აქვს ამ წვიმას, დაულეველი უსაქმო დღეები, უტელეფონო, უკომპიუტერო, უკალენდარო ცხოვრებისა და ძველი წიგნების ფურცლების სუნი...რომ გაწვიმდება საწოლში მივძვრები, თავზე საბანს ვიფარებ და ბავშვობა მახსენდება, ტკბილად მეძინება, ლამაზ სიზმრებს ვხედავ...

Thursday, May 6, 2010

ისე გადაიღო და მოიწმინდა, გეგონება მე ვასხამდი ფანჯრიდან წყალს, გადავირიე, ასეთი არაფერი მინახავს. მიყვარს გაზაფხულის წვიმა და განსაკუთრებით ამ ხმაში ძილი მიყვარს, სახურავზე რომ წვეთების ხმას გრძნობ, დიიიდი საბანი რომ გახურავს და თან გაზაფხული რომაა გარეთ, ყვავილების და ბალახების სუნი რომ მოაქვს წვიმას. მაგიდაზე გვირილები მიწყვი ლარნაკში, ვზივარ ფინჯანი მწარე ყავით და ვუსმენ წვიმის ხმას, თითქმის სრული ბედნიერებაა :)