Sunday, February 28, 2010

თუ ამდენ სითბოს შევაგროვებდი...

თავზე მაყრია სამეცადინო და მე კი გაზაფხულის მოსვლაზე ვფიქრობ. დათბება ალბათ მალე, დღეს ფეხით ვიარე ცოტა და იმდენი ენერგიით ავივსე, გადავირიე :)ახლა მოვედი სახლში, გავიმზადე სათლით ყავა და ვაპირებ დავწერო თემა ხვალამდე. იდეაში ვიცი რაც უნდა დავწერო, მაგრამ... აი, შინაგანი დეტექტორი მაქვს მოშლილი. ეხლა ეს რას ნიშნავს. ადრეც კი ვიყავი მე ზარმაცი, აქ კი არ დამემართა ასე, მაგრამ ზუსტად ვიცოდი, რომ იქამდე შემეძლო მეარხეინა, სანამ არ ვიგრძნობდი, რომ უკვე ცუდადაა ჩემი საქმე და მერე ვიწყებდი წერა-კითხვას. ასე დავწერე წინა სამაგისტრო ორ კვირაში (ისიც, მე არაფერი მიგრძვნია, უბრალოდ ჩემმა ხელმძღვანელმა ჩემი გალანძღვის მერე ჩემს უფროსს დაურეკა და მეორე დღეს სამსახურებრივი ბრძანება იყო დილიდან, რომ თემა დამეწერა) და კიდევ ათასი სისულელე გამიკეთებია ასე, მაგრამ ახლა მომეშალა ეს დეტექტორი და გამოცდის წინა ღამესაც კი ვერ ვნერვიულობ და ამაზე ნერვიულობით მოვკვდი, რა არის, რას გავს ეს!!!
ხოდა ასე, ხვალ თემა უნდა ჩავაბარო, ერთი ხაზიც არ დამიწერია ჯერ და კიდევ ვბოდიალობ, ყავას ვსვამ, საღამოს, მუსიკით მიღებული ემოციების გავლენის ქვეშ ვარ და... 'არ მეგონა, თუ ამდენ სითბოს შევაგროვებდი...რომ გიპოვნიდი და დაგტოვებდი'...ხოდა ასე :)

Saturday, February 27, 2010

მავიწყდება...

უამრავზე უამრავი რამ, ამ ბოლო დროს ისიც, როგორ და რაზე უნდა გავიღმო :)ისიც მავიწყდება, რომ გარშემო სხვა ადამიანები ცხოვრობენ, სხვა, სხვანაირი ადამიანები. არ მახსოვს როგორ უნდა ვეურთიერთო მათ. ხელსახოცებისა და ასანთის ყიდვა მავიწყდება ყოველ ჯერზე. საჭირო მაღალფარდოვანი სიტყვები მნიშვნელოვანი ესსეების წერისას. სამყაროს არსებობის უმარტივესი კანონზომიერებაც მავიწყდება, უფრო სწორად, არ მახსოვს სად წავიღე :))) კონკრეტული ადამიანებიც მავიწყდებიან ხანდახან. მხოლოდ ამბები მახსოვს, ამბები და განწყობები, სურნელები და ფერები...

Friday, February 26, 2010

ვეძებ მოტივაციას


დილით წვიმამ გამაღვიძა. გაზაფხულის წვიმა იყო უკვე, თბილისში, ჩემი ფანჯრების წინ გადაშლილ წაბლის ხის უზარმაზარ ფოთლებს რომ ამძიმებს ხოლმე. რაღაც უცნაური სიჩუმე მოაქვს წვიმასაც. სიამოვნებით მეძინა რამდენიმე საათი წვიმაში. ლექცია გამიცდა დღეს, ჩემი ლექტორი სიმართლის კომისიი ექსპერტია და რამდენიმე დღით მოუწია წასვლა. მერე ავდექი, როგორც იქნა, თეზისის მონახაზი გავაკეთე, გავგზავნე, კიდევ დამრჩა წვრილ-წვრილი სამეცადინოები და მერე ხვალ და ზეგ თემა უნდა დავწერო. საქმიანად უნდ მივუდგე ყველაფერს, მაგრამ მთელი დღეა რაღაცა სისულელეებს გადავწყევი. რაღაც ისე შევეჩვიე მარტო ყოფნას, ის ვიღაც ადამიანი რომ გადმობარგდება ორ დღეში, გადავირევი ალბათ. კიდევ... სახლში ჯდომას შევეჩვიე, ყველგან წასვლა მეზარებააააა, ყველაფერი მეზარებააააა. რა საშინელებაა???? რა ვქნა???

Thursday, February 25, 2010

მგონი გაზაფხული მოვა..


დათბა ცოტა, აღარ ცივა უფრო სწორედ. მშვიდი საღამოები დადგა ბუდაპეშტში, კიდევ უფრო თბილი და მშვიდი საღამოები ჯერ კიდევ წინ არის :)
დაღლილი ვარ საოცრად, ოღონდ რაღაცა ვერ გავიგე რისგან. დავიჩემე ახლა სახლში მინდათქო, თითქოს რომ ჩავალ სულ ამ დროს არ მოვიგონებ და ტვინს არ წავიღებ წუწუნით.
რაღაცას ვეძებ... ჭიავ, ჭიავ, მაპოვნინე...

Tuesday, February 23, 2010

დიდი მადლ'ობა პატრულ'ს

დეიდა კვაჭმა უსაქმურობისგან გადაწყვიტა ჩემი ბლოგით გართობა, გამომძალა პაროლი, აურ-დაურია ყველაფერი, მერე ჯერ ამ დიზაინების შემქმნელებზე მოეშალა ნერვები, მერე მე რომ ვერ გავარკვიე მარტივად რატომ არ არის ყველა საჭირო ღილაკი თვალსაწიერის არეში განლაგებული - ამაზე, იჩხუბა კიდეც ცოტა. ნუ, ცოტა რა, იმისთვის საკმარისად, რომ ისევ ძველი დიზაინის დაბრუნება ასე ერთი კვირა მომერიდოს თუ არ შემეშინდება და მერე, ამ ქლიავობასაც კი შევეჩვევი,ისეთი ბუნების ვარ :))))
ხოდა ვარ ახლა ასე გადამწვანებული და არეული, მე ხო გადაადგილებებზე და ცვლილებებზე სულიერი აშლილობა მემართება :(((
სხვა ის, რომ დავწერე პოლიტეკონომია, იმას თუ დაწერა ერქვა. პროფესორს ნაწერს რომ ვაბარებდი, მოხსნა გუდას პირი (ცელოფნის გუდას) და სნიკერსი გინდა თუ მარსიო. არ დამიმსახურებიამეთქი კი ვეხვეწე და თუ მაინცდამაინც კეთილშობილების გამოვლენა გინდათ, დაიტოვეთ შოკოლადი და ერთ საკითხში მაინც ჩამითვალეთთქო, მაგრამ გაიგონა??? არა!
შემრჩა შოკოლადი.
არასრატეგიული მიდგომა იყო, ნიშნების დაწერის შემდეგ უნდა დაერიგებინა შოკოლადები, მერე უფრო დამჭირდება :)
დაღლილი ვარ .....

Monday, February 22, 2010

კინდერი :)


საშინლად მეძნა წუხელ. ტახტზე ჩამეძინა, საწოლში გადაწოლა დამეზარა, ისედაც სამიოდ საათი მქონდა დარჩენილი, მაგრამ გავწამდი, ხან საშინელ სიზმრებს ვნახულობდი და ხან მავიწყდებოდა რომ ეს ტახტი ჩემთან შედარებით მოკლეა და გამართვას ვცდილობდი :((( მერე დარეკა მაღვიძარამ, გამოვრთე და ავდექი, ამგრამ საათს რომ დავხედე, ერთი საათი იყო გასული მაღვიძარას დარეკვიდან ადგომამდე :((( ისევ ჩამეძინა, მაგრამ, საბედნიეროდ, მოვასწარი!!! გულამოვარდნილი რომ ჩავჯექი ავტობუსში, მივხვდი რომ კუჭი საშინლად მტკიოდა, ვერ ვიმართებოდი. მთელი დღე გავწამდი, ვერაფერი მოვუხერხე, მერე კბილი ამტკივდა, არადა, ჯინაზე, გამაყუჩებელსაც ვერ დავლევდი კუჭი ისე მტკიოდა, მერე თავი შეემატა ამ ყველაფერს, კინაღამ გარდავიცვალე პრეზენტაციაზე. სააააააოცრად მტკიოდა ყველაფერი და სანამ გავიდოდი თემის პრეზენტაციისთვის, მუხლიც ამტკივდა. აქ კი მივხვდი უკვე, რომ არაფერიც არ მტკიოდა ტვინის გარდა, მაგრამ ეგეც ხო ამბავია??? როგორც ჩემი ერთი ენამოსწრებული მეგობარი იტყოდა, ჩემზე ითქმის დაშლილებში ვნახეო :(((

ხოდა გავმელანქოლიკდი მე.

ხოდა არ ვიცი რა, სახლში მოვედი, ცოტა მეძინა, ახლა გავიღვიძე და ეს პოლიტეკონომია არსად გამქრალა :((( არ ვიცი რა ვუყო, მაგრამ შიშით შევყურებ მთელ მასალას :(((

Sunday, February 21, 2010

ცოდნა - სინათლეა!!!

გაზაფხულის ამინდი იყო ბუდაპეშტში, მე კი არაფრის კეთებისგან დავიღალე. ვზივარ სამეცადინოებში ჩაფლული და ვფლანგავ დროს ისე, როგორც არასდროს. ერთადერთი იმით ვიმშვიდებ თავს, რომ თემის საქმეს სერიოზულად ვეკიდები :)))) ეგეც აღარ უნდა ვქნა ნეტა????
ძალიან ყელში ამომივიდა ეს სტუდენტობა და სწავლა, მაგრამ მაინც მაინტერესებს რამდენ ხანში მომენატრება ყველაფერი. წინა ჯერზე ერთი წელი ძლივს გავძელი, ისიც საააააააააოცარი წელი და ისევ სადღაც ჩავაბარე. ახლა, აქედან რო დავბრუნდები და რომ ვიტყვი მოვრჩი სწავლა-განათლებასთქო, ნეტა როდის ავწუწუნდები ისევ, სტუდენტად მინდა ვიგრძნო თავი და კედებით და ბეეეეური წიგნებით ვიაროთქო???? ჩემი ხასიათი რომ ვიცი, საკმაოდ მალე იქნება ეგ და მეცოდება ვინც გულით განიცდის ჩემი სწავლის ამბებს :)))))
დიდი ტრანსფორმაცია და თანამედროვე კაპიტალიზმია დღეს გეგმა-მინიმუმი, მაქსიმუმი მარქსიზმით იწყება :((( რატომ ამოვიჩემე ნეტავ ეს საგანი? რას ვერჩი????
აუ, რამ შემაწუხა კიდე იცი? რაღაცა ისეთი რო ვარ, განსაკუთრებული ინტერესები რომ არ მაქვს, რაც იქნება და გამოვა იმით რომ ვკმაყოფილდები, აი, მაგალითად, პოლიტეკონომია როგორ არ უნდა გაინტერესებდეს? ხო მნიშვნელოვანი და აქტუალურია, მაგრამ ისე კარგად ვგრძნობ თავს ბაზრის თვითრეგულაციის პრინციპის ცოდნის გარეშეც, რომ ვერავინ წარმოიდგენს. ეგ რა არის, გეოგრაფია და ქიმია არ ვიცი კიდე საერთოდ და მსოფლიო ისტორია და ფიზიკა ზოგადად და ფრაგმენტულად ვიცი.
ნეტა რა ვიცი სრულყოფილად და საფუძვლიანად????
მაგარი უნიჭო და გაუნათლებელი გამოვედი :(((((

Saturday, February 20, 2010

საერთოდ ვერ გავიგე ისე გაილია მთელი დღე. თითქოს არაფერი გამიკეთებია. თითქოს კი არა, მართლა. რაღაცა სენტიმენტალური გავხდი ამ ბოლო დროს (არც მანამდე ვაკლებდი გულის სიღრმეში) ხოდა, დიდად არ მომწონს ეგ ამბავი, რისი ბრალია ნეტა???? გაზაფხულს ველოდები ინტენსიურად და მჯერა, რომ ყველაფერი ისევ კარგად იქნება :))))
ეს ისევ რას ემსახურება არ ვიცი, ოღონდ...
ხოდა ასე..

Friday, February 19, 2010

ვეძებ სპონსორს


დეიდებოოო, ბიძიებოოო, შენი ლამაზი თვლაების ჭირიმე კეთილი ბიძია, დამეხმარეეეე, ათასი სიტყვა მაჩუქეთ ვინმემ რა, სულ რაღაც ათასი, ოღონდ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებულად რომ ჩავაკვეტო თემაში. არ მოითხოვება ჭკვიანური აზრები და აღმოჩენები და სამეცნიერო წვლილი კონკრეტულ დარგში, უბრალოდ ათასი ცენზურაგამოვლილი, აკადემიური სიტყვა მინდა :(((((
იმისათვის, რომ ვინმემ არ იფიქროს ჩემზე უსაქმურიაო, დავსძენ, რომ დანარჩენი 1500 ჩემით დავწერე. მართალია, პირველი 500 სიტვის შემდეგ მივედ-მოვედები და ვიყენებ ამ უნივერსტეტში შესაშურად განვითარებულ უნარს - ერთი და იგივე აზრი მინიმუმ ათი შესაძლო ფორმით გამოვხატო, მაგრამ, მაინც ხომ დავწერეეეეე???? ხოდა, ამაღამვე მჭირდება და დამეხმარეთ ვინმე გულისხმიერი რაააა.
დახმარების მსურველები გამომეხმაურეთ და დახმარება გადმომირიცხეთ საბანკო ანგარიშზე: ana_kapanadze@yahoo.com
ანუკას მომაკვდავ (ჯერ სრულიად ნორჩ)თეზისს თქვენი გულისხმიერების იმედი აქვს :)))

Wednesday, February 17, 2010

დაე, მუდამ იყოს მზე...


მიყვარს მზიური. ჩემი ცხოვრების ყველა ეტაპს უკავშირდება და ყველაფრისდა მიუხედავად, დადებით ემოციებს აღმიძრავს. იცი როგორაა ჩემთვის? ჯადოსნური სამყაროსავითაა, რომ ჩაივლი რამდენიმე კიბეს და ყველაფერი ქრება, იცვლება, აბოსლუტურად სხვა ხდება. მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცი გაკეთებული და გალამაზებული მზიური როგორი იქნებოდა და სულ პირველი შეხება მზიურთან იმ 90-იანებში დაიწყო, ქალაქში ტრანსორტი ფიზიკურად რომ არ დადიოდა და ინგლისურზე დედას ფეხით რომ დავყავდი, მაინც შემიყვარდა, მაშინვე, რატომღაც...მერე ბევრი რამე იყო, ბევრი ჯადოსნური ზღაპარი...ასე შვიდი წელი იქნება მზიურში აღარ ჩავსულვარ, რამდენიმე კიბეს აღარ ჩავცდენივარ, მაგრამ ის ჯადოსნური სამყარო მაინც იქ იყო.
ნუთუ მზიური აღარ იარსებებს?

Tuesday, February 16, 2010

ანაობას გილოცავთ :)

დილით ჩამეძინა და მერე ამ ფაქტზე ისე გავღიზიანდი, მთელი დღე მომეშხამა.
მერე მესიჯებიც მოვიდა, ანაობა მომილოცეს.
რამდენი ხანია ეს დღე აღარ აღმინიშნავს (ნუ, ოჯახის წევრების საჩუქრებს თუ არ ჩავთვლით, მაგრამ ეგეთ საჩუქრებს გიორგობაზეც კი ვიღებ მე :) ), არადა ბავშვობაში როგორ მიყვარდააააა, ნამცხვრებს მიკეთებდნენ ხოლმე, მეგობრებს მიპატიჟებდნენ და დიდი დღესასწაული მქონდა :) პატარაობიდან მახსოვს და ეჰ, დღეს იოგურტი და ბანანი ვჭამე და კიდე უაზროდ ვიბორიალე და არ მომეწონა.
მოწყენილი ანაობა მქონდა დღეს.

Monday, February 15, 2010

ჩემი გრინჩი


ბავშვობის ოცნება ამისრულდა დღეს!!!!

მაგარი განაცხადია, ჩაისუნთქე... მოემზადე.... სამამდე დათვალე...

ითვლი?

ერთი...

ორი...(ნუ ცდილობ წინასწარ წაიკითხო!)

სა...

შაიოს ლექციაზე ვიყავი და მის კურსს ვიღებ აუდიტისთვის :)))))))

მაპატიეთ რა, ვისაც იმედები გაუცრუა ჩემმა ოცნებებმა. სხვები ჯერ არ ამსრულებია, თორე მარტო შაიოზე კი არ ვოცნებობდი ბავშვობაში :)))))

ხოდა ასე. როგორც იქნა ვნახე ეს კაცი და თავიდან კი დიდად ვინანე, ისე მონოტონური მომეჩვენა. პირველ მერხზე რომ არ ვმჯდარიყავი, აუცილებლად დამეძინებოდა (თან არ მიძინია წუხელ და..) ხოდა, მერე უცებ რაღაც მომენტში, რომ გაიცინა ბოროტად და ზუუუუუუუუუსტად გრინჩს რომ დაემსგავსა, სასწრაფოდ გამოვფხიზლდი და პირდაფჩენილი ვუსმენდი :)))))

ნუ, ერთი ლექცია საკმარისი არაა შთაბეჭდილებებისთვის, თუმცა...მაინც ვთვლი რომ ასეთ ადამიანებს უბრალოდ უნდა უსმინო, მნიშვნელობა არ აქვს კონკრეტული ლექცია საინტერესოა თუ არა (ასეთი, დაბრიყვებული მასის ფსიქოლოგია მაქვს მე!!!).

ხოდა ასე იყო შაიო და ... ცხოვრებაში არ მქონია კონკრეტული მიზანი, ნუ ვთქვათ დილით აუზზე წასვლას ან სახლის გზაზე მაღაზიაში შესვლას თუ არჩავთვლით (ასეთ მიზნებს ყოველგვარი გადახვევის გარეშე ვასრულებ პირნათლად და მიზანმიმართული ხარო კი მეძახიან), ხოდა დღეს დავფიქრდი, რომ არის რამდენიმე რაღაც, რაც აუცილებლად მინდა რომ განვახორციელო ცხოვრების მანძილზე (კარიერული თვალსაზრისით იგულისხმება და ხელშესახები რაღცეები კიდე):

1. შპაიერში წავიდე

2. საკონსტიტუციო სასამართლოში ვიმუშაო

3. მუნიციპალური სამართლის სფეროში ვიმუშაო

4. ევროსასამართლოში ვიმუშაო

ნუ, ვიცი რომ ნეტარ არიან მორწმუნენი, მაგრამ მინდა და რა ვქნა!

:)))

პრინციპში, კარგად თუ ჩავუკვირდები, ყველა განხორციელებადია, არა?!
P.S. სწორი შენიშვნა იყო ამხანაგის, ლექციები მინდა წავიკითხო და გამომრჩა ეგ პუნქტი :)

Friday, February 12, 2010

აი ასე :)))

ე.ი. რა უნდა მოვყვეეე. ამ ჩემს ძვირფას მეშტერზე (ქუჩის სახელია ასეთი საინტერესო) ერთი „საგიროშე“-ა, სადაც ხანდახან მივდივარ და გიროშს ვყიდულობ. გარდა გიროშისა, თურქული სამზარეულოს ნაირფეროვნებაც მოეპოვებათ, რაც არ გამისინჯავს, რომ არ დაგიმალოთ. ხოდა ამ „საგიროშე“-ში თურქები და მოთურქო ელემენტები მუშაობენ. 24 დეკემბერს, ვენიდან რომ დავბრუნდი, მივხვდი, რომ აქ არაფერი მუშაობდა, სახლშიც ვერ აღმოვაჩინე საჭმელი და გიროშის ყიდვა გადავწყვიტე. წელი გაშეშებული მქონდა, თავის დაბანაც ვერ მოვახერხე, სახლის ლაგებას გადავყევი როგორც კი ჩამოვედი, ხოდა ასე, ძუნძგლიანი და წელზე შალშემოხვეული ჩავედი ქვემოთ, თან ფეხსაცმელმა ფეხი მატკინა ვენაში და სასტიკად ვკოჭლობდი. ახალი გაყიდველი დამხვდა. რომ დამინახა და გაშეშდა, კი ვიფიქრე, იქნებ ასე საზიზღრად სახლიდან გამოსვლა არ ღირდათქო, მაგრამ რაღას ვიზამდი... კი დაიწყო იმან გიროშის დამზადება, მაგრამ ცომი სამჯერ დაეწვა, მერე რაღაცეები აერია, გადამრია, თან ინგლისურის გარდა ყველაფერს მიმსგავსებული მეტყველებით ცდილობდა გამოეკითხა, ვინ ვიყავი, სად ვცხოვრობდი, რა მინდოდა, იეზიდი ვარო ამაყად მითხრა და ქართველი იეზიდები ჩემი ძმები არიანო!!! აი ასე. სანამ გიროშს მომცემდა (15 წუთი მოანდომა სამწუთიან საქმეს), ეცადა გარეკვია ბოიფრენდი მყავდა თუ არა და უკვე ისე შევეჭვდი რომ შემდეგი შეკითხვა „ამ საღამოს რას აკეთებ“ იქნებოდა, ვუთხარი მყავსთქო :))) ხოდა ასე. მას მერე დღეს მომინდა კიდევ გიროში და კიდევ ამ უბედურს გადავაწყდი. რო დაიწყო დაწესებულების დაზარალება ნახევარი შიგთავსისი ძირს დაყრით და ჩემო ვინაობის გამოკითხვით, ასაკოვანი მეგობარი მიეშველა და სასწრაფოდ დამიმზადა გიროში.
ხოდა ასე, დიდი წარმატებით ვსარგებლობ ზანგებში, მექსიკელებში (გერმანიაში მთელი 10 დღე მაბავდა 165 სმ. სიმაღლის სახეზე გონებრივად ჩამორჩენილის გამომეტყველებააღბეჭდილი მექსიკელი, ჩემს შეყვარებულს ისე ჰგავხარ, ის ხო არ ხარო :))) და ახალ უკვე იეზიდებშიც :))))

Thursday, February 11, 2010

თუ გავიღვიძებდი


ავდგებოდი და ბეეეეეეურ ყვითელ საღებავს შევასხურებდი კედელს, ლაქასავით რო გადადღაბნილიყო და მზესავით ებრიალა... კიდევ, ავდგებოდი და თეეეთრ, ფაფუკ თოვლში ჩავეფლობოდი..ავდგებოდი და ჯადოსნურ ზღაპრებს წავიკითხავდი, დაუსრულებლად...საინფორმაციო გამოშვებებს გავაუქმებდი, ტელეფონს გადავაგდებდი და მდინარის პირას დავჯდებოდი...საფიქრალად. ვარდებს დავაჭკნობდი და მინდვრის ყვავილების მინდორი გამახსენდებოდა...ავდგებოდი და ცუდ ამინდში სახლიდან არ გავიდოდი, ფანჯრიდან მოვუსმენდი წვიმას და სიჩუმეს....ავდგებოდი და ჯადოსნური სარკე მექნებოდა „სარკევ, სარკევ, მითხარი...“

თუ გავიღვიძებ ხვალ, ავდგები და... სუპერმარკეტში წავალ, კვირის მარაგი მაქვს შესავსები: მაკარონი, ყველი, იოგურტი, ხილი... რამე არ გამომრჩეს...

Tuesday, February 9, 2010

რა არ მიყვარს?

წვნიანი,
თვალთმაქცი ადამიანები,
შუადღის ძილი,
ტყუილის თქმა,
სიცხე და სიცივე,
საგადასახადო სამართალი,
ლოდინი,
პოლიტეკონომია,
დროის უკმარისობა,
თბილად ჩაცმა,
თავის მართლება,
კატები,
ცივი თვალები,
ჩაი
და კიდე ათასი სისულელე

Monday, February 8, 2010

უსათაურო


ეს მეძინებამანია უკვე მარაზმში გადადის. დღეს დედაჩემმა მკითხა შეშფოთებული სახით, ხომ კარგად გძინავსო. კი-მეთქი, რა უნდა მეპასუხა? კიდე ის მითხრეს, რაც ფილმებს უყურებ, ის დრო რომ იმეცადინო ნეტავ რა იქნებაო და წარმოვიდგინე, პროცესი ვერა - მტკივნეული იყო, შედეგი წარმოვიდგინე. ხოდა კიდევ ერთხელ შემრცხვა, მაგრამ მხოლოდ იმიტომ რომ შემრცხვენოდა. ასეა ეს!

ახლა რამდენიმე კონცეპტუალური საკითხი:

ეს ჩემი მეზობელი ხომ წავიდა და თვალით აღარ მინახავს მას მერე, მაგრამ ბარგის რაღაცა ნაწილი დამიტოვა. ამის ბარგს ვინ ჩივის, კბილის ჯაგრისი აქვს დატოვებული და პირსახოცები, ისევ ისე კიდია აბაზანაში და ყოველ დილით პირველი ფიქრები და გაბაასებები მის კბილის ჯაგრისთანაა. ისე ვარ რა, კიანეს სურათს რომ უყურებს მთვრალი კახი და ველოდები მის გამოჩენას ყოველ წამს. უკბილისჯაგრისოდ რას აკეთებს, ამაზე ფიქრი ჩემს შესაძლებლობებს აღემატება.

ახლა ამ ჩვენს დავალებებს რაც შეეხება. მე არ ვიცი ცოდნის რა დონეს უზრუნველყოფს ცეუ, მაგრამ სიტყვების თვლაში რომ მასტერიც გავხდი დოქტორიც და კიდე დამსახურებული აკადემიკოსიც, ფაქტია. თავს დავდებ, რომ ცეუ-ს ნებისმიერი სტუდენტი თუ კურსდამთავრებული ერთი შეხედვით განსაზღვრავს დოკუმენტის სიტყვების ზუსტ რაოდენობას მაქსიმუმ 5 ერთეულის ცდომილებით, ნებისმიერ ტექსტს შეამოკლებს ან გაზრდის ნებისმიერ რაოდენობამდე სტრუქტურისა და შინაარსის დარღვევის გარეშე და ათას სისულელეს ჩაიდენს კიდევ. ასე მაგალითად, შედარებით პოლიტიკაზე რომ ვწუწუნებ, მარტო მე კი არ ვარ, მთეეეეეეელი კურსი ამაზე წუწუნებს, ასე ერთსულოვნები არაფერში არ ვართ და რაც მთავარია, მთელი ჯგუფის ნაწერები გვიჩანს ფორუმზე და ტექსტები, რომლებზეც აზრი და კრიტიკა უნდა დავწეროთ იმდენად უაზრობაა, რომ ყველა ჩვენგანი წერს სამივე სტატიის ავტორის სრულ სახელსა და გვარს, სტატიის სათაურს, გამომცემელს და რაც შეიძლება მსუყე ციტატას, რომლისგანაც რეალურად ბოლო ორი სიტყვაა საჭირო. ამით ვიგებთ ასე 50-დან 100 სიტყვამდე და თუ გაგიმართლა და კიდევ ერთხელ მოგიწია ავტორის ხსენებამ, ხომ აშენებული ხარ და ეგ არის. ჩემი დაპატენტებული აღმოჩენაა, რომ სქოლიოში გვერდის მითითებისას თუ „გვ.“-სა და გვერდის ნომერს შორის ადგილს გამოტოვებ, ორ სიტყვად ჩათვლის ვორდი და ასე, რას არ ვკადრულობთ გენაცვალე, ძნელია აქ :)))) ხოდა ვართ ასე, სიტყვების თვლაში გაწაფულები და იკმარეთ ეს 302 სიტყვა :)

Sunday, February 7, 2010

ზარმაცი ვარ მე, ზარმაცი


არაფერიც არ ხდება, ყველაფერი ვიკადრე დღეს იმისათვის, რომ პოლიტეკონომიის წაკითხვა ამეცილებინა თავიდან, გაზქურაც კი გავხეხე, აბაზანა ორჯერ დავალაგე, რა ვიცი, რა არ გავაკეთე, თოვლში და უბედურებაში გარეთ გავვარდი და შორს მდებარე მაღაზიაში წავედი სრულიად არააუცილებელი წვენის საყიდლად (ახლაც გაუხსნელი დევს მაცივარში) და ასე ვარ. არადა, ჩემი წასაკითხია, ვერაფერს მოვუხერხებ. რაღაცა აბსოლუტური რა დამემართა არ ვიცი, მაგრამ აბსოლუტური რაღაცა დამემართა. ხანდახან მგონია, რომ რესურსები - გონებრივი შესაძლებლობები ამოვწურე, ხანდახან მგონია, რომ სამყარო (კონკრეტული, გარსმყოფი) ჩემთვის გაუგებარ ენაზე ლაპრაკაბოს, კიდევ რაღაცეებიც მგონია ხოლმე. ვერ გავიგე რა. რეალობას რომ შევხედოთ, ვერც იმას ვიტყვი, რომ ვერ ვასწრებ და ვერც იმას, რომ ვერ ვიგებ, აი, მაინც ასე უაზროდ ვარ და ესეც რო მაწუხებს ამაზე სუ ვგიჟდები!!!

Saturday, February 6, 2010

რაღაც გამოვიფიტე, მარტო დავრჩი, ახალ მეზობელს ვეძებ, სახლში სიჩუმეა, არ ვიცი, კონკრეტულ მიზეზს ვერ ვპოულობ, მაგრამ ძაააალიან გამოვიფიტე.

Friday, February 5, 2010

ყვითურა


აღმოვაჩინე, რომ ოთახში განათება არ მომწონს. ძირითადად სულ ასეა, ჯერ არ მახსოვს განათება მომწონებოდეს, ან ზედმეტად ნათელია და თვალებს მტკენს, ან „თვალებში მაწვება“ ან მაძინებს ან მამკვდარებს ან რა ვიცი კიდე რა ან, მაგრამ სულ რაღაცას რომ ვიგონებ ფაქტია. ახლაც ასეა, რაღაცა ძალიან ჩაყვითლდა ჩემი ოთახი და ჩაიხუთა და ყელში მიჭერს ეს სიყვითლე და უჰაერობა. უაზროდ ბევრი დრო მაქვს და უაზროდ ვფლანგავ ამ დროს. ხანდახან მგონია, რომ ჩემი შესაძლებლობები ამოვწურე, ხოდა ხანდახან არ მომწონს ეს ხანდახან.

დღეს რამე მხიარულის დაწერა მინდოდა, მაგრამ ეს ყვითელი შუქი ჩამიდგა თვალებში და ყვითელია დღეს სამყარო, რაღაცა უაზროდ ყვითელი...

Thursday, February 4, 2010

ზეცას ეკრობიან სიშორეები...


რა არის თქვენთვის პოეზია? რომელიმე ლექსი გაიხსენეთ, რომლის განწყობაც ახლა გაქვთ...მერე? რა არის მთელი ეს ჯადოსნური სამყარო? ალბათ, ამ კითხვაზე პასუხი ყველას ან თითქმის ყველას აქვს. როდესაც გიყვარს პოეზია, შეიძლება თეზისებად ჩამოწერილი არა, მაგრამ რაღაც არგუმენტი ალბათ მოგეპოვება, რაიმე ნიშნების გამოყოფა შეგიძლია...მე არ ვიცი. არც ის ვიცი ლექსი რა არის, არც ის ვიცი განწყობას რა მოაქვს. ძალიან დიდხანს მეგონა რომ ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, რომ რითმებს სწორედაც ასე უნდა ექუხათ ცხოვრებაში. ახლა დავფიქრდი...ზოგის ცხოვრებაში ერთი სტრიქონიც არაა და მაინც უყვართ...პოეზია .. :) ნელ-ნელა ბურუსი იფანტება, ხანდახან ძალიანაც ცხადად ჩანს ყველაფერი უკვე და... ახალი „რატომ?“ ჩნდება, გაუბედავი, საკუთარ თავში დაურწმუნებელი, თავსდატეხილი რითმებისაგან დაბნეული „რატომ?“...ისევ ბურუსია, ორი წინადადების დასაწერად მეყო მხოლოდ გაყუჩება. ასეთ ცას ვუცქერ მუდამ ჩემი წარმოსახვის სამყოფელის წარმოსახული შუშის სახურავს მიღმა...ეს ცქერაა ჩემი პოეზია

Wednesday, February 3, 2010

სულელივით

ენერგიული დღე იყო რაღაცა, წარმოდგენაც არ მაქვს რატომ, თოვდა, ციოდა, პოლიტეკონომია მიღიმოდა და მაინც კარგი იყო, ზურიკელასავით :))) ასეთ დღეებში ვცდილობ მოვძებნო ჩემი პრობლემები, ფიქრები, მუდამ რომ მამძიმებენ და..ასეთ დღეებში ერთსაც ვერ ვიხსენებ და ხანდახან ისე მიხარიააა :) ახლა ეს ენერგიული და ღიმილიანი დღე დამთავრდა, ხვალ არ ვიცი როგორი დღე გათენდება, შეიძლება ისევ უაზროდ და უმიზეზოდ უღიმღამო, შეიძლება ლამაზი, შეიძლება მზიანი... ვნახოთ..

Tuesday, February 2, 2010

ტოსკა


ოპერების დიდი მოყვარული ვერ ვარ. ვაფასებ, პატივს ვცემ, მაგრამ თქვენ უსმინეთ, მე არ მინდა, იყოს. თუმცა მაინც დავივარ ხოლმე ოპერაში, შიგადაშიგ. დღეს პუჩინის „ტოსკა“ იყო ბუდაპეშტის ოპერაში, უნივერსტეტმა ბილეთის ფასის ნაწილი დააფინანსა თუ რაღაცა ამდაგვარი და მოკლედ, წავედით ამ შენს ოპერაში. რაც მთავარია, სამი ლექცია მქონდა მანამდე, გარეთ თოვლია და ყინავდა და ანუ უნივერსტეტში კაბით ვერ წავიდოდი და სახლში მოსვლასაც აღარ ქონდა აზრი. ისევ ოპერა დაიჩაგრა, ლამაზი შარფი კი მქონდა ამაყად მოხვეული, მაგრამ სპორტული ფეხსაცმელი, ჭრელი წინდები და მოკლე შარვალი მეცვა :) მგონი არლეკინს ვგავდი :) თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ თავი უხერხულად სულაც არ მიგძვნია, არ იყო ახლა დიდი გადაპრანჭული ამბავი. რა გასაკვირია, შარშან გერმანიაში რომ მივდიოდი და პროგრამა გამომიგზავნეს, ერთ-ერთ ღონისძიებად ბერლინის ოპერაში „სევილიელი დალაქი“-ს ნახვა ეწერა. ნუ, თბილისიდან დავიწყე მზადება, ორი სხვადასხვა ქვედაბოლო წავიღე, იქაც რაღაცა ვიყიდე და ნუ, ძააააალიან ვეცადე რომ საოპეროდ გამოვწყობილიყავი. მთელი ჩვენი ჯგუფი როგორ გამოიყურებოდა ამას ოდესმე ცალკე პოსტს მივუძღვნი, თავისი დასურათხატებით, ერთს ვიტყვი მხოლოდ, მთელს ბერლინის ოპერაში მე და სამ 120 წლის მანდილოსანს გვეცვა ცოოოოტათი გამოსასვლელად, ხალხი ბოტასებით, კომბინიზონებით, სამთო ზურგჩანთაზე ჩამოკიდებული ბათინკებით და რა ვიცი კიდე როგორ გამოწყობილი იყო. ხოდა ეს ჩაცმის ამბავი ასე იყო, თვითონ წარმოდგენა მშვენიერი იყო, პირველ მოქმედებაზე, გამოვტყდები და ჩამეძინა. მუსიკის გარდა არაფერი ხდებოდა ჩემთვის გასაგები, მეც ავდექი და მშვენივრად დავტკბი იმ მუსიკით, სკამი იყო ცოტა მოუხერხებელი და ხმელი და ვიწრო კიდე, დავიტანჯე, ფეხები არ მეტეოდა, ჩემს წინ მჯდომს შევუწუხე გული, მის საზურგეზე მუხლებმიბჯენილი ვიტანჯებოდი. თვითონ ოპერის თეატრით დიდად ვერ აღვფრთოვანდი, ბერლინშიც ასე დამემართა, დავიჩემე, ჩვენი სჯობსთქო, მართლა სჯობს. მაგრამ აი, მსახიობები თუ მომღერლები, თუ როგორც არის...კარგია, პროფესიონალური თვალსაზრისით ალბათ ვერც შევადარებ და არც ვცდილობ, ვიზუალს კი, აშკარად ექცევა ყურადღება, რაც ძალიან მომწონს. თბილისის ოპერაში ბოლო ხანებში მხოლოდ ბალეტზე თუ წავიდოდი ხოლმე, მაგრამ ბავშვობაში რაც მახსოვს, კი კარგად მღეროდნენ ალბათ, მაგრამ ვაიმე დედააააა, ოღონდ სცენისკენ არ გამახედო სანახავები იყვნენ. „აბესალომ და ეთერი“ რომ ვნახეთ, ძალიან პატარებიც აღარ ვიყავით, მაგრამ მაინც გაფართოებული თვალებით ვუყურებდით სცენას და ბოლოს, აბესალომის აღსასრულის ეპიზოდში, როდესაც აბესალომმა უკანასკნელად შეხედა ეთერს და განუტევა სული, სრული სიჩუმეა, მუსიკაც წყდება რამდენიმე წამს და უცებ, ჩემი დეიდაშვილის ხმა ისმის, დედა, დედა, ეთერი რო დაინახა გული გაუსკდაო??? არადა, სასაცილოც არ იყო, იმ ეთერის დანახვაზე მე მისკდებოდა გული და ახლა, ახლოდან რა იქნებოდა, ხო წარმომიდგენია.

ხოდა ასე, ხო მეტყობა 140 გვერდი რომ მაქვს წასაკითხი და მერე 450 სიტყვაში განსახილველი, სასურველია „ამ კონკრეტულ სამეცნიერო სფეროში საკუთარი წვლილის შეტანით“?

Monday, February 1, 2010

კარგად დაფიქრდი, ანუკა

საოცარი დღე მაქვს ორშაბათი. ჯერ ყველაფერი იმით იწყება, რომ შაბათ-კვირას ყველა სამეცადინოს და გასართობს და საქმეს ერთად ვახვავებ და მერე მიწევს, ნერვიულობისგან ფილმების ყურება და ღამეების თენება. ორშაბათს დილით 9-ზე მაქვს ლექცია, ნუ ნახევარი საათი უნივერსტეტამდე, ამას დავუმატოთ დილით თავის დაბანა და გამოვიდა 06:30 ჩემი გაღვიძების დრო (ჩემი მელოტი ან თმაგამოხშირული ნაცნობები, პირს და თავს ერთად რომ იბანენ, ნუ შემედავებიან!). ანუ, ღამე ვწვები ასე 4-სკენ და ვცდილობ დავიძინო, მერე 04:30-ზე პირველი ტრამვაის ხმას ვიგებ, მერე ვითვლი დღე-ღამის ამ მონაკვეთში რა სიხშირით დადის ეს ტრამვაი (ხანდახან ნახევარი საათია ზუსტად შუალედი), მერე ვფიქრობ დილით რა ჩავიცვა და მერე მაღვიძარა რეკავს, თუმცა ცოტა ძილსაც ვასწრებ. ნუ, მთელი რიგი რიტუალებისა და მსხვერპლთშეწირვების შემდეგ მივდივარ უნივერსტეტში და წესით უნდა მოვისმინო ჩემი უსაყვარლესი პროფესორის ლექცია კონსტიტუციონალიზმზე, რომელიც უკვე ტრადიციულად მთავრდება ყველა სიტყვაზე ჩემი კომენტარით, ყველა კითხავზე ჩემი პასუხით და საერთოდ აუტანელი ქცევით. ალბათ, ჩემი ჯგუფელები ძააააალიან ვეღარ მიტანენ უკვე მე და ჩემს კონსტიტუციას. ნუ, ეს ლექციაც რომ დამთავრდება როგორც იქნა, მერე იწყება დღის ყველაზე საინტერესო ნაწილი: საღამოს 7-ზე მაქვს გერმანული, მანამდე ერთ-ორი დავალება გასაგზავნი (ეს ამბავი 3-4 საათამდეა მოსაგვარებელი ნიშანი რომ არ დამაკლდეს). ლექციიდან გამოსული ასე ნახევარი საათი ვცდილობ თავს მოვერიო და სკამზე არ დავიძნო, მერე ვცდილობ კააარგად დავფიქრდე ანუკა და გადავწყვიტო სახლში წამოსვლა და საღამოს უკან დაბრუნება თუ ადგილზე დარჩენა სჯობს, მერე გადაწყვეტილება, რომ სახლში თუ მოვედი უკან წასლა დამეზარება და იქ უფრო საქმიანად ვიქნები და ამასობაში ჩემს მეგობრებს უმთავრდებათ ლექცია და მთეეეეელი დღე ილევა მერე.
ხოდა ამდენი იმიტომ ვწერე, რომ მეძინება და შევეცოდო ახლა ვინმეს!!!