Tuesday, January 19, 2010

გაბრიელ გარსია მარკესი

რამ გამახსენა??? ერთ დღეს ვართ დაბადებულები, ახლაც მახსოვს როგორ გამიხარდა ეს რომ აღმოვაჩინე. ერთი უცნაური თვისება აქვს ამ გენიოსს. საერთოდ ხომ გენიოსებს ან აღმერთებენ ან აკნინებენ. აი, მაგალითად, გალაკტიონმა ქართული ენა და პოეზია გააღარიბაო, იმ დღეს წავიკითხე ან რამდენია კიდევ ამის მაგვარი. მარკესი ისეთი ტიპის გენიოსია, ყველა აღმერთებს. ზოგი იმიტომ, რომ მოდაშია, ზოგი იმიტომ, რომ თვისთავადია, ზოგი იმიტომ, რომ ასე გაუგონია სხვისგან, ზოგი იმიტომ, რომ არ ესმის მისი და რაც არ ესმის, ყველაფერი აღმატებული ჰგონია, ზოგს მისი ენა მოსწონს, ზოგს ალეგორიები, ზოგს ეგზოტიკა, სევდა, ზოგიც იმიტომ აღმერთებს, რომ დიდი ხანია მაკონდოში ცხოვრობს და აწვიმს...
ჩემს დროს (მე რევოლუციამდელი ბავშვი ვარ) ჯერ კიდევ ბნელი რომ იყო ქართული საზოგადოება და უნარ-ჩვევები არ გააჩნდა, მისაღებ გამოცდას ვაბარებდით ოთხ საგანში, მათ შორის უცხო ენაში, რომელშიც წერითი და ზეპირი კომპონენტი იყო კომბინირებული და კომისიასთან უნდა გესაუბრა სხვადასხვა ზოგად თემებზე, ერთ-ერთი ლიტერატურაც იყო. გამოცდამდე რამდენიმე კვირით ადრე დეიდაჩემმა ერთ თავის თანამშრომელს სთხოვა ჩემს თავს ვერ ვენდობი და შენც შეეკითხე ერთი-ორი წინადადება ინგლისურადო. ჯერ ხო ეს პროცესი იყო გულისგამაწვრილებელი, ვიღაც ადამიანი მომღიმარი სახით რომ გიყურებს და თან რომ იცი, უნდა გამოგცადოს, მერე საერთოდ ყელში მქონდა ყველა საგანი, ყველას ნერვიულობა (მათ შორის საკუთარიც) და ისეთ კონდენციაზე ვიყავი, To Be ზმნას ვერ ვაუღლებდი, ხოდა დავსხედით ახლა და დაიწყო იმან მოთელვა და მე სლოკინი (ხო ვიცოდი, იმდენი ვეყოლებოდი დეიდაჩემს ნაქები მანამდე, ვკვდებოდი, რამე არ შემეშალოსთქო). მკითხა ერთი-ორი წინადადება, გამესაუბრა ასე ვთქვათ და შენი საყვარელი მწერალი რომელიაო. ერთი უცნაური თვისება მაქვს, კრიტიკულ მომენტებში, გამოცდაზე, მნიშვნელოვან ლექციაზე, წერაზე რამე ზოგადსაკაცობრიო თემის ასოციაცია გამიჩნდება და მერე სულ იმას ვფიქრობ, ახლა ეს გამოცდა რომ არ მქონდეს ამ თემაზე ხომ ვიფიქრედი ან ამ ნაწარმოებს ხომ გადავიკითხავდი ან ევერესტს ხო დავიპყრობდითქო (ზარმაცი ვარ მე, ზარმაცი!!!). თან ეს ცნება „საყვარელი მწერალი" ცოტა არ იყოსდა ბუნდოვანია რამეა ჩემთვის. იმხელა პაუზა გავაკეთე, იფიქრა კლასგარეშე ლიტერატურის კითხვას ალბათ მეხუთე კლასში დაანება თავიო და მოემზადა „კონსტანტინე გამსახურდია „დიდოსტატის მარჯვენა““-პასუხის მოსასმენად. მეც ავდექი და მარკესითქო მეხივით გავისროლე მოკრიალებულ ცაზე. მახსოვს როგორ გადაყლაპა ნერწყვი და მარკესი რატომ მოგწონსო მკითხა. კიდევ ერთი უცნაური თვისება მაქვს, უფრო სწორედ ცუდი ჩვევა. როდესაც ვხვდები, კითხვას კითხვისთვის მისვამენ, პასუხს შესაბამისს ვიძლევი. ვიცი რომ არ უნდა ახლა ამ ადამიანს ლიტერატურაზე საუბარი, ის აინტერესებს სინტაქსურად და გრამატიკულად გამართულ წინადადებას თუ ვიტყვი და ახლა რა მნიშვნელობა აქვს კალე ბობოხიძეს დავუსახელებ თუ გალაკტიონს??? ხოდა ავდექი და მისი წერის სტილი მომწონსთქო. ლათინო-ამერიკელ მწერლებს კიდევ ვის იცნობ და ეცნობიო. ჩემდა სამარცხვინოდ, ვერცერთი გავიხსენე. მოწყალედ გამიღიმა და ეგენი ყველანი ეგრე წერენო ;) ასე დამთავრდა ის გასაუბრება. მაშინვე ვიცოდი რომ მარკესი „ყველანი“-ვით არ წერდა, მაგრამ მას შემდეგ არასოდეს ვამბობ რომ ჩემი საყვარელი მწერალი მარკესია, ჩემთვის, ჩუმად მიყვარს...ეს ამბავი ერთს მოვუყევი და რა მარკესს ეტაკე, დოჩანაშვილი გეთქვაო. უფრო შთამბეჭდავი ან ორიგინალური იქნებოდა ვითომ??? დოჩანაშვილიც ხომ უმრავლესობას იმიტომ უყვარს, რომ წინადადების ლამის ნახევარს გაძლევს, მეორე ნახევარი შენი მისაწერია და ვინც ზმნასაც ვერ სვამს იმ მეორე ნახევარში, მას გონია ავტორმა აქ ყველაზე მაგარი რაც იგულისხმა რომ მე უნდა მეგულისხმა ისაა ჭეშმარიტება და დედა, რა გენიოსია, ეს უნდა იყოს ჩემი საყვარელი მწერალიო.
ხოდა ასე!
ახლა ეს შედარებითი პოლიტიკის 120 ფურცელი რომ მაქვს წასაკითხი და მერე დასაწერი იმიტომ დავიწყე მაღალ მატერიებზე ფიქრი, თორე რამე კი არა...

2 comments:

Anonymous said...

me ar vaRmerTeb markess! ai ase!

Unknown said...

ehhh anuka, ra gogo gagishvit da....

Post a Comment