Friday, November 27, 2009

მოგონებები


რაღაცა ისეთ ხასიათზე მოვედი, ჩემი ზარდახშის გახსნა რომ მინდება ხოლმე და ძვეეელი ამბების ამოლაგება. აუუ, როგორ მიყვარს რაღაცეების გახსენებააა, არ მომბეზრდება თუნდაც ათასჯერ მოვყვე. ეს რამდენიმე დღეა ერთი ამბავი ამეკვიატა. მოკლედ, სახლში ყავა გაგვითავდა და თითქმის მთელი კვირა ყავის გარეშე გავდიოდი სახლიდან, ყოველდღე მავიწყდებოდა ყიდვა, თან, დილით ყავა თუ არ დავლიე ხო გამოთაყვანებული ვარ, ვერაფრით ვერ ვფხიზლდები. ხოდა ყოველ დილით, ნახევრად მძინარე რომ მივბორიალებდი უნივერსტეტისკენ და ყავა მელანდებოდა ხოლმე სულ ამაზე ვფიქრობდი: შარშან აგვისტოს დასაწყისში, სანამ ჯერ კიდევ მშვიდ და დალაგებულ (მეტ-ნაკლებად) ქვეყანაში მეგონა ვცხოვრობდი, სვანეთში წავედით. ეს იყო მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრების ოცნება, მართლა სუნქვა მეკვროდა მთელი გზა სიხარულისგან. რაღცა საოცრებას ველოდი და კიდევ უფრო საოცრება დამხვდა, თავისი ბუნებით, ხალხით, გარემოთი, მოკლედ ყველაფრით. ერთადერთი, სამი დღით ვიყავით და თითქმის ვერაფრის ნახვას ვერ მოვასწრებდით. მესტიაში გავჩერდით, მეორე დღეს უშგულში დავგეგმეთ ასვლა, გზად რამდენიმე სოფელში გავჩერდით და ეგ იყო და ეგ. მეორე დილა ცუდი ამბით დაიწყო, უშგული გზა ჩაკეტილიყო. ისეთი მონდომებულები ვიყავით, დროის ნაკლებობა რომ არ გვქონოდა ნამდვილად ავიდოდით ფეხით და ძალიანაც ვისიამონებდით, მაგრამ... მოკლედ სხვა გზა არ იყო, უშგულს დავემშვიდობეთ (ცრემლი ნერწყვს გადავაყოლე, დავიბოღმე და დავიმუქრე, მაინც ჩამოვალ კიდე და უფრო სერიოზულადთქო) და იქვე გაჩნდა იდეა, ჰადიშში ასვლის. ჰადიშიც ერთ-ერთი უმაღლესი სოფელია ევროპაში, 2040 მეტრზე, თეთნულდის ძირასაა და გარდა იმისა, რომ ძალიან ლამაზია, საინტერესო ისტორიაც აქვს, ცნობილი ჰადიშის ოთხთავი სწორედ ამ სოფელში ინახებოდა დიდი ხნის მანძილზე. მოკლედ, გადაწყდა ჰადიში, გადავუხვიეთ „ცენტრალური“ გზიდან და...ჩვეული სურათი, წვიმის შედეგად ადიდებული მდინარე მოდის იქ, სადაც იდეაში სამანქანო გზა უნდა იყოს სოფლამდე. ტრანსპორტით გადასვლის შანსი არ გვაქვს, ჩამოვქვეითდით, გადავლახეთ მდინარის ერთი მონაკვეთი, ავღოღდით მთაზე და ბევრი ვიარეთ თუ ცოტა ამ უგზოობაში დავდექით უკვე გაშლილ სწორ გზაზე, სადღაც წინ სოფელია. მოკლედ, ასე ექვსი კილომეტრი უნდა გვევლო, გზა სწორია, ოდნავ შეღმართი, დიდი არაფერი სირთულე, მაგრამ გარშემო სიცოცხლის ნიშანწყალი არ არის, სათიბები, სათიბები, სათიბები. ცხოველიც კი არ შეგვხვედრია! ყველაზე წინ მივდივარ, მერე რამდენიმე ადამიანი დამეწია და მივდივართ, აღარ დამთავრდა აღარასოდეს ეს გზა. უკვე საათის მიხედვით მისულები უნდა ვიყოთ, მაგრამ სოფელი და ადამიანი კი არა, სათიბებიც აღარ ჩანს, ერთადერთი, რაც გვამშვიდებს ის არის, რომ გზიდან გადახვევის თეორიული შანსიც კი არ გვქონდა ანუ სწორ გზას ვადგავართ და ბოძები (აი, ყველა სოფელში რომ არის, დიდი, რკინის ბოძები, არ ვიცი ელექტროენერგიისაა თუ რისი), ლოგიკურად, სანამ ეს ბოძები არის, სოფლის არსებობის იმედიც არის! ერთი პერიოდი ისიც კი ვიფიქრეთ, იქნებადა უკვე გადავედით საზღვარზე და ახლა თუ დაგვადგა ვინმე ცხენიანი ყაბარდოელი და წაგვასხა შინ ცხვრებივითთქო. ამაზე დიდხანს ვიცინოდით, ბოლოს იმდენი ვილაპარაკეთ, მგონი გულის სიღრმეში ყველას გვქონდა ეჭვი რომ საზღვარი გადაკვეთილი გვქონდა. მოკლედ, მივდივართ უგზოდ და უიმედოდ, უკვე ვნერვიულობთ, იმიტომ რომ იგივე გზა უკანაც გვაქვს გასავლელი, მესტიაში ვართ დასაბრუნებლები, მძღოლი მარტო გვყავს დატოვებული სადღაც გზისა და მდინარის შესაყართან. ბოლოს შაკომ გადაწყვიტა, აი ეს აღმართიც გადავიაროთ და მივბრუნდეთ, აზრი აღარ აქვს მეტ სიარულს, ვერ მოვასწრებთო. ყველაზე მწარე ასეთი გადაწყვეტილების მიღებაა. ყველაფრისთვის მზად რომ ხარ, უდიდესი ენერგია რომ დახარჯე და უცებ, უარი რომ უნდა თქვა, რომ უნდა დანებდე. ყველამ იმედის თვალით შევხედეთ ბოლო აღმართს, ავიარეთ და...ჯერ თეთნულდმა მომტაცა თვალი და მის ძირას შეყუჟულმა სოფელმა!!! რაღაცა არააამიანური სიხარული იყო. მანქანით ის გზა არაფერია, ვერც მიხვდები ისე მიხვალ ჰადიშში, ერთი ჩვეულებრივი სოფელი გეგონება ალბათ, მაგრამ მთელი ეს უმკაცრესი და უკაცრიელი გზა ფეხით, უიმედოდ რომ მიდიხარ, ამ სოფლის დანახვა რაღაცა ათასმაგი დატვირთვის მატარებელი ხდება. არ დავიწყებ იმაზე ლაპარაკს, როგორი სოფელია, რა მომეწონა, აზრი არ აქვს. სვანეთი - ჩემთვის უკვე ყველაფერს აღმატებულ ხარისხში აყენებს, შესაბამისად, ულამაზესი, უკარგესი, უმშვენიერესი...საოცრება. უკვე სიცოცხლის ნიშან-წყალი, პირველი ძროხა დავინახეთ, რამდენიმე ნაბიჯში ძაღლმაც შემოგვიყეფა, მერე ადამიანებიც გამოჩნდნენ, გველოდებოდნენ, წამოსვლამდე მუზეუმიდან დარეკეს სოფელში, იცოდნენ, რომ ეკლესია და ჰადიშის ოთხთავის კოშკი გვაინტერესებდა. ჩვეულებრივი, ალალი, სვანური სტუმართმოყვარეობით შეგვხვდნენ, დაგვათვალიერებინეს (სვანურ ეკლესიებზე და საერთოდ იმ საოცრებაზე, რაც იქ ვნახე, ლაპარაკი არ შემიძლია, ოდესმე, შესაფერი სიტყვები თუ მოვძებნე, დავწერ რამეს), კარტოფილიანი პურები დაგვიცხვეს, რახი დაგვალევინეს, კომპოტი გაგვიხსნეს, უგზოობაზე დაიჩივლეს, სევდიანად გაგვიღიმეს... პატარა სკამი იდგა ეზოში, სკამზე სინით იდო საჭმელი, ნამგზავრები ხართო, უბრალოდ შემოგვთავაზეს, სამზარეულოში დიასახლისი ფუსფუსებდა, ჩვენ დამშეული ველურებივით მუსრს ვავლებდით მათ ვინიცისრამდენხანსსამყოფ სანოვაგეს. მე თეთნულდს ვუყურებდი, ჩემს პირდაპირ ზუკა იდგა, ყველს და პურს ჭამდა და უცებ დავინახე, როგორ გაუფართოვდა თვალები და რაღაცა არაადამიანური განცდა აღებეჭდა სახეზე. ლუკმა გაუშეშდა, გაქვავდა, თვალები დაქაჩა. მის სახეზე წაკითხული ემოცია იმხელა იყო, დავიზაფრე, ნელა მოვტრიალდი და....ჩემს სახეზე რა წაიკითხეს აღარ ვიცი უკვე, იმიტომ რომ 2040 მეტრის სიმაღლეზე, რამდენიმე საათი უკაცრიელ გზაზე სიარულის შემდეგ, დაღლილ-დაქანცულებს, ძალაგამოცლილებს, სხვა სამყაროში გადასულებს, სხვა საუკუნეში გადასულებს, დიასახლისმა ნალექიანი ყავა მოგვართვა.....

მასპინძლები დავლოცეთ, არ ვიცი რახით, არ ვიცი ემოციებით დავთვერით...უკვე ბინდი იყო რომ წამოვედით, არავის დავლოდებივარ, სულ მარტომ ვიარე მთელი გზა, არც საცალფეხო ბილიკების შემშინებია, არც ადიდებული მდინარის, არც უკაცრიელი ადგილების...

P.S. ჰადიშში 45 კოშკია, ვიკიპედიის მონაცემებით 2002 წელს აქ 60 ადამიანი ცხოვრობდა, შარშან მასპინძელმა გვითხრა 8 ოჯახიღა დავრჩით (დაახლოებით 40 კაცი), მაგრამ მალე ბავშვს სკოლაში უწევს წასვლა და მომიწევს მეც გარდაბანში გადასვლაო....

0 comments:

Post a Comment