Wednesday, April 7, 2010

მწვანე ორბიტი


რა უცნაურია, მაგიდაზე მწვანე ორბიტის ნახევრად სავსე შეკვრა დევს, აი, შიგნიდან ფოლგის ქაღალდში რომაა გახვეული და ზემოდან მწვანეა, ისეთი. რამდენიმე დღის წინ „ბარემ“ ვიყიდე მარკეტში. რომელიც ხელში მომხვდა ის ავიღე. ორბიტს არ ვღეჭავ, და ასეთი შეკვრის საღეჭ რეზინებს არ ვყიდულობ არასოდეს. ამიტომაცაა, ჩემი საწერი მაგიდის ქაოსში ჩაკარგული ეს სიმწვანე მაფიქრებს მთელი დღეა. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს რაღაც მირღვევს 13 კვ. მეტრის მყუდროებას. ხან მგონია, რომ ვიღაც კიდევაა ჩემს გარდა ოთახში, ხანაც მგონია სახლში კი არა, სტუმრად ვარ. მიუხედავად ამ სრული ქაოსისა, ყველა ნივთი ნაცნობი და ჩემია და ზუსტადაც იქ და ისე უადგილოდ უნდა იდოს, როგორც დევს, აი, ეს მწვანე ორბიტი კი...ასეა, ყველაფერში ასეა, ყველაფერს ან ვეჩვევი, ან ვერ ვეჩვევი და ნაჭუჭში ვემალები ეკლებით ვიგერიებ. ამიტომაა ყველაფერი... არა, ერთფეროვანიათქო ვერ ვიტყვი, მაგრამ სულ ჩემია, სულ შიგნითაა, სულ შეჩვეულია, შინაგანი „მე“-სთვის არაა ახალი იმიტომ რო ყველაფერი ახალი და ყველაფერი განსხვავებული ამ მწვანე ორბიტივითაა...

0 comments:

Post a Comment