Sunday, March 14, 2010

იმედ-გაცრუება


რამდენი ხანია ვცდილობ აქ, ამ სივრცეშ მაინც ავიცილო თავიდან პოლიტიკა, გარკვეულწილად რეალობაც, რაღაც გამოგონილი, ლამაზი სამყარო შევქმენი თითქოს და ათას სისულელეს ვყვები, ხანდახან სევდიანიც კი ვარ, მაგრამ მაინც რეალობას მოწყვეტილი.
დღეს ვერ ვჩერდები, იმიტომ რომ დავიღალე სოციალურ ქსელში ფეთიანივით კომენტარების თვალის დევნებით, ვეღარ აუვედი ყველა აზრზე პასუხის გაცემას. გადავწყვიტე დავწერო.
უკვე ბევრმა ჩემმა მეგობარმა დაწერა ამის შესახებ, მეც ვეცდები ვიყო კორექტული და მთელი ბოღმა და ბრაზი არ გადმოვანთხიო.
აღვშფოთდი ტელეკომპანია 'იმედის' საქციელსა და ამ საქციელის ქვეტექსტზე. მაგრამ ახლა ქვეტექსტებს მოვეშვები და საქციელზე გავამახვილებ ყურადღებას. სადღაც მივაწერე და ვიმეორებ, რომ ყველა ნორმა, რომელზეც კი ფიქრი შემიძლია, დარღვეულია. გამიჩნდა დაუძლეველი პროტესტის გრძნობა, ძალიან მომინდა დამეწერა სარჩელი და რაღაცით მაინც დამეცვა ჩემი უფლება, უფლება იმისა, რომ არ ვიყო დეზინფორმირებული, არ მომაყენონ ფსიქოლოგიური ტრავმა, არ ვიცხოვრო მუდმივი შიშის ქვეშ.
თავიდან მხოლოდ 'იმედზე' გავბრაზდი, საზოგადოებაზე აღშფოთება 'მეორე სერია'-მ გამოიწვია:
სამწუხარდო, ჩვენ ვერ ვაცნობიერებთ, რომ ტრავმირებული საზოგადოება ვართ, ყველა გაგებით, ყველა ასპექტით, თუნდაც მხოლოდ თითოეული იმ მოვლენით ცალ-ცალკე, რისმა განცდამაც მოგვიწია. ასეთ საზოგადოებას სხვა თამაშის წესები აქვს, ასეთი საზოგადოება სხვანაირად ცხოვრობს. ჩვენი ტკივილის გარდა, ჩვენ იმ ხალხის ტკივილს ვერ თუ არ ვხედავთ, ვინც ომის საშინელება საკუთარ თავზე გადაიტანა, ვინც ყველა ჭიაკოკონობაზე საკუთარი სახლის ფერფლს ხედავს აბრდღვიალებულ ალში, შუშხუნების ხმაზე ჭურვები უფეთქდება თვალწინ...სანამ ამ ტკივილებს არ დავინახავთ, მანამდე დავრჩებით შეუმდგარ ერად, შეუმდგარ საზოგადოებად, შეუმდგარ ხალხად...სამწუხაროდ...ასე ვერ ვხედავთ ერთმანეთის სულს, ადამიანობაზე თუ ვისაუბრებთ, ხოლო არ ვიცავთ ერთმანეთის უფლებებს, თუ მაინცდამაინც ახლადდამკვიდრებულ რელიგიაზე და 'სამოქალაქო საზოგადოებაზე' გნებავთ სჯა-ბაასი. თავმოყვარე ადამიანი ამ საღამოს განვითარებულ მოვლენებს არ მოითმენდა, შეურაცხყოფილად იგრძნობდა თავს, პროტესტის გამოხატვის სურვილი გაუჩნდებოდა, მაგრამ ეს ის საზოგადოებაა, სადაც სრულიად უდანაშაულო ახალგაზრდა ბიჭის სიკვდილი სანამ აღგვაშფოთებს, პოლიტიკურ ელიტას ვუსმენთ გულმოდგინედ, სადაც რუსეთის აგენტების თემა ამოუწურავია, სადაც რელიგია და პატრიარქის გაღმერთება მოდური, ხოლო მისი გმობა - ულტრათანამედროვე ტენდენციაა, სადაც პრეტენზია აქვთ ცხოვრების პოლიტიზირებულობაზე და თავად მოსაუბრის ჯერ პოლიტიკური პლატფორმით ინტერესდებიან და შემდეგ აზრებით, სადაც შეიძლება გაიგონო, რომ ეს სიუჟეტი კარგი ან ცუდი ხუმრობა იყო ან საკნებში მყოფი ადამიანები 'სუნიანები' არიან, სადაც შრომისგან დაკოჟრილი ხელები გოიმობაა და ფეისბუქზე საოცარი იდეების ფრქვევა - პროგრესულობა.
დინების საწინააღმდეგოდ ცურვა აპრიორი გმირობა, თანამედროვე და პროგრესული აზროვნება არ არის, ძვირფასებო, გონება იმიტომ მოგვანიჭა ღმერთმა და განგებამ ან იმ ძალამ რომელსაც თქვენ აღიარებთ, რომ კეთილი ბოროტისაგან განვასხვავოთ და დინებასაც კარგად დავაკვირდეთ,იქნებ მისი მიმართულებით იმიტომ ცურავს უმრავლესობა, რომ ეს მარტივი ჭეშმარიტებაა...
ამას თუ ვინმე კითხულობთ, მაპატიეთ აღელვებისთვის (ეს რა არის, კიდევ კარგი მაშინვე არ დავწერე რასაც ვფიქრობდი), ცოტა არ იყოს და დიდაქტიკური ტონისთვის და საერთოდ, კრიტიკისთვის, იქნებ მართლებიც ხართ და თქვენ თუ სიუჟეტი არ გინახავთ ან იცოდით რომ ინსცენირებული იყო, მაშინ არც უნდა შეიწუხოთ თავი...

6 comments:

salome said...

კლასიკა იდიოტიზმშიც არსებობს და მის უარყოფას სულ არ მივყავართ პროგრესიამდე და კიდევ ლუზერებზე არ კაიფობენ. გეთანხმები 100%-ით

S.G

ანუკა said...

ვაიმე, გამისკდა გული :((( ვეთანხმოთ ასე ერთმანეთს და ვიყოთ და ამ იდიოტებს კი სძინავთ ტკბილი სიზმრებით :(((

salome said...

მე თუ კი რაიმე ამინდის შეცვლა შემიძლია, კი ვიყეფე გუშინ საკმაოდ. ვხვდები, არ არის საკმარისი, მარა იმას ვერ ვხდები, ჩემდა სამწუხაროდ, სხვა რა შემიძლია და ამ ჩემ პოლიტიკურ იმპოტენციას სულ გადავყავარ ჭკუიდან :(

S.G.

ანუკა said...

ხო, მაგრამ დიდი ხანია იმ დასკვნამდე მივედი, რომ ხელი თუ ჩაიქნიე, საერთოდ არაფერი გამოვა და მაინც ბოლომდე არ უნდა შევეგუო უსამართლობას, უკანონობას, უზნეობას. მორალურად უფრო მართალი ვიქნები, სხვა თუ არაფერი, განადგურებული, მაგრამ მართალი :))))))))

fiamifero said...

ვაიმე ანნა!!
დივანზე წამოწექი და წაუძინე რა

ანუკა said...

ჩემო ნინო, ყველა რომ დივანზე წამოწვა და წაუძინა, ადგილი აღარაა მაგ დივნაზე, არა :))))

Post a Comment