Tuesday, February 2, 2010

ტოსკა


ოპერების დიდი მოყვარული ვერ ვარ. ვაფასებ, პატივს ვცემ, მაგრამ თქვენ უსმინეთ, მე არ მინდა, იყოს. თუმცა მაინც დავივარ ხოლმე ოპერაში, შიგადაშიგ. დღეს პუჩინის „ტოსკა“ იყო ბუდაპეშტის ოპერაში, უნივერსტეტმა ბილეთის ფასის ნაწილი დააფინანსა თუ რაღაცა ამდაგვარი და მოკლედ, წავედით ამ შენს ოპერაში. რაც მთავარია, სამი ლექცია მქონდა მანამდე, გარეთ თოვლია და ყინავდა და ანუ უნივერსტეტში კაბით ვერ წავიდოდი და სახლში მოსვლასაც აღარ ქონდა აზრი. ისევ ოპერა დაიჩაგრა, ლამაზი შარფი კი მქონდა ამაყად მოხვეული, მაგრამ სპორტული ფეხსაცმელი, ჭრელი წინდები და მოკლე შარვალი მეცვა :) მგონი არლეკინს ვგავდი :) თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ თავი უხერხულად სულაც არ მიგძვნია, არ იყო ახლა დიდი გადაპრანჭული ამბავი. რა გასაკვირია, შარშან გერმანიაში რომ მივდიოდი და პროგრამა გამომიგზავნეს, ერთ-ერთ ღონისძიებად ბერლინის ოპერაში „სევილიელი დალაქი“-ს ნახვა ეწერა. ნუ, თბილისიდან დავიწყე მზადება, ორი სხვადასხვა ქვედაბოლო წავიღე, იქაც რაღაცა ვიყიდე და ნუ, ძააააალიან ვეცადე რომ საოპეროდ გამოვწყობილიყავი. მთელი ჩვენი ჯგუფი როგორ გამოიყურებოდა ამას ოდესმე ცალკე პოსტს მივუძღვნი, თავისი დასურათხატებით, ერთს ვიტყვი მხოლოდ, მთელს ბერლინის ოპერაში მე და სამ 120 წლის მანდილოსანს გვეცვა ცოოოოტათი გამოსასვლელად, ხალხი ბოტასებით, კომბინიზონებით, სამთო ზურგჩანთაზე ჩამოკიდებული ბათინკებით და რა ვიცი კიდე როგორ გამოწყობილი იყო. ხოდა ეს ჩაცმის ამბავი ასე იყო, თვითონ წარმოდგენა მშვენიერი იყო, პირველ მოქმედებაზე, გამოვტყდები და ჩამეძინა. მუსიკის გარდა არაფერი ხდებოდა ჩემთვის გასაგები, მეც ავდექი და მშვენივრად დავტკბი იმ მუსიკით, სკამი იყო ცოტა მოუხერხებელი და ხმელი და ვიწრო კიდე, დავიტანჯე, ფეხები არ მეტეოდა, ჩემს წინ მჯდომს შევუწუხე გული, მის საზურგეზე მუხლებმიბჯენილი ვიტანჯებოდი. თვითონ ოპერის თეატრით დიდად ვერ აღვფრთოვანდი, ბერლინშიც ასე დამემართა, დავიჩემე, ჩვენი სჯობსთქო, მართლა სჯობს. მაგრამ აი, მსახიობები თუ მომღერლები, თუ როგორც არის...კარგია, პროფესიონალური თვალსაზრისით ალბათ ვერც შევადარებ და არც ვცდილობ, ვიზუალს კი, აშკარად ექცევა ყურადღება, რაც ძალიან მომწონს. თბილისის ოპერაში ბოლო ხანებში მხოლოდ ბალეტზე თუ წავიდოდი ხოლმე, მაგრამ ბავშვობაში რაც მახსოვს, კი კარგად მღეროდნენ ალბათ, მაგრამ ვაიმე დედააააა, ოღონდ სცენისკენ არ გამახედო სანახავები იყვნენ. „აბესალომ და ეთერი“ რომ ვნახეთ, ძალიან პატარებიც აღარ ვიყავით, მაგრამ მაინც გაფართოებული თვალებით ვუყურებდით სცენას და ბოლოს, აბესალომის აღსასრულის ეპიზოდში, როდესაც აბესალომმა უკანასკნელად შეხედა ეთერს და განუტევა სული, სრული სიჩუმეა, მუსიკაც წყდება რამდენიმე წამს და უცებ, ჩემი დეიდაშვილის ხმა ისმის, დედა, დედა, ეთერი რო დაინახა გული გაუსკდაო??? არადა, სასაცილოც არ იყო, იმ ეთერის დანახვაზე მე მისკდებოდა გული და ახლა, ახლოდან რა იქნებოდა, ხო წარმომიდგენია.

ხოდა ასე, ხო მეტყობა 140 გვერდი რომ მაქვს წასაკითხი და მერე 450 სიტყვაში განსახილველი, სასურველია „ამ კონკრეტულ სამეცნიერო სფეროში საკუთარი წვლილის შეტანით“?

2 comments:

Katiée.Ge said...

აჰაჰაჰაა
ძალიან გამაცინე
ჩემი მოგონებებიც თითქმის ანალოგიურია "აბესალომსა და ეთერი"–ზე. მე მგონი ეგ იყო ბოლო საოპერო სპექტაკლი, რაც ჩვენთან ვნახე. კოსტიუმებს სულ ბდღვერი გასდიოდა , ისე, რომ კარგა ხანს მეგონა, რაიმე ფანტასტიური სიუჟეტი დაუმატეს და ჯადო იყო, სინამდვილეში კი სულ რაღაც მტვერი, ფენა–ფენა დადებული მტვერი საკუჭნაოსი :)))
და რაც მთავარია მართლაც, 120 წლის აბესალომი და 150–ის ეთერი :((
აბა, ვინც კარგი და ახალგაზრდა იყო გაიკრიფა ვენაში თუ ლასკალაში...

ანუკა said...

:))) მძიმე ბავშვობა გვქონდა, მძიმე :))

Post a Comment